FS ONE ზღვაზე მიდის

...ალბათ ისევე, როგორც თქვენ. ოღონდ, დასასვნებლად კი არა - სამუშაოდ. გადაწყვიტა, რომ აგვისტოს კინო-ჩვენებისა და ჩვენების შემდგომი გართობისათვის შავი ზღვის სანაპირო საუკეთესო იქნებოდა.
ზღვის ნაპირი, ზღვის ჰაერი, ზღვის მცირედი ხმაც, დიდი თეთრი ეკრანი, ახალი თაობის მოკლე ფილმები - სხვადასხვა ფერის და ფორმის შთამაგონებელი კადრები, და მუსიკა... ამაზე რელაქსაციურ-(მსუბუქად)ინტელექტუალური ცოტა რამაა არდადეგებზე.
მაშ ასე: Future Shorts Georgia-ს აგვისტოს საღამო კვარიათში, კლუბში ”ვიტამინი” შედგება.
როდის? 24 აგვისტოს საღამოს 9-დან დაიწყება და ალბათ კარგა ხანს გასტანს, იმიტომ რომ, 7 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ჩვენების მერე, თქვენთვის ნიუ იორკელი (ან უფრო შესაფარისი ტერმინი რომ ვიხმაროთ, New York-Based) არტისტი - DJ Earthian დაუკრავს. მასზე ამბობენ - არტისტული შეგრძნებების ძიებას არასდროს ღალატობსო: გინდაც, ნიუ იორკის კაფეში რამოდენიმე-საათიან freestyle-სა და ეკლექტური მუსიკის სეტს უკრავდეს, გინდაც უამრავ მოცეკვავე ხალხს ენერგიულ რიტმებს უგზავნიდეს, ან გინდაც სტუდიურ სიტუაციაში მუსიკასა თუ ექსპერიმენტულ ვიდეოს აკეთებდესო.
აგვისტოს ფილმების სელქციაც ერთ-ერთი საუკეთესოა (პროგრამა, ტრადიციულად, ქვემოთ შეგიძლიათ, ნახოთ). განსაკუთრებულ ვიზუალურ სიამოვნებას 4-წუთიანი, უცნაური ტექნოლოგიით გაკეთებული ”ნაპრალში გაჭედილი” მოგანიჭებთ. თვალს და ყურს მუსიკალური ვიდეო I Like U ესიამოვნება. თვალს და ტვინს კი განსაკუთრებით ალბათ ”ოჯახური პორტრეტი” გაახარებს. დოკუმენტური ჟანრის მოყვარულებს (და არა მარტო) ”რადიოსტანი” მოეწონებათ - ფორმის და ალბათ შინაარსის გამოც. არც ”პატარა” დაგრჩებათ შეუმჩნეველი - 25-წუთიანი ფილმი, რომელიც ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე 2010 წლის საუკეთესო ბრიტანულ მოკლემეტრაჟიან ფილმად იქნა დასახელებული. უემოციოდ არც ”სარძევე კბილი” და ”ქალბატონი ძაღლით” დაგტოვებთ.
ერთი სიტყვით, თუ შავი ზღვის მიდამოებში ხართ და 10 ლარიც გაქვთ შემორჩენილი, რომ არდადეგები კიდევ უფრო გასართობი და შემეცნებითი გაიხადოთ, აუცილებლად ეწვიეთ კვარიათის ”ვიტამინს”. ეს 24 აგვისტოს, ოთხშაბათ საღამოს მოხდება. კარგია, რომ არდადეგებზე სამუშაო დღეები არ არსებობს.

Future Shorts One-ის აგვისტოს ოფიციალური პროგრამ

The Chase – I like U - რეჟ. დავიდ ფრეიმონდი/2011/საფრანგეთი
ფრანგი ინდი-ჯგუფის The Chase-ისთვის გაკეთებული სადებიუტო მუსიკალური ვიდეო, რომელიც ნამდვილი მოგზაურობაა თავებისა და ფერების კალეიდოსკოპში.

რადიოსტანი - რეჟ. ტომას შერიდანი/2010/რუსეთი
ყირგიზეთიდან მოსკოვამდე - ამ გრძელ გზაზე - ხალხი თავის სატკივარზე ლაპარაკობს, ემიგრაციის პრობლემებიდან დაწყებული იურტაში ცხოვრებით დამთავრებული. როგორც რადიო-სიხშირეების გადართვისას, აქაც სხვადასხვა სიხშირეებზე - სხვადასხვა ადგილებში ვხეტიალობთ და იმ ხალხის აზრებს ვიგებთ, რომლებსაც მედია იშვიათად თუ უთმობს დროს.

ოჯახური პორტრეტი - რეჟ. ჯოზეფ პირსი/2009/დიდი ბრიტანეთი
ოჯახური პორტრეტი საშინლად არასწორ სახეს იღებს, როცა ეჭვიანობა და სიბრზაე ფოტოგრაფის მახვილ თვალის წყალობით ზედაპირზე იწყებს თუხთუხს.

პატარა - რეჟ.დანიელ მალოი /2010/დიდი ბრიტანეთი
ახალგაზრდა ქალი კრიმინალის მოწმე ხდება. როცა დაინახავს, როგორ ქურდავს კაცი ქალს, ის ჩაერევა. ახლა კი მას მოსვენებას არავინ მისცემს.

ქალბატონი ძაღლით - რეჟ. დამიენ მანიველი/2010/საფრანგეთი
ზაფხულის ცხელ შუადღეზე, ლოკალურ პარკში, თინეიჯერი ბიჭი მაწანწალა ძაღლს იპოვის და გადწყვეტს, პატრონს მიუყვანოს. ჭარბწონიანი, ნახევრად მთვრალი შავკანიანი ქალი, მას კარს უღებს და მადლობის ნიშნად სახლში იპატიჟებს. ისინი მისაღებ ოთახში სხდებიან.

ნაპრალში გაჭედეილი - რეჟ. კლემენს კოგლერი/2010/ავსტრია
რა აქვთ მადონას, Massive Attack-სა და ანგელა მერკელს საერთო?

სარძევე კბილი - რეჟ. კლაუს კიელდსენი/1994/დანია
ბავშვებზე კარგად არავინ იცის კბილების მოცვლის შესახებ. სარძევე კბილები, თითქმის განვითარებასთანავე, ჩამოცვენას იწყებს. ბავშვები კბილების თემას კომპეტენტურად განიხილავენ.  

კომენტარები