ამერიკული საგარეო პოლიტიკა

0 კომენტარი

ღმერთი განსაკუთრებით მფარველობს მთვრალებს, გიჟებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, – თქვა ბისმარკმა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წარმატების ასახსნელად მას ზებუნებრივი ძალის ხსენება მოუხდა. ბისმარკის შემდეგ მრავალმა ათწლეულმა განვლო, საერთაშორისო ურთიერთობებში არაერთი ახალი თეორია შეიქმნა, თუმცა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიღწევათა ახსნა სულაც არ გაადვილებულა. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საგარეო პოლიტიკის შესახებ დებატები კიდევ ერთხელ გააქტიურდა.

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამ და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ ობამას გადაწყვეტილებამ, საგარეო პოლიტიკის შესახებ დებატები კიდევ უფრო გაამძაფრა.

ობამას ნაბიჯი, ბევრმა სტრატეგიული უკანდახევის პოლიტიკის დასაწყისად აღიქვა. მოახლოებულმა არჩევნებმა კი ფასეულობათა და პრიორიტეტების გადახედვის წინაპირობა შექმნა.

2010 წლის კონგრესის არჩევნებმა საგარეო პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა უკვე იქონია – თუმცა არც ისე დიდი, როგორც ამას ბევრი მოელოდა. საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტია. შესაბამისად, კონგრესს ამ პოლიტიკის შეცვლის თითქმის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნები საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობისას, მსოფლიოში თეთრი სახლის პოზიციის შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანია. თითქმის ყველა სტრატეგიულ ფრონტზე აშშ-ის ძლიერება ეჭვქვეშ დადგა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან აღმოსავლეთ ევროპამდე ამერიკის მოკავშირე ქვეყნები თავს საფრთხეში გრძნობენ. ამის მიზეზი მათ გარშემო არსებული რევიზიონისტული ქვეყნებია, რომლებიც გავლენის სფეროების გადანაწილებას და სახელმწიფოთაშორისი საზღვრების გადახედვას ცდილობენ. ასეთი სახელმწიფოების რაოდენობა კი არცთუ ისე მცირეა: აზიაში ჩინეთი ტაივანს და ვიეტნამს უქმნის საფრთხეს; ახლო აღმოსავლეთში ირანი და არაბული ქვეყნები ისრაელის ყოფნა-არ ყოფნის საკითხზე მსჯელობენ; აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში კი რუსეთს, სამხედრო ძალის გამოყენებით, მსოფლიო რუკის შეცვლა განუზრახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები ერთმანეთს ნაკლებად ჰგვანან, მათ ერთი საერთო აქვთ; აშშ-ის პარტნიორი ერთი მცირე ქვეყანა, რევიზიონისტული სახელმწიფოების მხრიდან საფრთხეშია. სტრატეგიულ პერიფერიებზე არსებული რევიზიონისტული სახელმწიფოები, აშშ-ის დაკნინების შესახებ უკვე დიდი ხნის არსებულ ჰიპოთეზას მუდმივად ამოწმებენ. ისინი აშშ-ის მოკავშირისთვის სხვადასხვა საფრთხის შექმნით, ვაშინგტონის რეაქციას ცდიან. დაგვიანება ან სუსტი რეაქცია მათ მეტ სითამამეს მატებს, აშშ-ის ტრადიციულ მოკავშირეებს კი საგონებელში აგდებს.

ამ გამოწვევებზე რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს განსხვავებული პასუხი აქვთ. ობამას საგარეო პოლიტიკისთვის ნაკლები ყურადღების მიქცევისთვის ხშირად აკრიტიკებენ. დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, ის აშშ-ის მოდელად ევროპას განიხილავს. შესაბამისად, პრიორიტეტული შიდა პოლიტიკაა, საგარეო პოლიტიკაში კი ნაკლები აქტიურობა იგრძნობა. არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი შიდა პოლიტიკაზე გაკეთდება, თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ეს საგარეო პოლიტიკის იგნორირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ძველი კონტინენტის მოდელის გადმოღება ევროპის ზომის მთავრობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სამთავრობო ხარჯები იზრდება. აქტუალურია სოციალური დახმარებები და სოციალიზებული ჯანდაცვა, რაც ევროპეიზაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროპეიზაცია აშშ-ის განსაკუთრებულობაზე უარის თქმა და მიზანმიმართული დაკნინების პროცესია. მზარდი სოციალური ხარჯები, რომელიც ევროპის ქვეყნების მსგავს, კეთილდღეობის სახელმწიფოდ ქცევას ახლავს, სამხედრო ხარჯვის შემცირებით (რომელიც მშპ-ს მხოლოდ 5%-ს შეადგენს) უნდა მოხდეს. რესპუბლიკელები ამ მიდგომას ნაივურს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ს არ აქვს ფუფუნება ევროპული ქვეყნების მსგავსად მოიქცეს. სწორედ ის არის დასავლური სამყაროს უსაფრთხოების გარანტი და ევროპაში შემცირებული სამხედრო ხარჯვაც მისი დამსახურებაა. რესპუბლიკელების აზრით, ამერიკის ევროპეიზაციაზე მიმართული ობამას პოლიტიკა, როგორც აშშ-ს, ისე მთლიანად დასავლეთ სამყაროს უსაფრთხოებას მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აქცევს.

აღნიშნულ გამოწვევებზე პასუხს აშშ 2012 წლის არჩევნების შემდეგ გასცემს. თუმცა მანამდე ორივე პარტიას მოუწევს გადაწყვიტოს, თუ რა ხედვა აქვთ საგარეო პოლიტიკის კუთხით. ამის ერთადერთი საშუალება კი პრაიმერია.

ობამას საგარეო პოლიტიკის ალტერნატივას, ამომრჩეველს რესპუბლიკელები სთავაზობენ. თუმცა ერთიანი ხედვა არც მათ გააჩნიათ. რესპუბლიკურ პარტიაში განსაკუთრებით ძლიერი კონსერვატიული ინტერვენციონიზმი, იგივე ნეოკონსერვატიზმია.

ნეოკონსერვატიულ პოლიტიკას ისტორიული საფუძველი გააჩნია. ის ფასეულობებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. აქტიური საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ორის სინთეზს წარმოადგენს. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია დემოკრატიის ექსპორტი, ხოლო მეორე მხრივ – სავაჭრო ინტერესი.

თომას ჯეფერსონის აზრით, აშშ თავისუფლების იმპერია უნდა ყოფილიყო, რომელიც, ლინკოლნის სიტყვებით რომ ვთქვათ, „დედამიწაზე ადამიანის უკანასკნელი იმედი” იქნებოდა. ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდამ ტერიტორიისთვის იბრძოდნენ, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ბედნიერება იყო. აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, თავის ანდერძში ამერიკელებს საგარეო პოლიტიკაში მორალის გამოყენებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ისინი სამართლიანად უნდა მოექცნენ ყველა ერს – არ უნდა გაიჩინონ მუდმივი მეგობრები ან მუდმივი მტრები, რადგან ასეთ შემთხვევაში, აშშ-ს არასაჭირო ომებში მოუწევს ჩართვა. ვაშინგტონი, განსაკუთრებით, ევროპულ ქვეყნებთან უსარგებლო კავშირისგან თავის არიდებაზე მიუთითებს. ამერიკულ ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის ნათელი მაგალითი რონალდ რეიგანის პოლიტიკაა, რომლის მთავარი მიზანიც „ბოროტების იმპერიასთან” ბრძოლა გახლდათ. ჯორჯ ბუშის დოქტრინა კი, ბოროტების ღერძის წინააღმდეგ ომს და მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებდა.

დემოკრატიის ექსპორტი მეორე არანაკლებ მნიშვნელოვან ინტერესს, ვაჭრობას უწყობდა ხელს. თავისი არსებობის პირველ ეტაპზეც კი, აშშ-ის ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული. კომერციული რესპუბლიკა კი ავტარქიული ვერასდროს იქნება. ამერიკელი ფერმერების და მრეწველების მოგება ევროპულ და აზიურ ბაზრებს ეფუძნებოდა. ამერიკის სამხედრო გემები სავაჭრო გემების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

საგარეო პოლიტიკის ასეთ ხედვას, წარსულში დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრიც იზიარებდა. ამის ნათელი მაგალითი პრეზიდენტი კენედია. ის საგარეო პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად „თავისუფლების წარმატებას” ასახელებდა: „დაე, ყველა ერმა იცოდეს, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის კარგის მსურველია თუ ავის, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ფასი გადავიხადოთ, ნებისმიერი სიძნელე დავძლიოთ, ნებისმიერი დაბრკოლება გადავლახოთ, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დავუპირისპირდეთ, ყველა მეგობარი დავიცვათ, რათა თავისუფლების გადარჩენასა და მის წარმატებაში დავრწმუნდეთ”. თუმცა ასეთი ხედვის დემოკრატების რაოდენობა დღეს ძალიან მცირეა.
კონსერვატორ ინტერვენციონისტებს 2012 წლის არჩევნებზე ტიმ პოლენტი, მიშელ ბაკმანი და მიტ რუმნი წარმოადგენენ.

რესპუბლიკური პარტიის ახლად წარმოქმნილი ჩაის წვეულების ფრთა, ამომრჩეველს სხვაგვარ საგარეო პოლიტიკას ჰპირდება. ჩაის წვეულების წევრებისთვის პრიორიტეტული, სახელმწიფო ხარჯების შემცირება და ამით ბიუჯეტის დაბალანსებაა. შესაბამისად, წევრების ერთი ნაწილი იზოლაციონისტურ პოლიტიკას ემხრობა. ლიბერტარიანური იზოლაციონიზმი, რაც აშშ-ის საერთაშორისო არენაზე მხოლოდ ვაჭრობაში ჩართვას გულისხმობს, დიდი ისტორიული ტრადიციის მატარებელია. ის აშშ-ის დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით მორალურ უპირატესობას ეფუძნება. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა აშშ-ში კორუფციას წარმოქმნის. წარსულში იზოლაციონისტული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ნიშნად მონროს დოქტრინა ითვლება. ამ დოქტრინის პრეზიდენტმა ჯეიმს მონრომ გამოაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებდა, ევროპული ქვეყნების მიერ დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული, ახლად გამოცხადებული სახელმწიფოების დაპყრობას. ის მსოფლიოს ამ ნაწილში, ევროპული ქვეყნების აქტიურობას აშშ-ის საფრთხედ აღიქვამდა. დღეს ლიბერტარიანური იზოლაციონიზმი, მორალურ საფუძველთან ერთად, სახელმწიფო ხარჯების შემცირების პრაგმატულ მიზეზს ეფუძნება. ამ თეორიის კრიტიკოსები თვლიან, რომ გლობალიზაციის ეპოქის დადგომასთან ერთად იზოლაციონიზმის პოლიტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია. მით უფრო მაშინ, როცა აშშ მსოფლიოს ლიდერია და მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე თავისი არსებობის დასაწყისში.

იზოლაციონიზმის მომხრეები დემოკრატიულ პარტიაშიც მრავლად არიან. თუმცა ისინი თავიანთ მოსაზრებას სრულიად სხვა არგუმენტებზე აფუძნებენ. თუ მემარჯვენე იზოლაციონიზმის საფუძველი აშშ-ის მორალური აღმატებულებისა და აქედან გამომდინარე – თვითკმარობის რწმენაა, მემარცხენე იზოლაციონიზმი საკუთარ ქვეყანას ჩაგვრასა და ექსპლუატაციაზე დაფუძნებულად მიიჩნევს. მათ მიაჩნიათ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებას წარმოადგენს, რომ მსოფლიოში უსამართლობის შესამცირებლად შეერთებულმა შტატებმა სხვა ქვეყნებს თავი უნდა დაანებოს და საკუთარ პრობლემებს მიხედოს. ამ ფრთის წარმომადგენლები განსაკუთრებული მხარდაჭერით ანტიკაპიტალისტებს, ფემინისტებსა და მწვანეებს შორის სარგებლობენ. ფართო მასებში მათდამი ნდობა ძალიან მცირეა.

მემარცხენე იზოლაციონიზმი დემოკრატიულ პარტიაში მარგინალიზებულია და საგარეო ურთიერთობის წამყვან ტრენდად ლიბერალური ინტერნაციონალიზმი ითვლება. ამ მიდგომის მომხრე დემოკრატები ფიქრობენ, რომ აშშ თავის შიდა პოლიტიკაზე უნდა იყოს კონცენტრირებული, საგარეო ასპარეზზე კი მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით მოქმედებდეს. დემოკრატების აზრით, აშშ-ის „ქედმაღლობა” და გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება, მის მოქმედებებს ლეგიტიმურობას და ეფექტს უკარგავს. თეთრი სახლი საკუთარ სიძლიერეს იყენებს და გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნებთან შეუთანხმებლად იღებს. ამის მაგალითად ხშირად ერაყის ომი მოჰყავთ ხოლმე. ამ ომზე გაეროს მანდატი არ გაცემულა, რასაც ლიბერალი ინტერნაციონალისტები ომის არდაწყებისთვის საკმარის მიზეზად მიიჩნევენ. საპირისპიროდ, ლიბიაში ინტერვენციის დროს, ობამამ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის გადაწყვეტილება კონგრესთან არ შეათანხმა და გაეროს მანდატს დაეყრდნო. ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიც ერთა ლიგა იყო და ამჟამად გაეროა, მრავალჯერ გაუცრუეს იმედი ლიბერალ ინტერნაციონალისტებს, თუმცა მათში ოპტიმიზმი მაინც არ ჩამკვდარა. კრიტიკოსების აზრით, ლიბერალური ინტერნაციონალიზმი იზოლაციონიზმის შენიღბული, ზომიერი ვარიანტია. დემოკრატიული პარტიის ამ ფრთას არჩევნებზე ბარაკ ობამა წარმოადგენს.

დემოკრატიული პარტიის შიგნით კიდევ ერთი საგარეო პოლიტიკური მიმდინარეობა – რესპუბლიკური პარტიიდან მიგრირებული რეალისტების ჯგუფია. რეალიზმის სკოლის მიხედვით, მორალის ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის, მთავარი ეროვნული ინტერესი და ძალის პოლიტიკაა. თუმცა თანამედროვე ამერიკელი რეალისტები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ამ სკოლის ძველი წარმომადგენლებისაგან. ისინი არა ძალისმიერ პოლიტიკას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის მეტ აქტიურობას ლობირებენ. მათი აზრით, აშშ დაკნინების ფაზაშია და ძალისმიერი პოლიტიკით ვერაფერს შეცვლის. განსხვავებულია დღევანდელი რეალისტების ხედვა მსოფლიოზეც: საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ დამახასიათებელ თვისებად, ისინი არა ძალისმიერ პოლიტიკას, არამედ ეკონომიკურ თანამშრომლობას ხედავენ. თანამედროვე რეალისტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთი და რუსეთი არასდროს ეცდებიან აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები ეჭვქვეშ დააყენონ, რადგან მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ეკონომიკური განვითარებაა. და თუ ხანდახან რევიზიონისტული ქვეყნები მსოფლიო რუკის შეცვლას შეეცდებიან, ეს ყველაფერი აშშ-ის აგრესიული და გამაღიზიანებელი ქმედებით იქნება გამოწვეული.

პრაიმერებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაში გადადის. უახლოეს მომავალში პარტიები გადაწყვეტენ, თუ რომელ კანდიდატს წარადგენენ არჩევნებზე. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი უკვე ცნობილია და ის ბარაკ ობამა იქნება. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მისი რჩეული და, შესაბამისად, 2012 წელს საგარეო პოლიტიკაზე ხედვა, ჯერ გარკვეული არ არის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მასტერი

კომენტარები