პატრისია ურკიოლა: თანამედროვეობა არის საკუთარი მომავლის ძიება

0 კომენტარი

 მილანის ცნობილი ექსპო iSalone ერთგვარი მოდის კვირეულია, სადაც ტანისამოსის მაგივრად ავეჯს და ინტერიერს ათვალიერებ. მოგზაურობ კილომეტრებზე გაჭიმულ სხვადასხვა ინტერიერში, შედიხარ თანამედროვე იტალიურ და მსოფლიო დიზაინის დისკურსში: სადაც კვლავაც პოსტმოდერნია. როცა ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ყველაფერი დაშვებულია. ახალი დიზაინის დიდი ნაწილი – კონცეფციით გადატვირთული საყოფაცხოვრებო ნივთებით – სწორხაზოვანი, ცივი, უსიცოცხლო და არცთუ ისე კომფორტულია. მაგრამ ჭეშმარიტი ვარსკვლავები, რა თქმა უნდა, ყველგან ბრწყინავენ და მათი ამოცნობა ქაოსშიც კი შეიძლება. აი აქაც, ამ ქაოსში, ხედავ სავარძელს და გინდა დაჯდე ან ხელით შეეხო... იქვეა ხალიჩაც, გგონია, რომ მასზე ოდესღაც გაგივლია კიდეც... თანამედროვეა და თან – არა. უცხოა და, ამავდროულად, ძალიან ნაცნობი. მისი ავტორი პატრისია ურკიოლაა. ესპანელი, რომელიც თანამედროვე დიზაინის ისტორიას ქმნის.

ენერგიული და კეთილად მოსაუბრე ურკიოლა გამოჩენილი ფიგურაა, მისი იდეები თანამედროვე დიზაინის მამოძრავებელი ძალაა. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები რიგში დგანან, რომ ურკიოლასთან ითანამშრომლონ – ის ქმნის საკულტო ნივთებს ნებისმიერი ინტერიერისათვის – იქნება ეს საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე.

 მასთან შეხვედრა მის მიერვე შექმნილ ტახტზე, კომპანია MOROSO-ს პავილიონში გაიმართა.
MOROSO იტალიური დიზაინის კომპანიაა, რომელიც ლუქს კლასის ავეჯს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ქმნის. შემოქმედებითი სიახლე და ხარისხი ამ ფირმის პრინციპია. პატრიციაც, უკვე 10 წელია, ამ ხაზს არ ღალატობს.

მყარი და რბილი ფაქტურები,უცნაური ზედაპირების გარემოცვაში ვართ, თქვენი ნამუშევრები ხან ძალიან მკაცრ, ხან კი პირიქით – რბილ, ნაზ ასოციაციებს იწვევს. მინდა გკითხოთ ამ განსხვავების შესახებ.

კარგია, რომ თავიდანვე ასეთი კითხვა დამისვით. განათლებით არქიტექტორი ვარ, 4 წელი ესპანეთში, 4 წელი კი აქ, მილანში ვსწავლობდი. ძალიან მიზანსწრაფული ვარ, არც შემართებასა და სიმტკიცეს ვუჩივი. ყველაფრის საფუძველი ის სიმყარეა, რაც ჩემს ნამუშევრებში იგრძნობა. მაგრამ, ამავე დროს, ხასიათში ერთგვარი თვისება მაქვს, რომელიც მგრძნობიარეა ფუნქციონალურობის მიმართ, არა მხოლოდ ერგონომიული კუთხით, არამედ კონცეპტუალურ დონეზე. ფუნქციონალიზმის ემოციური მხარე მაინტერესებს. მე შუაში ვარ, ბალანსს ვეძებ ორ კონცეფციას – სიმტკიცესა და მგრძნობიარობას – შორის.

 1989 წელს პატრიცია ურკიოლამ მილანის პოლიტექნიკური უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. მისი ხელმძღვანელი ცნობილი არქიტექტორი და დიზაინერი ატილე კასტილიონი იყო. მიუხედავად დიდი იტალიელი პედაგოგებისა, ესპანურ წარმომავლობასა და ტრადიციებისადმი ყურადღებას მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს. 90-იანი წლებიდან, ცნობილი დიზაინერების ასისტენტი და თანამოაზრე გახდა, ვიკო მაჯისტრეტისთან ერთად შექმნა საკულტო სკამი „ყვავილი”, მილანსა და პარიზში პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო.

საინტერესოა, რამდენად ინტუიტიურია თქვენი ნამუშევრები, აკეთებთ თუ არა კვლევას პროექტებისათვის, გაქვთ თუ არა რაიმე პერსონალური სისტემა, რომლის მიხედვითაც ანვითარებთ რაიმე კონკრეტულ თემას?

ვფიქრობ, რომ შემოქმედება ინტუიტიურია, თუმცა, თუ გინდა, რომ არქიტექტორი ან დიზაინერი იყო, კვლევა აუცილებელია და მე ვცდილობ ფუნქციონალური დიზაინი შევქმნა. ყველგან კულტურას, ცოდნას უნდა ეძებდე და, ამავე დროს, რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყო პერსონალური „კულტურის” „აშენება”. მთელი ცხოვრება უნდა აკეთო ეს და არასდროს შეწყვიტო ზრდა. ეს ერთი მხარეა, მეორეა თავად ნამუშევარი, რომელიც გინდა იყოს ახალი და „მსუბუქი”. ამას ინტუიტიურად უნდა მიხვდე. უნდა ხვდებოდე საზოგადოებას, რომელიც შენ ირგვლივაა; რა არის აქ ახალი, რა არის ძველი, გადასაგდები ან არააქტუალური – ოღონდ ეს კითხვები შენში უნდა იყოს.

თქვენ მრავალ მწარმოებელთან თანამშრომლობთ, MOROSO მათ შორის გამორჩეულია. როგორ ურთიერთობთ ამ კომპანიასთან?

 მე ჩემი სტუდია მაქვს, სადაც სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობ ასისტენტებთან ერთად. პატრიცია მოროსო ჩემი მეგობარია, ის „ცხოვრობს” თითოეულ პროექტში – არ აქვს მნიშვნელობა მე ვარ დიზაინერი თუ ვინმე სხვა. მისია ეს კომპანია – კრეატიული დირექტორია. აი, მაგალითად, ტყავის ტახტი, რომელიც თითქოს ქსოვილის ფაქტურაა; ერთად გადავწყვიტეთ, რომ ლურჯი ყოფილიყო. ან ის სავარძელი, რომელიც აი იქ, უკან დგას, გარემოხმარებისთვისაა შექმნილი. მაგრამ ისეთი შეგრძნება გექმნება, როდესაც მასზე ზიხარ – თითქოს შიდა მოხმარების რბილი ავეჯია, პოლიესტერის გადამუშავებული მასალისაგანაა გაკეთებული, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა, გასული წლის ბოლოს წარმოვადგინეთ კოლექცია „კლარა”. თავიდან დივანი გავაკეთე, რომელიც რაღაც მისტიკური გამოვიდა. პატრიცია მოროსოსთან ერთად ბევრი კოლექცია შევქმენით. ჩვენი მუშაობის მანერა ძალიან მსუბუქი და ადვილია, ერთმანეთს ვავსებთ.

მისტიციზმის განცდა ახსენეთ, როდესაც თქვენს გაცრეცილ ხალიჩებს და დაგვირისტებულ სავარძლებს ვუყურებ, მეც იმავეს ვგრძნობ – მისტიკურია და ამავდროულად ისტორიული, თანაც თანამედროვე კონტექსტში. ფიქრობთ, რომ მეხსიერების, წარსულის განცდა, თქვენს შემოქმედებაში ძლიერია?

იცით, როგორც ნაბოკოვი ამბობს ერთ-ერთ თავის წიგნში „მეხსიერება გამოიხატება გამოხატვაში ან არსებობს გამოხატვაში”. მეხსიერება და დრო გამჭვირვალე და ძალიან მსუბუქია – როგორც ლაქა წყლის ზედაპირზე. ჩემთვის თანამედროვეობა საკუთარი მომავლის ძიებაა.

მილანის iSalone-ზე წარმოდგენილი კოლექციები ახლაც მოგზაურობს და iSalone Worldwide 12-15 სექტემბერს მოსკოვში გაიმართება.



ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები