ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი საქართველოს ეწვია

ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. საქართველოს თავდაცვის  მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან შეხვედრისას სტავრიდისმა  ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილა. თავდაცვის მინისტრმა  ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

"ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული დანაყოფები აქტიურად და ღირსეულად მონაწილეობენ და ამას ალიანსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა სტავრიდისმა შეხვედრის შემდეგ.

ამჟამად ავღანეთში, აშშ-სა და საფრანგეთის პასუხისმგებლობის ზონებში 900 ქართველი სამხედრო იმყოფება. თბილისმა ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარები