ევროტური

ბოლო ხუთ ევრობასკეტს ხუთი ყველაზე კარგი, სხვაზე უკეთესი, მოურიდებელი ბიჭი ჩაუდგა სათავეში. დღეს ბოლო ხუთი ევრობასკეტის MVP-ჯოკერზე ვლაპარაკობთ. ამ ჯოკრებით იდეალური ხუთეულის შეკვრაც შეიძლება, რადგან ხუთივე სხვადასხვა ამპლუის ჰიტმენია.

შარუნას იასიკიავიჩუსი (ფლეიმეიქერი)

ევრობასკეტი 2003: 14.0 ქულა, 8.2 პასი, 3.0 მოხსნა.
Top VS: სერბეთთან, 21+11 პასი

შარასს უყვარს ის, რაც სხვისთვის მიუღებელია. იასიკიავიჩუსი არყის და ვაშლის წვენის კოქტეილთან ძმაკაცობს. შარასი აკეთებს იმას, რაც სხვისთვის ზედმეტია. იასიკიავიჩუსს ღამის კლუბებში კრედიტი აქვს გახსნილი. შარასმა იცის ის, რის აზრზეც სხვა გვიან მოდის. იასიკიავიჩუსი კალათბურთით ხატავს. ლიტველი სკანდალისტის ხელში ბურთი ფუნჯია. მხატვარს ავიწყდება იმ ფუნჯის დასველება და ტილოზე მაინც დიდი სითბო გადააქვს. იასიკიავიჩუსი მხატვარია და 8 წლის წინ, ლიტვამ აუქციონზე გატანილი ტილოებით კარგი ბონუსი დასვა. ეს ბონუსი შარასის კალათბურთი იყო – ლიტვამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო. პროფესორმა გერმანიასთან ტესტში (30 წუთში) 14 ქულა და 9 პასი აიღო. საფრანგეთთან (ნახევარფინალში) იასიკიავიჩუსმა თითქმის სამმაგი დუბლი შეკრა (14+10 მოხსნა+7 პასი) და ფინალში, ესპანეთთან აიწონა-დაიწონაში, 10 ქულას 9 პასი მიუსვა. შარასმა ტურნირი 8.2 პასით და 1.5 შეცდომით დახურა. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო (+6.7) მაჩვენებელი.

პრედრაგ სტოიაკოვიჩი (მსროლელი)

ევრობასკეტი 2001: 23.0 ქულა, 3.5 მოხსნა, 1.0 პასი.
Top VS: ესპანეთთან, 30+3 მოხსნა.

ეს ტურნირი თურქეთში იყო. თურქეთში გერმანიასთან გასაუბრების წინ, იუგების ფორვარდს, პრედრაგ დრობნიაკს ვკითხე, როგორ აპირებთ დირკ ნოვიცკის გაჩერებას-მეთქი. დრობნიაკმა სპრაიტი მოსვა, რამდენიმე წამით დაფიქრდა და – დირკმა ისროლოს და ჩვენ მოვიგებთო, თქვა. დირკმა მხოლოდ სროლა იცის და ჩვენ, იუგოსლავიაში კალათბურთს ვთამაშობთო. კალათბურთის თამაში ალბათ, დირკმაც იცის. ალბათ, დრობნიაკზე უკეთ. ალბათ, პეჟა სტოიაკოვიჩზე უკეთ. სტოიაკოვიჩის კალათბურთი რეალურად, მხოლოდ სროლა იყო. სტაბილური, ავტომატიზმამდე აყვანილი სროლა. ლატვიასთან მეოთხედფინალში სტოიაკოვიჩმა შვიდივე სამიანი ჩასვა და 23 წუთში 29 ქულა დაირტყა. ესპანეთთან მძიმე და საინტერესო ტესტში (ნახევარფინალი) პო გასოლის ბანდას (33 წუთში) 30 ქულა აჩუქა. პეჟა კარგად ისროდა. ფინალში სტოიაკოვიჩმა თურქებთან 7 სამიანიდან 6 ვერ გამოიყენა. ფინალი დეჟან ბოდიროგამ (18+7 მოხსნა) მოიგო. MVP სტოიაკოვიჩი გახდა.

ანდრეი კირილენკო (ფორვარდი)

ევრობასკეტი 2007: 18.0 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.4 პასი, 1.9 ჩაჭრა, 1.3 დაფარება.
Top VS: ლიტვასთან, 29+8 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება.


კირილენკოს მოაქვს ქარიზმა, ლტოლვა, შარმი და ამ გემრიელი ინგრედიენტებით დევიდ ბლატის მენიუში სულ რაღაც განსაკუთრებული, უსახელო და დაუფასებელი კერძია. კირილენკო რუსების ნოვიცკი, გასოლი, ტონი პარკერი, ტიმ დანკანი, შაკილ ო’ნილი და კრისტინა აგილერაა. ერუდირებული ბიჭი ერუდირებულ კალათბურთს თამაშობს და ოთხი წლის წინ, იროკეზმა ბევრი სკალპი წამოიღო.

რუსეთი ორჯერ შეხვდა ესპანეთს. ესპანეთში. პირველად ესპანეთმა 81:69 მოიგო. კირილენკო – 21 ქულა, 4 მოხსნა. მეორედ რუსეთმა შეასრულა. კირილენკომ და ჯეი არ ჰოლდენმა (ვიქტორ ხრიაპასთან ერთად) ესპანეთს ესპანეთში ფინალი 60:59 წაართვეს. კირილენკომ 17 ქულა, 5 მოხსნა და პო გასოლზე ბილ რასელის დაცვა შეკრა. ლამაზი სტატისტიკური თაიგულით რუსეთმა მოიგო.

მთელ ევრობასკეტზე ანდრეიმ ერთხელ ვერ აკრიფა 12 და მეტი ქულა. კირილენკო საფრანგეთთან შეიზღუდა. კირილენკომ საფრანგეთთან 6 ქულა, 6 მოხსნა, 4 დაფარება, 3 პასი და 7 ჩაჭრა აიღო. კირილენკომ საფრანგეთი შეზღუდა.

დირკ ნოვიცკი (ფორვარდი)

ევრობასკეტი 2005: 26.1 ქულა, 10.6 მოხსნა, 1.9 დაფარება, 1.7 პასი.
Top VS: თურქეთთან, 33+10 მოხსნა+3 დაფარება.


ჯონ ლენონი – ნებისმიერი იდიოტის უკან მაგარი ქალი დგას.

ჯონ ლენონი – ყველაფერი უფრო იოლია, თუ შეყვარებული ხარ.

ჯონ ლენონი – ჩემთან ერთად მუსიკა მუსიკაა. ჯონ ლენონის გარეშე მუსიკა რუტინაა.

ჯონ ლენონი – ოცნება, რომელზეც მარტო ოცნებობ, ოცნებად რჩება. ოცნება, რომელსაც სხვას უზიარებ, რეალობაა.

დირკ ბაუერმანი (გერმანიის ნაკრების მწვრთნელი) – ნებისმიერი გერმანელი იდიოტის უკან დირკ ნოვიცკი დგას.

დირკ ბაუერმანი – ყველაფერი უფრო იოლია, თუ დირკ ნოვიცკი გყავს.

დირკ ბაუერმანი – დირკთან ერთად კალათბურთი კალათბურთია. დირკის გარეშე კალათბურთი რუტინაა.

დირკ ბაუერმანი – ნოვიცკი, რომელიც მარტო თამაშობს, მხოლოდ ნოვიცკია. და ეს საკმარისია. ბაუერმანი თითქმის ლენონია. ნოვიცკი კალათბურთია.

პო გასოლი (ცენტრი)

ევრობასკეტი 2009: 18.7 ქულა, 8.3 მოხსნა, 2.2 დაფარება, 1.2 პასი.
Top VS: საფრანგეთთან, 28+9 მოხსნა+3 დაფარება


ბოლო ხუთ ევრობასკეტზე პო გასოლი ოთხჯერ ტურნირის პირველ ხუთეულში შედის. TOP.

ბოლო ევრობასკეტზე პო გასოლმა საფრანგეთთან 13 სროლიდან 11 გამოიყენა. TOP.

ბოლო ევრობასკეტის ფინალში, პო გასოლმა სერბეთთან 22 წუთში 18 ქულა და 11 მოხსნა დააჯინა. TOP.

ბოლოსწინა ევრობასკეტზე პო გასოლმა რუსეთთან ფინალში თორმეტიდან 7 საჯარიმოს შემდეგ, ბურთი აკრედიტირებულ ფოტობიჭებში გაუშვა. ცუდია, ანუ FLOP.

პო გასოლი ესპანელ ჟურნალისტებთან ჭორაობის დროს ამბობს, ეს ჩემი ბოლო ევრობასკეტი იქნება და აბა, მაგრადო. FLOP.

პო გასოლი ბოლო დეკადის ყველაზე სანდო ცივი იარაღია. გასოლი ესპანეთის ნაკრების მაჩეტე და არბალეტია.
მალე პოც წავა.


კომენტარები