მაცოცხლებელი საწამლავი

ჯასტინუს კერნერი
 ყველაფერი ასე დაიწყო: 1820 -იანი წლების გერმანიაში, ადამიანები მასობრივად მოიწამლენ ძეხვეულით. მიზეზების შესწავლას ხელი, სხვებთან ერთად, გერმანელმა ექიმმა და რომანტიკოსმა პოეტმა, ჯასტინუს კერნერმა მოკიდა. მან აღმოაჩინა, რომ დაავადებას საკვებში არსებული ბაქტერია იწვევდა და პირობითად „ძეხვეულის შხამი”, ასევე „ქონის შხამი” უწოდა.

მან მომწამვლელ ძეხვეულთან ბოტულიზმის კავშირის პირველი დეტალური კლინიკური ჩანაწერები გააკეთა. სიმპტომების აღწერა საკმაოდ ზუსტი იყო. ექიმი სახიფათო თვითექსპერიმენტებსაც მიმართავდა – იღებდა არაჯანსაღი ძეხვეულის ექსტრაქტს და მოწამვლის პირველ სტადიებს საკუთარ თავზე დაკვირვებით შეისწავლიდა. სწორედ კერნერი ალაპარაკდა პირველად ბოტულინის ტოქსინის შესაძლო სამკურნალო თვისებებზე.

შემდეგ სამედიცინო დეფინიციებიც დაიხვეწა: 1897 წელს, ბელგიელმა ბაქტერიოლოგმა ემილ ვან ერმენგემმა დაადგინა, რომ საკვების მოწამვლას ბაქტერია Clostridium botulinum-ი იწვევს. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ალან სკოტმა აღმოაჩინა, რომ ეს ტოქსინი სიელმის გასასწორებლად და კუნთების სპაზმის მოსახსნელადაა ეფექტური. 1989 წელს, აშშ-ის პროდუქტებისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ (FDA), მწვანე შუქი მისცა ბოტულინის ტოქსინის სამკურნალო მიზნებით გამოყენებას.

მე-19 საუკუნის გერმანელი მედიკოსი ძნელად წარმოიდგენდა, რომ მისი პროფესიული თავდადება, კაცობრიობის სილამაზესა და ბედნიერებას ემსახურებოდა. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ტოქსინი, რომელიც ბოტულიზმს იწვევს, საბოლოოდ, ესთეტიკის სამსახურში ჩადგა.

ექსპერიმენტები ტოქსინის კოსმეტოლოგიური თვისებების გამოსავლენად 1950 წელსაც ტარდებოდა. ცდებში პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ. ამბობენ, რომ მათ შორის მსახიობი და აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანიც იყო.

დღეს ბოტულინის ტოქსინს ახლოს ვიცნობთ, მისი აბრევიატურა ასე ჟღერს: ბოტოქსი.

ბოტოქსის, იგივე A ტიპის ბოტულინის ტოქსინის, კოსმეტიკური დანიშნულებით გამოყენების ოფიციალური ნებართვა FDA-მ 2002 წელს გასცა. სასწაულმოქმედმა ინექციებმა სამყაროს თავბრუ დაახვიეს და, საბოლოოდ, მილიარდობით დოლარის ინდუსტრიად იქცა. პრეპარატი ასევე ცნობილია, როგორც დისპორტი – იმ განსხვავებით, რომ პირველი აშშ-ში იწარმოება (ALLERGAN), მეორე კი – საფრანგეთში (BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL).

დღეს ცოტას თუ სურს, რომ მის სახეზე ასაკი აისახებოდეს. ერთი ინექცია და მიმიკური ნაოჭები გაქრება – თუნდაც გარკვეული პერიოდით. პრეპარატი ნერვულ იმპულსებს ბლოკავს. შედეგად, სახის კუნთების შეკუმშვა ნელდება ან პარალიზდება. სახე „იყინება” და გლუვი ხდება. შუბლის არეში, თვალის გარშემო თუ ტუჩებთან ნაოჭები ქრება.

ერთი პროცედურა, საშუალოდ, 20 კანქვეშა ინექციას მოიცავს. ნემსი – სიფრიფანაა, პროცედურა – საკმაოდ სწრაფი და უმტკივნეულო. შედეგი ინექციიდან 72 საათის შემდეგ შეიმჩნევა. საბოლოო სურათისთვის, ერთი კვირის ლოდინი მოგიწევთ. ეფექტი 6-7 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.
რთული არც პროცედურის შემდგომი რეკომენდაციებია: ინექციიდან 3-4 საათი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაჩერება, რამდენიმე დღე გარუჯვის, საუნისა და სახის მასაჟისთვის თავის არიდება.

ეს მარტივი „ოპერაცია”, არაქირურგიულ ესთეტიკურ პროცედურებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზეა. ეს ვარსკვლავების დამსახურებაცაა – ცნობილი ადამიანები, იდეალურად სწორედ ბოტოქსის მეშვეობით გამოიყურებიან.

2009 წელს აშშ-ში 2.5 მილიონი მსგავსი პროცედურა ჩატარდა. საქართველოში ანალოგიური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ესთეტიკური მედიცინის ადგილობრივი ქურუმები ირწმუნებიან, რომ არაქირურგიულთა შორის, ის ყველაზე პოპულარულია. საქართველოში ბოტოქსის ფასები 300 ლარიდან იწყება და სამკურნალო უბანის სირთულის შესაბამისად იზრდება.

ერთი ცუდი ამბავიც გვაქვს: მარადიული ახალგაზრდობა ასე მარტივად მოსაპოვებელიც არაა. რისკები ბოტოქსის ინექციასაც ახლავს.

ბოტულინის ტოქსინი სიცოცხლისთვის საშიში შხამია. მთავარი გვერდითი მოვლენა – სიკვდილია. ნუ შეშინდებით – ინექციისას, შესაბამისი დოზის შემთხვევაში, ფატალური შედეგები გამორიცხულია.

ესთეტიკური მიზნებისთვის ბოტულინის ტოქსინის მცირე რაოდენობაა საჭირო. არასწორი დოზირება, ინექციის მიღმა არეებში ბოტოქსის გავრცელებას გამოიწვევს. ეს ბოტულიზმისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს – ყლაპვისა და სუნთქვის პრობლემები, სახის კუნთების უნებლიე სპაზმები – იწვევს.

გვერდითი მოვლენები, სწორი დოზირებით ინექციასაც შეიძლება მოჰყვეს – სისხლჩაქცევა ინექციის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე, მხედველობის გაორება ან გაბუნდოვანება, შარდის ბუშტის კონტროლის დაკარგვა.

თუ პრეპარატი არასწორ ადგილას შეიყვანეს, შესაძლოა, ქუთუთო ჩამოგივარდეთ და უფრო ასაკოვანის გამომეტყველება მიიღოთ. ანაც წარბები აგეჭიმოთ და მუდამ გაოცებულს ჰგავდეთ. არასასურველი ეფექტი თვეობით – ბოტოქსის „ვადის” შესაბამისად – გაგრძელდება.

ამრიგად, ექიმის კვალიფიკაციაზე ბევრია დამოკიდებული. პაციენტსაც გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რა სურს, რას ელის და არის თუ არა რისკ-ჯგუფში. რისკ-ჯგუფს ალერგიული ადამიანები, ორსულები და მეძუძური დედები მიეკუთვნებიან. ასევე პაციენტები, რომლებიც იღებენ ანტიბიოტიკებს ან გულსისხლძარღვთა დაავადებებზე მკურნალობენ.

იტალიაში, ვირთხის თავის არეში ტოქსინის შეყვანამ მისი ტვინის პარალიზება გამოიწვია. მოგვიანებით, ეჭვები უარყვეს – ბოტოქსი ტვინზე ზემოქმედების საფრთხეს არ შეიცავს.

მედიკოსები ირწმუნებიან, რომ გართულებები ხშირი არ არის. სწორად ჩატარებული პროცედურა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ბოტოქსის დადებითი შედეგები რისკებს მართლაც აჭარბებს.

კუნთების მოდუნება არა მხოლოდ ნაოჭებს შველის – ამ მეთოდით ისეთი ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაა შესაძლებელი, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სპაზმები ახასიათებს.

ბოტოქსი აპრობირებული მეთოდია სიელმის გასასწორებლად. გამოიყენება ჭარბოფლიანობის სამკურნალოდაც – საქართველოში მსგავსი მკურნალობის ფასი, მაგალითად, ფეხის ან იღლიის არეში, 800 ლარიდან იწყება.

2010 წელს, ათასობით ექსპერიმენტის შემდეგ, აშშ-ში ბოტოქსი ოფიციალურად დაუშვეს, როგორც შაკიკის სამკურნალო პრეპარატი. შესაბამისი ინექციის შემდეგ, ეფექტი დაახლოებით სამი თვის მანძილზე გრძელდება.

ბოტულინის ტოქსინის ფხვნილი, ყველაზე ხშირად, მაინც კოსმეტიკური მიზნებით იხარჯება. როგორც ყველა სასწაულს, მასაც სკეპტიკოსთა მთელი არმია ჰყავს.

ჯასტინუს კერნერი
 კამათი, როგორც წესი, ბოტოქსის გამოყენების ესთეტიკურ მხარეს ეხება. არაერთ ვებგვერდზე გადააწყდებით მსოფლიო ვარსკვლავების ქრონოლოგიურად განლაგებულ ფოტოებს – ბოტოქსამდე და შემდეგ. თუ პირველი პროცედურები მათ გარეგნობაზე დადებითად აისახება, უკანასკნელ ფოტოებზე ვარსკვლავების უმრავლესობა ცვილის ფიგურასავით გამოიყურება. ზომიერებას ბევრი ვერ იცავს. აზარტში შესულების სახე, მიმიკური ნაოჭების გარეშე, გამომსახველობას კარგავს ანაც არაბუნებრივ გამომეტყველებას იღებს.

ადამიანებს დაბერების პრევენციაც სურთ. ესთეტიკური ცენტრების საიტები გვირჩევენ, რომ უმჯობესია, ბოტოქსის გამოყენება ადრეულ ასაკშივე დავიწყოთ.

აშშ-ში პარადოქსული სიტუაციები ხშირია: თინეიჯერები სიბერეს ებრძვიან – ბოტოქსით, რაღა თქმა უნდა. მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება – 2009 წელს ამ ქვეყანაში თინეიჯერებმა ბოტოქსის 12 ათასი ინექცია გაიკეთეს.

ბოტოქსი ბევრისთვის კომპრომატია. ხშირად წააწყდებით პოპულარული ადამიანების მიმართ კითხვებს: „იყენებთ თუ არა ბოტოქსს?”. თავის მართლებასაც მოისმენთ: „ღმერთმანი, მე მას არც ვეკარები!”. მეგან ფოქსმა ფოტოების სერიაც კი გამოაქვეყნა facebook-ზე, ბოტოქსთან დაკავშირებული ჭორების უარსაყოფად.

როგორც ჩანს, ადამიანები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ბუნებრივი სილამაზე, „ხელოვნურად” მოპოვებულს აღემატება. რაც უნდა იყოს, თუ კანქვეშ მცირეოდენი შხამის შეყვანის არ გეშინიათ – მარტო არ ხართ. თქვენ გვერდით მილიონობით ადამიანია.

კომენტარები