ჩინეთის პირველი ავიამზიდი

10 აგვისტოს ჩინელებმა თავიანთი პირველი ავიამზიდი ღია ზღვაში გაუშვეს. თუმცა ის საბრძოლო მზადყოფნაში ჯერ არ არის და მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია. ხომალდის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სახელმწიფო მედიასააგენტო სინჰუამ გაავრცელა. ავიამზიდმა ჩინეთის მეზობელი ქვეყნები შეაშფოთა. ისინი ფიქრობენ, რომ ჩინეთის ოფიციალური რიტორიკა, მშვიდობიანი განვითარების შესახებ, შესაძლოა, რიტორიკადვე დარჩეს.

ავიამზიდს გასაშვებად რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდნენ. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხელმძღვანელობა ცდილობდა საკითხი საიდუმლოდ შეენახა. თუმცა ამ პროექტის შესახებ ინფორმაციამ რამდენიმე წლის წინ გამოჟონა. ივნისში კი ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი არმია თავის პირველ ავიამზიდზე მუშაობს.

კუზნეცოვის კლასის ხომალდი ჩინელებმა უკრაინისგან 1998 წელს იყიდეს. ავიამზიდი, სახელად ვარიაგი, საბჭოთა კავშირში ააგეს 1980-იან წლებში. თუმცა ის პრაქტიკულად გამოუყენებელი დარჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხომალდი ჩამოწერეს და უკრაინის ერთ-ერთ პორტში იჟანგებოდა, სანამ საეჭვო წარმომავლობის ჩინური კომპანია შეიძენდა საპორტო ქალაქ მაკაოში მცურავი კაზინოს ასაგებად. გემი ჩინელებმა სამხედრო თუ სხვა ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე იყიდეს და საკუთარ პორტამდე, დალიანამდე (სადაც ჩინეთის საზღვაო აკადემიაა განლაგებული) მიცურებას წლები მოანდომეს. თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩინელები მისგან ავიამზიდს გამოაცხობდნენ. თუმცა ვარიაგის ყიდვამდე, ჩინელებმა ორი შედარებით მცირე ზომის სამხედრო ხომალდი შეიძინეს და მათგან მართლაც ტურისტული დანიშნულების მცურავი ობიექტები შექმნეს.

ჩინეთი ავიამზიდის ყოლას 1970-იანი წლებიდან ცდილობდა. 1990-იანი წლებიდან ჩინელები აქტიურად შეუდგნენ საზღვაო ძალების რეორგანიზაციასა და გაძლიერებას. ავიამზიდი ჩინეთის სამხედრო განვითარების ერთადერთი მიმართულება არ არის. იანვარში, ამერიკის აწ უკვე ყოფილ თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის ჩინეთში ვიზიტამდე ორიოდე დღით ადრე გაირკვა, რომ ჩინელები ავითარებენ სტელსის (რადარებისათვის უხილავი) ტექნოლოგიით აღჭურვილ თვითმფრინავს. ახალმა ამბავმა გარკვეული უხერხულობა შექმნა გეიტსისა და ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს შეხვედრის დროს. ჩინელები აგრეთვე მუშაობენ ავიამზიდების საწინააღმდეგო რაკეტებზე (SS-N-22), რომელთა მოქმედების რადიუსი 1,500 კილომეტრი უნდა იყოს.

ჩინური ავიამზიდი შორსაა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისგან. არ არის დასრულებული სამხედრო ტექნიკისა და რადარის სისტემების დამონტაჟება. ჩინელებმა უნდა გადაჭრან ავიამზიდის გამყოლი გემების საკითხიც. ტექნიკურ საკითხებზე უფრო პრობლემატური კი კვალიფიციური ეკიპაჟს ყოლაა. ამერიკელების სპეციალურ სამხედრო ქვეყდანაყოფებს, ავიამზიდთა საბრძოლო ჯგუფებს (Carrier Battle Group & Carrier Strike Group) ათწლეულების ისტორია და მდიდარი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. უხეში შეფასებით, ჩინურ და ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის 30-წლიანი ნაპრალია.

ჩინური ავიამზიდი, პირველ რიგში, მიმდებარე წყლების გაკონტროლებას შეეცდება. ის წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ამერიკის მეშვიდე ფლოტს, რომელიც წყნარ ოკეანეში მოქმედებს. მაგრამ გაზრდის ე.წ. ადრეულ შემჩნევადობას (რამდენიმე ასეული კილომეტრით) და სწრაფი საპასუხო დარტყმის მიყენების შესაძლებლობას. გარდა წმინდა სამხედრო მიზნებისა, ზოგიერთი ჩინელი ოფიციალური პირის მიხედვით, მას სახალხო განმათავისუფლებელი არმიის პრესტიჟის ამაღლების მისიაც აკისრია. ავიამზიდი მსოფლიოში ათამდე ქვეყანას გააჩნია, მათ შორის ინდოეთს, იტალიასა და ტაილანდსაც კი. ყველაზე მეტი, 11 ავიამზიდი ამერიკას ჰყავს.

გავრცელებული ინფორმაციით ჩინეთის ავიამზიდებთან დაკავშირებული ამბიციები მხოლოდ ერთით არ ამოიწურება. ჩინელებს სურთ კიდევ ორი იყოლიონ. ზოგიერთი წყაროს ცნობით მათ უკვე აგებენ შანჰაის დოკებში, ამჯერად უკვე არა დაჟანგული საბჭოთა გემებიდან, არამედ – თავიდან. როგორც ჩინეთის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, ინდოეთსა და იაპონიას 2014 წლისათვის 3-3 ავიამზიდი ეყოლებათ და მათ ქვეყანას არ სურს მეზობლებს ჩამორჩეს. ამ მომენტისთვის, ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ორზე მეტი ავიამზიდი ჰყავს.

გავრცელებული სპეკულაციების მიხედვით, ჩინელები ავიამზიდის დემონსტრაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის 90-წლისთავზე, 1 ივლისს აპირებდნენ. როგორც ჩანს, ჩინელებმა თავი აარიდეს დამატებით გაუგებრობებს და ავიამზიდი წყალში ერთი თვით გვიან ჩაუშვეს.

ავიამზიდს ჯერ არც სახელი აქვს. სამხედრო ონლაინ-ფორუმებზე მრავალ აღტყინებულ მომხმარებელს სურს გემს ჩინელი ადმირალის ში ლანგის სახელი ეწოდოს, რომელმაც მე-17 საუკუნეში ტაივანის სრუტე გადალახა და კუნძული ჩინელი იმპერატორის მმართველობას დაუმორჩილა. როგორც ბრიტანული ჟურნალი The Economist აღნიშნავს, ჩინეთის მთავრობას ეყოფა საღი აზრი საკუთარ ახალ სიამაყეს სხვა სახელი მოუფიქროს.

კომენტარები