ორგაზმის გენეზისი

იმას, რომ ორგაზმი ადამიანების სქესობრივი ლტოლვის სამიზნე წერტილია, დიდი მტკიცება არ უნდა. ძნელია, სექსის უფრო ძლიერი სტიმულატორი წარმოიდგინო. ხანდახან ფიქრობ, რომ ორგაზმი იმ ტიპის განცდაა, რომელიც თავისუფლად შესაძლებელია სასქესო უჯრედების (სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის) მიერ ყოფილიყო “გამოგონებული”. აბა წარმოიდგინეთ, რომ სპერმატოზოიდი ხართ – ვიღაცის სასქესო ორგანოებში გაჭედილი. ერთადერთი მიზანი კი კვერცხუჯრედთან შერწყმაა. თუ თქვენთვის, როგორც სპერმატოზოიდისთვის, ეს მიზანი ნათელია, მაშინ ამოცანა ისეთი ახალი ორგანიზმის შექმნა იქნება, რომელიც, თავის მხრივ, უფრო მეტ გამეტებს (სპერმატოზოიდებს და კვერცხუჯრედებს) წარმოშობს. რა სტიმულს შესთავაზებდით ამ შემთხვევაში თქვენს მასპინძელ სასქესო ორგანოს, რომ თქვენი მიზნის მისაღწევად კავშირის დამყარება გეიძულებინათ? ცხადია, შეეცდებოდით ექსტაზის ბლიცკრიგის გამოწვევას და დიდ მადლობას გადაუხდიდით თქვენი ტვინის შესაბამის სტრუქტურებს, მაგალითად, ტვინის ე.წ. ლიმბურ სისტემას, რომელშიც, სხვათა შორის, სიამოვნების გარდა, ტკივილის ცენტრიცაა ლოკალიზებული. ჰოდა, ორგაზმი სწორედ ის ექსტაზური ბლიცკრიგია, რასაც ჩვენი გამეტები ჩვენსავე სასქესო ორგანოებს, ტვინს და ჯირკვლებს, სთავაზობენ.

დღეს, როდესაც ადამიანთა სამყაროში, ცნებები ორგაზმი და გამრავლება უკვე თითქმის მთლიანად “განქორწინდნენ”, მისტიკურ კითხვას „როგორ?” სულ უფრო და უფრო ეფინება ნათელი. 60-იანი წლების ამერიკელმა მკვლევრებმა, მასტერსმა და ჯონსონმა, თავიანთ საეტაპო ნაშრომებში პირველად აღწერეს ორგაზმის ფიზიკური მახასიათებლები, მათ შორის, ისეთი უცნაური მოვლენები, რომლებსაც ორგაზმის დროს უბრალოდ ვერ აღვიქვამთ (სად გვცალია მაგ დროს აღქმებისთვის!). მაგალითად, მათ პირველად გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ მამაკაცში ანუსი “ისტერიკაში” ვარდება და 0,8-წამიანი ინტერვალებით იკუმშება. ადამიანში სხეულის სომატური (ანუ ჩვენს ნებას დაქვემდებარებული) კუნთები სრულიად გადის კონტროლიდან და სპაზმების კასკადი მთელ სხეულს ედება. საოცარი მაგალითია ე.წ. კარპოპედალური სპაზმი, როდესაც ფეხის ცერა თითი გარეთ “ვარდება”, ხოლო დანარჩენი თითები კონვულსიურად მიიწევენ ტერფის თაღისკენ. ასეთ რამეს მამაკაცთა უმრავლესობა ნებით “მაზიანზეც” კი ვერ გააკეთებს. და, რადგან მამაკაცებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ეაკულაცია (სპერმის მაღალი წნევით გასხმა), რომელიც, უმრავლეს შემთხვევაში (მაგრამ არა ყოველთვის) ორგაზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ინდიკატორია. ქალებში ორგაზმის კარგი ინდიკატორი მსგავსი “ქაოტური” მოვლენებია: საშვილოსნოს და საშოს კუნთების სპაზმი. ორივე სქესის შემთხვევაში ეს “გენიტალური კატაკლიზმები” წუთზე მეტხანს თითქმის არასდროს არ გრძელდება (აქ სტატიის ავტორი მწარედ ოხრავს).

მიუხედავად იმისა, რომ ორგაზმის მექანიზმი უკვე საკმარისად კარგადაა შესწავლილი, მისი წარმოშობის ფენომენი დღემდე “მისტიკურია”. 

როდის, ევოლუციის რა მომენტში წარმოიშვა? ვინ (ან რა) იყო პირველი ინდივიდი და რომელ სახეობას მიეკუთვნებოდა ის, ვინც ორგაზმი განიცადა? ადამიანი იყო ეს სახეობა თუ, თუნდაც რომელიმე ორაგული, სადღაც მდინარის სათავესთან? ბუნებრივი გადარჩევის რა წნეხმა შექმნა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თანდაყოლილი ფენომენი? 

ისინი, ვისაც სურთ შეისწავლონ ორგაზმის ევოლუცია, მონუმენტური სირთულის პრობლემას აწყდებიან, რადგან შეუძლებელია დანამდვილებით გავცეთ პასუხი კითხვას – კიდევ რომელი სახეობის ცხოველი განიცდის ორგაზმს? თუმცა, ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ თითქმის ყველა მამრი(!!) ძუძუმწოვარი განიცდის მას. თუ ეს ასეა, მაშინ ორგაზმი, ადამიანური პარამეტრებით, საკმარისად ხანდაზმული ბერიკაცი ყოფილა – ძუძუმწოვრები დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ. მაგრამ ამ ლოგიკურ დაშვებას მრავალი ფარული წინააღმდეგობა სდევს. მიუხედავად იმისა, რომ ორგაზმის მექანიზმი შეიძლება უკვე კარგადაა ცნობილია, ის, ბოლო-ბოლო, მაინც შეგრძნებაა და, როგორც ყველა შეგრძნება, სუბიექტურია. ამიტომ, სხვა სახეობებში მის არსებობას რაიმე ემპირიული ღონისძიებებით ბოლომდე ვერც დავამტკიცებთ და ვერც უარვყოფთ. ცხადია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეგვიძლია, ვნახოთ ეკუმშება თუ არა, მაგალითად, გორილას ანუსი სექსის დროს. ცხადია, მაღალი ალბათობით ვივარაუდებთ, რომ თუ მსგავსი პროცესები გორილას ორგანიზმშიც ხდება, ესე იგი მასაც აქვს ორგაზმი, მაგრამ განცდის სუბიექტურობის გამო, ბოლომდე მაინც ვერ ვიქნებით ამაში დარწმუნებულნი. ბოლო-ბოლო, ანუსის შეკუმშვა ის მოვლენაა, რომელმაც შესაბამისი წნევა უნდა შექმნას ეაკულაციისთვის და სულაც არაა აუცილებელი ამ დროს მამრი რამეს განიცდიდეს. მართალია, ხანდახან ზოგი ცხოველი კოიტუსის დროს თვალებს “გადაქაჩავს”, მაგრამ არასოდეს იცი, ეს ზოგადად სექსის პროცესის სიამოვნების  (რაც 100%-ით არსებობს ყველა ძუძუმწოვარში), თუ ზუსტად ორგაზმული წამების გამოხატულებაა. ბიოლოგებისთვის ეს უსიამოვნო დასკვნა განსაკუთრებით ნერვებისმომშლელი ხდება, როდესაც მდედრი ინდივიდების ორგაზმს მიაპყრობენ ხოლმე ყურადღებას. მამრებისგან განსხვავებით, ბევრ სახეობაში იმ წამებში “თვალების ქაჩვასაც” კი არ აქვს ადგილი. ადამიანშიც კი მამაკაცი ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ქალმა ორგაზმი განიცადა და გვიხდება “სიტყვაზე ვენდოთ” ჩვენს პარტნიორებს. ჰოდა, ამ ფონზე ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად “ინფორმატულია”, მაგალითად, ქალბატონი ვირის კოიტალურ ცნობიერებაში ძრომიალი.

ეჭვგარეშეა დარვინისეული ევოლუციური სიბრძნე მამრის ორგაზმთან დაკავშირებით. საქმეში ჩაუხედავ მკითხველს მინდა მარტივად ავუხსნა ამ მეცნიერისეული მიდგომა, რომ შემდგომ მოსაყოლი უფრო გასაგები გახდეს. ევოლუციის მანძილზე, ორგანიზმში  გენეტიკური ცვლილებები ხდება. ამას მუტაციები ჰქვია. თუ მუტაცია სასქესო უჯრედებში ხდება, მაშინ იგი თაობიდან თაობას გადაეცემა. თუ მუტაცია “კარგია” და “გამოსადეგი” (ანუ რამე სახით უპირატეს მდგომარეობაში ამყოფებს ერთ ინდივიდს მეორის მიმართ), მაშინ, ბუნებრივია, რომ “მუტანტ” ორგანიზმს გადარჩენის და გამრავლების მეტი შანსი აქვს, ვიდრე “არამუტანტს”. ნელ-ნელა ეს მუტაცია სულ უფრო “მოედება” სხვადასხვა ინდივიდებს შემდეგ თაობებში და “არამუტანტები” მათ ფონზე ნაკლებშეგუებულები (არაკონკურენტუნარიანები) ხდებიან. ამიტომ, ნელ-ნელა ქრებიან პოპულაციიდან. ეს პროცესი მრავალი თაობის მანძილზე მიმდინარეობს და შედეგი ერთია – პოპულაცია უკეთ შეგუებული (ადაპტირებული) ხდება გარემოსთან. 

ზემოაღწერილი ლოგიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი სახეობის პირველი მამრი, რომელმაც ორგაზმი განიცადა, ისეთი გადარეული და ავხორცული გზნებით შეეცდებოდა ამ დაუძლეველი მოთხოვნილების კვლავ და კვლავ რეალიზებას, რომ ევოლუციას ყველა სხვა მამრის სექსი თამაშად მოეჩვენებოდა. ცხადია, გადარჩევის პროცესში “ანორგაზმული” მამრები “ორგაზმულ” მამრებს კონკურენციას ვერ გაუწევდნენ და დროთა განმავლობაში, ევოლუციის სანაგვეზე გადაიყრებოდნენ. 

დარვინისეულ ადაპტაციურ მექანიზმს, ასეთივე მარტივი ლოგიკით შეუძლია ახსნას, თუ რატომ ვართ მამრები “სხარტები”, რაც ხშირად ჩვენი მდედრების გულისწყრომას იწვევს. ევოლუციური თვალსაზრისით, ნებისმიერი სახეობის “სხარტ ყმაწვილს” სექსის მეტი შანსი აქვს, ვიდრე “დოყლაპია” მამრს. ბუნებრივია, ის მეტ შთამომავლობას დატოვებს და, რაც მთავარია, ეს “ცქვიტი ჯეელი” ორგაზმის სწრაფი მიღწევით უფრო წარმატებით გადაურჩება მტაცებელს, ვიდრე თავდავიწყებული სიყვარულის მორევში ჩათრეული კონკურენტი. უფრო მეტიც, რაც ნაკლები დროა საჭირო ამ დონ ჟუანის ცელქობისთვის, მით მეტი დრო რჩება მას სრულფასოვანი კვებისთვის – ეს კი, ევოლუციურად, გადარჩენის და დამატებითი სექსის სერიოზული საფუძველია. ამ თვალსაზრისით, “ჭამა და სექსი” სულ სხვა მნიშვნელოვანი რაკურსით წარმოგვიდგება, ხოლო პასუხი კითხვაზე – რატომ დასჭირდა ევოლუციურად მამრს ორგაზმი – ლოგიკურად ახსნადია.

აი, ქალის (თუ მდედრის) შემთხვევაში კი ევოლუციურ თავსატეხთან გვაქვს საქმე. მდედრის რეპროდუქციული წარმატება (რაც აუცილებლად სქესმწიფე შთამომავლობის დატოვებას ნიშნავს) მამრის წარმატებასთან შედარებით მეტადაა დამოკიდებული რესურსებზე. თუ მამრისთვის, სხვა ფაქტორებთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანია “მომცემი” პარტნიორი, პოტენციურ დედას სჭირდება ის გარემო, რომლებიც მას მაკეობის, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს დაეხმარება. ცხადია, სასურველი მამრის არსებობა უპირველესია, მაგრამ მხოლოდ მასთან სექსი არაა საკმარისი სქესმწიფე შთამომავლობის გასაზრდელად, ხოლო თუ შთამომავლობამ სქესმწიფობას ვერ მიაღწია, მაშინ მდედრის რეპროდუქციული წარმატება ნულია, რადგან მდედრის გენი არ გამრავლდება. მამრს ეს არ ანაღვლებს, რადგან კოპულაციის შემდეგ მოკლე დროში მზადაა სხვა მდედრთან სექსისთვის. დიდი შანსია, რომ სხვა განაყოფიერებული მდედრების ურდოდან ერთი მაინც გაამრავლებს მის გენებს. უმრავლესობა სახეობის მდედრები კი, დამაკდებიან თუ არა, წყვეტენ “მიცემას”, შთამომავლობაზე ზრუნვას უძღვნიან მთელ დროს და ცდილობენ ისინი სქესმწიფობამდე მიიყვანონ, რომ მათი (მდედრების) გენი ასეთი გზით გავრცელდეს. ამიტომ, კითხვა – რაში დასჭირდა ევოლუციურად(!!) მდედრს ორგაზმი – აუხსნელი ხდება. 

არის სხვა “დამამძიმებელი” ფაქტორიც – არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ მდედრში (მათ შორის, ქალშიც) ორგაზმი ჩასახვასთან იყოს რამე კავშირში. 

ევოლუციის ზოგიერთი თეორეტიკოსი ამტკიცებს, რომ ორგაზმი ქალში ადაპტაციის შედეგია – იგი ოდესღაც ჩვენს წინაპრებს დაეხმარა შეედუღაბებინა წყვილის ურთიერთობა, რაც მნიშვნელოვანი იყო ახალშობილის გადარჩენისთვის. ანუ, თუ ქალიც ორგაზმით დაჯილდოვდებოდა, მაშინ ის სასიცოცხლოდ დაინტერესებული იქნებოდა მეწყვილის შენარჩუნებით და ეცდებოდა მეწყვილეს “გვერდზე არ გაეხედა”. იგივე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ქალს ორგაზმი განაყოფიერებაში ეხმარებოდა – გენიტალიების კუნთების შეკუმშვა სპერმის “მაღლა აწოვის” ხელშემწყობია. დღეს დადგინდა, რომ ეს მითია, რადგან კუნთების კონტრაქტურა, პირიქით, სპერმის გამოდევნისკენ უფროა მიმართული. ამის აღმოჩენამ მეცნიერები ახალ საგონებელში ჩააგდო. უფრო მეტიც, 50-იან წლებამდე ითვლებოდა, რომ ქალის ორგაზმი სექსის ბუნებრივი და თანმდევი პარტნიორია, მაგრამ კინზის საეტაპო ნაშრომმა (1953 წელი), სადაც 6 ათასი ქალი იყო გამოკითხული, აჩვენა, რომ ქალების უდიდესი უმრავლესობა (თუმცა, ცხადია, არა ყველა) კლიტორის პირდაპირი სტიმულაციის გარეშე, ორგაზმს მხოლოდ პენისის საშოში ფრიქციებით ვერ განიცდის. 

ეს ახალი თავსატეხი აღმოჩნდა იმ მეცნიერთათვის, ვინც თვლიდა, რომ ქალის ორგაზმი სქესობრივი გადარჩევის შედეგად მიღებული უნარია. ზოგიერთმა მკვლევარმა ისიც კი შემოგვთავაზა, რომ ჩვენი წინაპარი ყმაწვილის ხელცქვიტობა (კლიტორთან მიმართებაში) დაეხმარა ჩვენს წინაპარ დედას, გაერჩია “მგრძნობიარე” მამაკაცების ტიპი “მიხმარს და მიმაგდებს” მამაკაცების ტიპისგან და ამის საფუძველზე უპირატესობა “მგრძნობიარე” მამრისთვის მიენიჭებინა. ამ მკვლევრებმა ქალის ორგაზმი ე.წ. შეგუებითი ქცევის კატეგორიაში გადაიტანეს და ამით ახსნეს მისი წარმოშობა. მწარე სიმართლე კი ერთია – დღესაც კი (რომ არაფერი ვთქვათ ისტორიულ წარსულზე), ბევრ კულტურაში ქალის ორგაზმი საერთოდ არ არის აღიარებული, ხოლო იმ კულტურებში, სადაც მისი არსებობა აღიარებულია, მამაკაცები ხშირად მაინც ნაკლებად ზრუნავენ ამაზე (ისტორიულ წარსულში კი, სავარაუდოა, რომ სულაც ფეხებზე ეკიდათ).

ქალის ორგაზმსა და საშოში, მხოლოდ პენისის ფრიქციებს შორის, ასეთი ეფემერული კავშირის გამო ზოგიერთმა მეცნიერმა დაასკვნა, რომ ქალის ორგაზმი ევოლუციური თვალსაზრისით “გვერდითი მოვლენა” უფროა, ვიდრე ბუნებრივი გადარჩევის შედეგად მიღებული შეგუებულობა (როგორც ეს მამრშია). ასეთი გვერდითი მოვლენები ადამიანის ორგანიზმშიც მრავლადაა. თუნდაც მამრის ძუძუს დვრილები. დღეს უკვე ვიცით, რომ მათ, ეროგენულობის გარდა (ისიც ზოგჯერ), არანაირი ფუნქცია არ აქვთ და არც ოდესმე ჰქონიათ. დვრილი უბრალოდ იგივე ქსოვილისგან აგებული მდედრის მკერდის ანალოგია და მეტი არაფერი. ასევე, კლიტორი, ზუსტად იგივე ქსოვილისგან შედგება, რისგანაც პენისი და, რადგან პენისის საშუალებით მამრის ორგაზმი ევოლუციური თვალსაზრისით წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ფენომენია, კლიტორსაც “სხვა არაფერი დარჩენოდა”, რომ იგივე შეგრძნებები არ გამოეწვია. ანუ რადგან ევოლუციამ პრიმატებში პენისი ორგაზმთან “შეჭიდა”, კლიტორიც, როგორც პენისის ქსოვილური ანალოგი, ზუსტად იგივე თვისების მატარებელია და ორგაზმი, ევოლუციურად, ორივე სქესში ერთდროულად გაჩნდა.

ბიოლოგებში გაჩნდა ორი დაპირისპირებული ბანაკი: “ადაპტაციის მომხრენი” და “გვერდითი მოვლენის” მომხრენი. ადაპტაციის მომხრეთა (მკითხველისთვის სპეციალურად გამარტივებული) ლოგიკით, ჯერ  გენიტალიები გაჩნდა, შემდეგ ზოგ მამრს, მუტაციის გამო, აღმოაჩნდა ორგაზმის უნარი და მათ გაიმარჯვეს პოპულაციაში. მათივე მოსაზრებით, ქალი ბიოლოგიურად მიისწრაფვის მონოგამური (ერთპარტნიორული) ურთიერთობებისკენ, რომ მის შვილს “პატრონი” ჰყავდეს მამის სახით და სქესმწიფე ასაკს მიაღწიოს. ცხადია, ასეთი მოსაზრება უფრო კულტურული ტაბუებით იყო გამოწვეული და ვერ დარჩებოდა ფაქტობრივი კონტრარგუმენტის გარეშე: დღეს უკვე დადგენილია, რომ ჩვენი უახლოესი ნათესავებიც (პრიმატები) და ადამიანიც ბიოლოგიურად პრომისკუიტეტული (რეგულარული სექსი სხვადასხვა პარტნიორთან) მიდრეკილების მქონე არსებები არიან, რომელსაც, ქალის შემთხვევაში, უფრო კულტურა თრგუნავს, ვიდრე მისი გენეტიკური განწყობა.

“დარვინისტული ადაპტაციური თეორიის” მომხრეებს სხვა არაფერი დარჩენოდათ და ეს არგუმენტი უნდა მიეღოთ. მაგრამ ამ თავსატეხზე ფიქრისას ჩიხში შესულმა ჭკვიანმა ადაპტაციონისტებმა ძველ და ნაცად ხერხს მიმართეს. ანუ, საკითხი დააყენეს “უკუღმა”. იქნებ სწორედ იმ ფაქტორში ძევს ამოცანის გასაღები, რაც ცოტა ხნის წინ ლოგიკური ახსნის ხელისშემშლელად მიგვაჩნდა? იქნებ სწორედაც რომ პრომისკუიტეტულობაშია მდედრის ორგაზმის წარმოშობის ლოგიკური ახსნა? ანუ დაუშვეს, რომ სწორედაც პრიმატი დედის რეგულარული სექსი სხვადასხვა პარტნიორთან არის ნაშიერის გადარჩენის და სქესმწიფობამდე მიღწევის გარანტია. აქ საქმეში უნდა ჩავრთოთ ერთი ძალიან საინტერესო ბიოლოგიური ფენომენი – ინფანტეციდი (ნაშიერების დახოცვა). ანუ, მამრმა პრიმატმა (და, სავარაუდოა, პრეისტორიულმა მამაკაცმაც) შეიძლება საოცარი მზრუნველობა გამოიჩინოს ნაშიერზე ან უბრალოდ მოკლას ის, იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დარწმუნებული, რომ შვილი ნამდვილად მისია. ამიტომ, მდედრი პრიმატები (მაგალითად, გორილები და შიმპანზეები) ცდილობენ “დაარწმუნონ” თავისი ჯგუფის რამდენიმე ძლიერი მამრი, რომ ნაშიერი თითოეული მათგანისაა და სხვა არავისი. ამ მცდელობას ისინი ხშირად პრომისკუიტეტით აღწევენ. მამრმა, რომელიც თვლის, რომ ეს კონკრეტული მდედრი მას განაყოფიერებული ჰყავს, ხშირად სულაც არ იცის, რომ მასთან ყოფნის შემდეგ მდედრი სხვასთან “ბუჩქებში გაძვრა”, ისევე როგორც ამ “ბუჩქებში მომლოდინე” მამრი ვერ შეიტყობს, რომ მისმა სანუკვარმა ობიექტმა, სულ რაღაც ერთი საათის წინ სხვა მამრს “მისცა”. ვისაც ერთხელ მაინც მოგიწევთ გორილებზე დაკვირვება, გაოცდებით თუ რა ვირტუოზულობით “ბოზობენ” მდედრი გორილები და რა მიამიტი თვალებით შესციცინებენ რამდენიმე მამრს ერთდროულად, უმტკიცებენ რა, რომ სექსი მხოლოდ მასთან ჰქონდათ და სხვა არავისთან. ამ ინტრიგულ ქსელში გაბმული მამრები კი, გარანტირებულად იზრუნებენ “თავიანთ” ნაშიერებზე. ხოლო რეალურად ვისია ბავშვი, უკვე დედამაც კი არ იცის და, მგონი, ძალიანაც არ აღელვებს. 

თუ ჩავუღრმავდებით მდედრი პრიმატების გამრავლების ამ სტრატეგიას, მაშინ ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ ევოლუციას სწორედაც ისეთი მექანიზმი უნდა შეექმნა, რაც მდედრს მამრივით მისცემდა მოტივაციას, სქესობრივი კავშირი უამრავ პარტნიორთან მოკლე დროში დაემყარებინა. სწორედ ამ თვალსაზრისით აიხსნება მდედრში ორგაზმის გაჩენა. ანუ თუ გრძნობა არსებობს, მას კიდევ და კიდევ აქვს მისი განცდის მოთხოვნილება და ვუბრუნდებით იგივე ლოგიკას – პირველი მდედრი, რომელმაც განიცადა ორგაზმი თავისი გენების გამრავლებისას, უფრო წარმატებული იყო, ვიდრე სხვა “ანორგაზმული” მდედრი, რომელიც ევოლუციამ „გაცხრილა”. დღეს უკვე ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად იმას, რომ მდედრობითმა წინაპარმა, მემკვიდრეობით ორგაზმის განცდის უნარი, ჩვენი წინა სახეობიდან მიიღო. ეს მიგნება არაპირდაპირ იმ ფაქტითაც მტკიცდება, რაც თავის დროზე მასტერსმა და ჯონსონმა აღწერეს. ქალს, მამაკაცისგან განსხვავებით, აღგზნების უფრო ხანგრძლივი, დროში გაჭიმული, პერიოდი აქვს და მას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია ერთი ორგაზმის შემდეგ პრაქტიკულად შეუსვენებლად გადავიდეს მეორე აქტზე და ისევ განიცადოს ორგაზმი. ეს მამაკაცს არ ხელეწიფება (თუ ლაპარაკი არ არის ჰიპერაგზნებულ თინეიჯერზე, ისიც ზოგჯერ). მამაკაცმა აუცილებლად უნდა შეისვენოს გარკვეული პერიოდი და რაც უფრო იზრდება ასაკი, მით გრძელდება შესვენებების ხანგრძლივობა “გათავებებს” შორის.

ბიოლოგების ის კატეგორია, რომელიც კონსერვატული კულტურის ძლიერ გავლენას განიცდის, ეწინააღმდეგება “პრომისკუიტეტის ადაპტურ თეორიას”. მათი თქმით. არავითარი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენი პრეისტორიული წინაპარი მდედრები ასეთი ტიპის “ბოზები” იყვნენ. სასიამოვნო განცდაა თვითდარწმუნება, რომ ჩემი წინაპარი “ბოზი” არ იყო, მაგრამ თუ ჩვენი პრეისტორიული დედები დღევანდელი მორალური კატეგორიებით უმწიკვლონი იყვნენ და გენებშიც კი არ ჰქონდათ პრომისკუიტეტული მიდრეკილებები, მაშინ საიდან მოვიდა ადამიანის პატრიარქალურ სამყაროში ქორწინება ან კლიტორიდექტომია (კლიტორის იძულებითი ამპუტაციის სულისშემძვრელი და ბარბაროსული აქტი)? ორივე ფენომენი ხომ იმისკენაცაა მიმართული, რომ მამა უფრო დარწმუნებული იყოს, რომ შვილი მისი გენის გამგრძელებელია!

მიუხედავად განცდის სუბიექტურობისა, თანამედროვე მონაცემებით, მაინც მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრიმატები და ბევრი სახეობის სხვა მაიმუნები ორგაზმს განიცდიან. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მათი მიმიკა და ნებითი კუნთების კუმშვები თუ სხვა ანატომიურ-ფიზიოლოგიური პროცესები ზედმიწევნით ჰგავს ჩვენსას. მეორეც იმიტომ, რომ ხშირად ისინი სექსს უბრალოდ, “ხალისისთვის” და არა მხოლოდ გამრავლებისთვის მიმართავენ. ბონობოებში, ე.წ. ჯუჯა შიმპანზეებში, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია. ისინი, ადამიანების მსგავსად, არა მარტო პოზიციებს იცვლიან სექსის დროს, არამედ მკვეთრად გამოხატული ორალური და ხანდახან ანალური სექსიც კი აქვთ. თუმცა ისევ ღიად რჩება კითხვა – რა დარწმუნებულნი ვართ, რომ პრიმატებისგან განსხვავებით, ცხოველთა სხვა სახეობებიც განიცდიან ორგაზმს? მათი აგებულება და მიმიკა ხომ რადიკალურად განსხვავებულია ჩვენისგან? აქ მკვლევრებს ერთი ფენომენი ეხმარებათ, რომ ძუძუმწოვრებში ორგაზმის უნივერსალობისკენ გადაიხარონ – ეს არის მასტურბაცია. ყველა სახეობის ორივე სქესის ძუძუმწოვარი ასეთი თუ ისეთი ფორმით მასტურბირებს და ნურავის ეგონება, რომ ეს ადამიანის მოგონილი “მავნე ჩვევაა”. ჩვენ, ძუძუმწოვრებს მასტურბაცია ბიოლოგიურად დაგვყვება და ისიც, ორგაზმის არ იყოს, 65 მილიონი წლის ბერიკაცია! ასეთი “ბებერი” ისტორიის მქონე ფენომენს კი “ბიჭო, არ ქნა, ხელზე ბალანი ამოგივა" -თი ვერ აღმოფხვრი. ან კი რა საჭიროა იმის აღმოფხვრა, რაც 65 მილიონი წლის ბუნებრივობითაა განმტკიცებული?

ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ევოლუციური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს მამრის და მდედრის ორგაზმს, ან იმაზე, თუ რომელი სახეობები განიცდიან მას, ყველაზე მომხიბლავი მაინც კვლევის ჟინი რჩება და ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საოცარი თვისება – დასვან უფრო მეტი “ნერვებისამშლელი” კითხვა სწორედ მაშინ, როდესაც საკითხი თითქოსდა ამოწურულია. 

მართლაც, ცოცხალი სამყარო არა მარტო უფრო საკვირველია, ვიდრე წარმოგვიდგენია, არამედ გაცილებით საოცარი, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა საერთოდაც შეგვიძლია!  

კომენტარები