აფხაზეთი ახალი 37 წლის მოლოდინში

აგვისტოს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა – ალექსანდრ ანქვაბმა მოიპოვა. ოფიციალური თბილისი არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ამგვარი ქმედება ვერასდროს შეიძენს ლეგიტიმაციას და ვერასდროს განსაზღვრავს აფხაზეთის მომავალს”, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთიდან ეთნიკური ნიშნით გამოდევნილია მოსახლეობის უმრავლესობა და რეგიონი „იმართება და კონტროლდება საოკუპაციო ძალების მიერ”. თბილისმა საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზური არჩევნების „ადეკვატური შეფასებისკენ” მოუწოდა.

აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და განცხადებები გააკეთეს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ქეთრინ ეშტონმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ეჟი ბუზეკმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ვაშინგტონმა კი მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდა, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და საქართველოდან საკუთარი ძალები გაიყვანოს.

ალექსანდრ ანქვაბმა პირველ ტურშივე ხმების თითქმის 55 პროცენტი მიიღო. მისმა კონკურენტებმა – მოქმედმა პრემიერმა სერგეი შამბამ და ოპოზიციონერმა რაულ ხაჯიმბამ ხმების 21 და 20 პროცენტი მოიპოვეს.

როგორც ტაბულასთან საუბრისას აფხაზმა ჟურნალისტმა, გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას მთავარმა რედაქტორმა ინალ ხაშიგმა აღნიშნა, ანქვაბის გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ შეცდომებმა, რომლებიც მისმა კონკურენტებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაუშვეს. მაგალითად, შამბას პოლიტტექნოლოგებმა „კამპანია ისე ჩაატარეს, თითქოს ეს არჩევნები რომელიმე რუსულ გუბერნიაში ტარდებოდა”, რაც ამომრჩევლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სოხუმში, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ინტერვიუს საჯარო ჩვენებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. იგი ანქვაბს ომის დროს ქართულ მხარესთან თანამშრომლობაში „ამხელდა”. თუმცა, ამ აქციამ უკუეფექტი გამოიწვია და შამბაც იძულებული გახდა მას გამიჯვნოდა.

ალექსანდრ ანქვაბი საბჭოთა პერიოდში ჯერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, შემდეგ კი საქართველოს პარტიულ და შს სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა. 1992 წელს ვლადისლავ არძინბას ბრძანებით იგი აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ანქვაბისთვის სამუშაო კაბინეტის „გამოთავისუფლება” ძალის გამოყენებით მოხდა – აფხაზეთის შს მინისტრ გივი ლომინაძეს, რომელიც არძინბას ბრძანებას უკანონოდ მიიჩნევდა, აფხაზური „შინაგანი ჯარის” წარმომადგენლები კაბინეტშივე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ანქვაბმა აფხაზეთი დატოვა და მოსკოვში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. აფხაზურ პოლიტიკაში იგი 2004 წელს დაბრუნდა და მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებში სერგეი ბაღაფშს დაუჭირა მხარი. მისი გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 2009 წელს, ბაღაფშის ხელახლა არჩევის შემდეგ კი, ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ანქვაბს აფხაზეთში ხისტი, ჩაკეტილი და არასაჯარო ფიგურის რეპუტაცია აქვს. მასზე გასულ წლებში ხუთი თავდასხმა მოეწყო, ისინი დღემდე გაუხსნელია.

ანქვაბის სახელს კორუფციასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლისა და „მკაცრი ხელით” მმართველობის მოლოდინს უკავშირებენ. საკუთარი ხისტი იმიჯის განმტკიცებას ანქვაბი წინასაარჩევნო განცხადებებითაც ცდილობდა, მაგალითად, იმის შესახებ, რომ „ზოგიერთს 1937 წელიც დღესასწაულად მოეჩვენება”. ანქვაბმა სახელმწიფო მმართველობის რეფორმირების საკუთარი გეგმაც გაახმოვანა, რომლის თანახმად ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის „უსარგებლო” პოსტები უნდა გაუქმდეს და სახელმწიფო აპარატი მნიშვნელოვნად შემცირდეს.

აფხაზური საზოგადოება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალი ლიდერისგან რუსეთთან ურთიერთობებში ბოლო დროს შექმნილი პრობლემების მოგვარებასაც ელის. სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას, რუსეთისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქონების გადაცემის საკითხი და მდინარე ფსოუზე, სოფელ აიბგას გარშემო წარმოქმნილი ტერიტორიული დავა იწვევს.

„რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ბევრი სადავო მომენტია. ანქვაბს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ახალ პრეზიდენტს მის ადგილას, რუსულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგება მოუწევს”, – მიიჩნევს ხაშიგი. მისი თქმით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ამ ურთიერთობებზე გავლენას ახდენდა როგორც კრემლისადმი „მადლიერების” ფაქტორი, ასევე აფხაზური ელიტის გამოუცდელობა. ახალი პრეზიდენტის ამოცანა, ხაშიგის აზრით, მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობების „მისაღები ფორმულის” პოვნა გახდება.

თავად ანქვაბმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსულ მედიასთან საუბრებში, მხარი დაუჭირა შეზღუდვების მოხსნას რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენაზე (რასაც მოსკოვი ბაღაფშისგან უშედეგოდ ითხოვდა). ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ეს საკითხი დრამატიზების გარეშე, „საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის” თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში უნდა გადაწყდეს. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას, ამ საკითხზე რამდენიმე განცხადება ანქვაბმა არჩევნებამდე გააკეთა. კერძოდ, 22 ივლისს მან აღნიშნა, რომ სოხუმი მზადაა თბილისთან მოლაპარაკებებისათვის „რაიმე წინაპირობების გარეშე”. ამ განცხადებას მაშინ საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა და კონფლიქტის მოსაგვარებლად და დევნილების დასაბრუნებლად „ნებისმიერი ფორმით” მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

თუმცა, მოგვიანებით ანქვაბმა განმარტა, რომ ძალაში რჩება სოხუმის მთავარი მოთხოვნა თბილისის მიმართ – შეთანხმების ხელმოწერა სოხუმსა და თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რასაც ქართული მხარე ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, მისი თქმით, სხვა რეგიონებში, გალის რაიონის გარდა, ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხი „არ განიხილება და ვერც იქნება განხილული”.

ინალ ხაშიგის პროგნოზით, ალექსანდრ ანქვაბი კონფლიქტის მოგვარების პროცესში რაიმე ინიციატივას არ გამოიჩენს და „მოულოდნელ ნაბიჯებს” არ გადადგამს. „კონფლიქტი გაყინულად დარჩება, თუ ინიციატივა არ წამოვა სხვა მხარეებისგან – თბილისისგან, მოსკოვისგან ან ბრიუსელისგან”. ხაშიგის აზრით, ანქვაბი ან საკითხში „განსაკუთრებით ფრთხილი იქნება” იმის გათვალისწინებით, თუ რა ბრალდებები ისმოდა წარსულში მის მიმართ.

აფხაზურ არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა მოსკოვს საჯაროდ არ გამოუხატავს. თუმცა, რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებდა. ნებისმიერ მათგანზე კრემლს ზეგავლენის საკმარისი ბერკეტები აქვს – ფინანსური დოტაციები, სამხედრო ბაზები და ა.შ. აფხაზური არჩევნების ლეგიტიმურობას კი საერთაშორისო თანამეგობრობა მანამდე არ აღიარებს, სანამ რეგიონიდან გაძევებული ეთნიკური ქართველები და სხვა ეროვნების მოქალაქეები საკუთარ სახლებს არ დაუბრუნდებიან.

კომენტარები