პირველი ამერიკელი მოზარდი

 Premiere Magazine-მა ის ყველა დროის უდიდეს 30 კინოვარსკვლავს შორის დაასახელა; AFI – ამერიკის კინოინსტიტუტმა – ეკრანის 50 ლეგენდის, ხოლო Empire magazine-მა, კინოისტორიის 100 ყველაზე სექსუალური კინოვარსკვლავის სიაში მიუჩინა ადგილი. 

წელს ამერიკა ჯეიმს დინის დაბადებიდან 80 წლისთავს აღნიშნავს. თუმცა ამ იუბილეზე ბევრად მნიშვნელოვანი თარიღი 30 სექტემბერია – დინის დაღუპვის დღე. სწორედ სიკვდილმა აქცია 24 წლის ჰოლივუდელი ვარსკვლავი, ჯეიმს ბაირონ დინი ამერიკის ახალ კერპად და პოპ-კულტურის განუყოფელ ნაწილად.

ყოველწლიურად, 30 სექტემბერს, მის მშობლიურ ქალაქ ფეარმაუნტში (ინდიანა) მილიონობით ადამიანი იკრიბება, იმართება ბაზრობა, ეწყობა დიდი გართობა. ამერიკა დინის სიკვდილს ზეიმობს. 16-თვიანი კარიერა, სამად სამი ფილმი, ხანმოკლე სიცოცხლე და, რაც მთავარია, ტრაგიკული დაღუპვა საუკეთესო მასალა აღმოჩნდა ახალი American Idol-ის შესაქმნელად. 

ჟან ბოდრიარი ამერიკას სიმულაციის საუკეთესო მოდელად განიხილავს, კინოინდუსტრიის შენების ავადმყოფურ მოთხოვნილებას კი – ისტორიის დეფიციტის შევსების მცდელობად. ლოგიკურია, რომ ქვეყანაში, რომელიც კინემატოგრაფს საკუთარ ისტორიად აცხადებს, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ გმირებად სწორედ კინოპერსონაჟები მოიაზრებიან. ახალ მსოფლიოს, როგორც უტოპიის „ხორცშესხმას”, ევროპის ისტორიის სიმულაციასთან ერთად, მისი მითოსის რეალიზების საშუალებაც მიეცა; შედეგად კი ლოს-ანჯელესზე გაშენებული ოლიმპო – ღმერთების, გმირებისა და ისტორიის ქარხანა – ჰოლივუდი მივიღეთ. 

და რადგანაც გაკერპება ჩანასახშივე ობიექტის მოკვლას გულისხმობს, ახალ მსოფლიოში ჰოლივუდელი ღმერთების რეალური სიკვდილი მხოლოდ მათი განდიდების გაათმაგების საწინდარია. 

50-იანების დასაწყისში ჰოლივუდს უკვე გამოვლილი აქვს კინემატოგრაფის არქაული ხანა, ფილმ-ნუარებისა და ეპიკური დრამების ეპოქა, თამაშის თეატრალიზებული მანერა, როდესაც ამერიკის „ისტორიაში” იმპროვიზაციის, ლი სტრასბერგისა და „რთული ბავშვების” ეპოქა დგება. სწორედ ჯეიმს დინი ხდება მოზარდობის, უფროს თაობასთან გაუცხოების, აჯანყებულობის მარადიული სიმბოლო, რომლის იმიტირებასაც დღემდე თითქმის ყველა ახალგაზრდა ჰოლივუდელი ცდილობს. ომისშემდგომ ჰოლივუდში უკვე არსებობს ქალი-ვამპი (მარლენ დიტრიხი), ტექსასელი გმირი ვესტერნიდან (ჯონ უეინი), პატარა მაწანწალა (ჩარლი ჩაპლინი) და კიდევ მრავალი სხვა „კინოისტორიული” სახე; არსებობენ ვარსკვლავი ბავშვებიც, მაგრამ ისინიც კი, მხოლოდ დიდების სამყაროს ნაწილად მოიაზრებიან – ლოს-ანჯელესის ჰორიზონტზე გაშენებულ დემოკრატიულ ოლიმპოზე ჭირვეული მოზარდებისათვის ადგილი ჯერ არ გამონახულა. 

სწორედ ამ დროს, ელია კაზანი ჯონ სტეინბეკის რომანის East of Eden – ეკრანიზაციას იღებს, სადაც „ცუდი” შვილის როლისათვის კასტინგის ორ ახალგაზრდა, ჯერჯერობით უცნობ ფინალისტს – ჯეიმს დინსა და პოლ ნიუმენს შორის – დინს ირჩევს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის „ისტორია” თაობათა შორის განხეთქილებით, აღზრდის პრობლემებითა და მოზარდის ცხოვრებით ინტერესდება. თუკი აქამდე მოზარდი მაყურებელი კინოკერპებთან იდენტიფიკაციას მხოლოდ მომავალ დროში ახდენდა, დინი იქნება პირველი, რომელიც მას ეკრანზე საკუთარი თავის აწმყო დროში დანახვის საშუალებას მისცემს. ექსპრესიული ინტროვერტი, განდეგილი ლიდერი – ისეთივე პარადოქსული, როგორიც ნებისმიერი თინეიჯერი და თავად ამერიკაა. დინი ხდება ზრდის პროცესით მიღებული ტანჯვის, უფროსი თაობისა და საზოგადოების დოგმებისადმი გაუცხოების სიმბოლო. „East of Eden” იქნება ერთადერთი კინოფილმი, რომლის გამოსვლასაც ჯიმი მოესწრება. 

ჯეიმს ბაირონ დინი 1931 წელს, დიდი დეპრესიის ყველაზე რთულ პერიოდში, დენტისტ-მექანიკოსის ოჯახში იბადება. 9 წლის ასაკში დედა კიბოთი ეღუპება და მამა კალიფორნიიდან დეიდასთან, ინდიანას შტატში აბრუნებს. მათი ურთიერთობა აღარასდროს იქნება ახლო და თბილი. ჯიმი, ბებიასთან ერთად, ფერმისკენ იმავე მატარებლით მიემგზავრება, რომლითაც დედამისის ცხედარს მიასვენებენ და ყოველ სადგურზე დედის კუბოს შესამოწმებლად მირბის. ტრავმა მას დაკომპლექსებულ, გულჩათხრობილ ადამიანად აყალიბებს, რაც ლი სტრასბერგის მეთოდური თამაშის ერთ-ერთი პირველი მიმდევრის ეკრანულ სახეს კიდევ უფრო რეალურსა და დამაჯერებელს ხდის. 

კაზანის ფილმამდე დინი ნიუ იორკში, სტრასბერგის სამსახიობო სტუდიაში სწავლობს და სატელევიზიო ეკრანზეც პირველად სწორედ ამ დროს ჩნდება: პატარა როლი „პეპსის” სარეკლამო რგოლში მას გზას უხსნის ტელეფილმებისა და სერიალებისკენ; ერთ-ერთ სატელევიზიო დადგმაში ჯიმის პარტნიორობას ამერიკის მომავალი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც უწევს („ბნელი ბნელი საათები”).

„უკვე იყო თეატრი (გრიფიტი), პოეზია (მურნაუ), ცეკვა (ეიზენშტეინი), მუსიკა (რენუარი). დღეიდან არის კინო. და კინო არის ნიკოლას რეი”, – ამბობს გოდარი დინის მეორე კინოფილმის – „აჯანყებული მიზეზის გარეშე” – რეჟისორზე. რეჟისორი, როგორც კინო და კინო, როგორც ისტორია, აქცევენ ამ ფილმს თაობის მანიფესტად, ჯიმი სტარკს (ჯეიმს დინი) კი მის კრებით სახედ. ფილმის ვერც ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ვერ მიაღწევს ხანდაზმულობას რეალურ ცხოვრებაში – სალ მინეო (პლატო) 37 წლის ასაკში სასიკვდილო ჭრილობით იღუპება, ნატალი ვუდი (ჯუდი) კი 43 წლის ასაკში ოკეანეში იხრჩობა. 24 წლის ჯეიმს დინი ფილმის გამოსვლამდე, სალინასისკენ მიმავალ ავტობანზე, თავისი ახალი სპორტული პორშეთი, მეტსახელად „პატარა ნაბიჭვარი”, საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანასთან შეჯახების თავიდან აცილებისას, საჭეს ვერ იმორჩილებს. მისი შტურმანი და მეორე მანქანის მძღოლი ყბისა და ფეხის მოტეხილობებით, უახლოეს ჰოსპიტალში ხვდებიან. ჯიმის სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება – იგი ფუძის მოტეხილობით, მომენტალურად კვდება. ამერიკა პანიკაშია. ვრცელდება ხმა, რომ მისი კუბო ცარიელია და ავარია გაათამაშეს. 3 წელიწადში დინისადმი მიძღვნილი წერილების რაოდენობა ნებისმიერი ცოცხალი ვარსკვლავის თაყვანისმცემელთა წერილების რაოდენობას აჭარბებს. მისი სახლისაგან მხოლოდ ოთხი ფიცარი რჩება: იპარავენ ყველაფერს, რასაც კი ჯიმი ცხოვრებაში შეხებია – დამტვრეული „პატარა ნაბიჭვრის” ნაწილებსაც კი. ქრება დინის პირადი აუდიოჩანაწერებიც და მისი სამოყვარულო კამერით გადაღებული ფირებიც. 

 ამასობაში გამოდის ჯიმის ორი ახალი ფილმი – ნიკოლას რეის “აჯანყებული მიზეზის გარეშე” და ჯორჯ სტივენსის „გოლიათი”, რისთვისაც დინი ოსკარის ნომინაციებს იღებს. „გოლიათში” ჯიმი დაბალი წრიდან წამოსულ ნავთობმაგნატს, ჯეთ რიკს განასახიერებს. ფილმში მოქმედება 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ფინალურ სცენაში დინი დაბერებული, გაჭაღარავებული ჯეთ რიკია – ასაკი, რომელსაც იგი რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს მიაღწევს. ეს არის დინის უკანასკნელი გამოჩენა კინოში. სცენას მოგვიანებით The Last Supper-ს (სიტყვასიტყვით: უკანასკნელი სერობა) უწოდებენ. 

24 წლის ბიჭი, რომელიც სწორედ იმ მარტოსულობისა და ნარცისიზმის განსახიერებაა, რაც, ბოდრიარის აზრით, მთელს ამერიკაში სხეულსა და ინტელექტზეა მიმართული; რომელიც ჰოლივუდში ბიბლიური კაენის არქეტიპული სახით შემოვიდა (East of Eden); რომლის ჯიმი სტარკმაც მოზარდ თაობას საკუთარი სიმართლე არა მეტაფორული სახით, არამედ აწმყო დროში, „აქ და ახლა” დაანახა და რომელმაც ეკრანზე დაბერება, რეალურ ცხოვრებაში კი მუდამ ახალგაზრდა კერპად დარჩენა მოახერხა – ეს იყო იდეალური ბალანსი. 

კენეთ კენდელის აზრით, ჯეიმს დინის დაღუპვამ კინემატოგრაფს მეორე უდიდესი მსახიობი, მარლონ ბრანდოც დააკარგვინა. „ჯიმის რომ ეცოცხლა, მარლონი მშვიდად ვერ უყურებდა მის წარმატებას და ჩვენ ბევრად „მეტ” ბრანდოს ვნახავდით. ახლა კი იგი მოდუნებულია თავის, როგორც „ერთადერთის” პოზიციაში”, – ამბობდა დინის საფლავიდან სამუდამოდ დაკარგული ბიუსტისა და ბრანდოს ქანდაკების ავტორი. 

 „ევროპელები თავისუფლები ვართ ჩვენს ფიქრებში, ამერიკელები კი – თავიანთ საქციელში”, – ამბობს ბოდრიარი. ამ უტოპიაში, სადაც „ყველაფერი შესაძლებელია”, სადაც 50-იანებში უკვე მობეზრებული ჰყავდათ სრულყოფილი ღმერთკაცები და აუცილებელი ხდებოდა პიტერ პენის მსგავსი ინფანტილური, ცელქი კერპის არსებობა – ნიკოლას რეის, ანუ კინოს და კინოს, ანუ ამერიკის სიმულარული ისტორიის არასოდეს გაზრდილი თაობის ბელადის რეალური სიკვდილი, ამერიკელი მაყურებლისთვის თითქმის ერთადერთი ხელსაყრელი გამოსავალი იყო. თანაც, საზოგადოებას სატირალიც ბევრი არ ექნებოდა – მათ ხომ დინის დაბერების „ისტორიული” კადრები დარჩათ. 
 
 

კომენტარები