ილია ჭავჭავაძის სიტყვა

ადამიანები ხშირ შემთხვევაში მიამიტურად ვთვლით, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოება, და ის სოციალური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური სისტემები, რომლებსაც ეს საზოგადოება ემყარება, მუდმივ პროგრესს განიცდის. თუმცა რეალობა სხვაგვარია და დროის მსვლელობას ისევე ახასიათებს პროგრესული იდეებისა და სისტემების შექმნა, როგორც მათი მივიწყება, დისკრედიტაცია და უგულებელყოფა. ილია ჭავჭავაძის აზრები და შეხედულებები ასეთი მივიწყებული (ჩვენ მიერ) იდეების კარგი მაგალითია. ქვემოთ „გახსენებულ” ილიას ერთ-ერთ გამოსვლაში (გთავაზობთ მის შემოკლებულ ვარიანტს) ნათლად ჩანს, თუ რამდენად ზედმიწევნით ზუსტად ესმოდა მას სოციალისტური ხასიათის „დახმარების” სისტემის ნეგატიური არსი და როგორ ცდილობდა რაციონალური მსჯელობით დაპირისპირებოდა მას. სამწუხაროდ იმავეს მტკიცების საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს როგორც საქართველოში, ისე ბევრად უფრო მოდერნულ დასავლეთშიც.

ზურა ჯაფარიძე

ეს წუთის სოფელი ისეთია, რომ ვინც თვითონ არ მხნეობს, ვინც თვითონ არ იბრძვის დღიურის ლუკმისათვის, იმისი ბედი გადაწყვეტილია. იმას შეიძლება ერთს დღეს, ან რამოდენიმე ხანს კაცმა კაცთმოყვარებით უშველოს, მაგრამ მას მერმედ ისევ მშიერია, ისევ გასაძღომია –  დაერთი გკითხავთ: როდემდის უნდა ვაძღოთ ჩვენ? მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც დღეს ბანკში ფულია, სულ რომ დღესვე დავურიგოთ მცონარე მშივრებს, ხვალ უფრო ბევრი მშიერი მოგვადგება, – ხვალ რითღა გავცე პასუხი? რაც დღეს ბანკს ფული აქვს, ათჯერ იმაზედ მეტი ფული შეგვძინა ჩვენ ყმების განთავისუფლებამ, –  განა მაგან მოჰსპო ივანეს და პეტრეს შიმშილი ? 

ვინც თვითონ არ ჭირნახულობს, ვინც თვითონ თავის მარჯვენით არ ცდილობს თავის სტომაქის ავსებას, ის, ბატონებო, ცხრილია, რომელიც მაინც არ აივსება, თუნდა მთელი მტკვარი გაუწყვეტლივ ზედ მიუშვათ. რა თანხა გაუძლებს მშიერს მცონარეობას? მარტო იმისთანა თანხა, რომელმაც იმოდენი უნდა იმატოს, რამოდენსაც დააკლებთ. თუ ჩვენგანი ვინმე ამისთანა გრძნეულს თანხას შეადგენს, ჩვენ იმისათვის დიდის სიხარულით გზა დაგვიცლია. ვიმეორებ: ერთხელ და ორჯელ რომ გააძღოთ მცონარე მშიერი, ეგ კაცმოყვარეობაა, მაგრამ მაინცადამაინც ამით სამუდამოდ წყლულს ვერ გავიმთელებთ, იმიტომ რომ თავის თავის წყლული თვითონ მცონარე მშიერი არის. ან რად გვინდა, რომ ამგვარ კაცთათვის ეგრე ვწუხვართ და ჩვენი მწუხარება იქამდინ მიგვყავს, რომ გვინდა ბანკი მაგ მწუხარებას ვანაცვალოთ. მცონარეობას რომ საზრდო მივსცეთ, ეგ მცონარეობის წაქეზებასა და გამრავლებას მოასწავებს. წაქეზება, ხელის გამართვა გაჭირვებულს ბეჯითობას უნდა, იმიტომ რომ მარტო ბეჯითობაა ჩვენი მხსნელი და ქვეყნისათვის ნაყოფიერი, – და არა მშიერს მცონარეობას, რომელიც იმოდენად დიდს პირს აღებს, რამოდენადაც დიდს ლუკმას აწვდით და რომელიც რამოდენად ძლიერია, იმოდენად აღარიბებს ქვეყანასა. ჩვენის ქვეყნის იარა მცონარეობაა. რაც ადრე მოვიშორებთ მაგ იარას, მით უფრო მალე მოვიპოვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კეთილდღეობასა. 

უწინაც მითქვამს და ეხლაც მოგახსენებთ, რომ ბანკი ამ მხრით, ესე იგი, იმით, რომ ფულს ასესხებს, კაცის ამშენებელიც არის და დამღუპავიცა. ვინც ბეჯითია და მხნე, ვისაც გონება აქვს, გულმოდგინე შრომის სურვილი და მხოლოდ ფული აკლია, რომ თავისი საქმე წარიმართოს, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, რომ იმისათვის ბანკი ყოვლად მხსნელი სახსარი იყოს. მაგისთანა კაცს არა სასტიკი კანონი, ბანკის სიმკვიდრის ქვაკუთხედად დადებული, ვერ დააბრკოლებს, ვერ დააფთხობს, გულს წინადვე ვერ გაუხეთქს, იმიტომ, რომ მხნე და ბეჯითია. ბეჯითობა კიდევ თითქმის ყოვლად შემძლებელია, ანგარიშიანია, იცის, რომ ფულს წინდაუხედავათ არავინ არ გაასესხებს, თუ ფულის დაღუპვა არ უნდა. ამისთანა კაცს იმ ბეჯითობასთან, იმ მხნეობასთან, იმ შეუწყვეტელ შრომის სურვილთან ოღონდ ფულის შოვნის გზაც მიეცით და რაც უნდა ძნელი გზა იყოს, იგი იმ გზას უსათუოდ გადალახავს. მარტო ამისთანა კაცი  უნდა შეჰხაროდეს ჩვენს ბანკსა და ჩვენც, მოწყალენო ხელმწიფენო, მარტო მაგისთანა კაცს უნდა წავხაროდეთ. კაცი ბეჯითი, მხნე, შრომის მოყვარე რამოდენსაც თავის თავს შეჰმატებს ჩვენის ბანკის შემწეობით, იმოდენას შეჰმატებს ჩვენს ქვეყანასაცა: თავის შემოსავალს ოცი კოდიც რომ მოუმატოს, ჩვენი ქვეყანა უწინდელზედ ოცის კოდით უფრო მდიდარი შეიქმნება იმის მეოხრებით და ჩვენის ბანკის შემწეობით. თუ შევსწუხდებით ვისთვისმე, სწორედ ამისთანა კაცისათვის უნდა ვიწუხოთ. თუ ეს ასეა, მაშ ჩვენგან რამდენჯერმე წარმოთქმული მწუხარება მასზედ, რომ ბანკის კანონები სასტიკიაო, ნოტარიუსთან მეზარება მისვლაო და სხვა ამგვარი, – მეტია და სათაკილო ამისთანა კაცისათვისა. მეტყვიან, რომ თუ მართლა მარტო მაგისთანა კაცებს უნდა უხაროდესთ ბანკი, მაგისთანა კაცები ჩვენში ცოტანი არიანო, მაშ ბანკი რაღად გვინდოდაო? მეც სრულის ჩემის გულისტკივილით დაგეთანხმებით, რომ მაგისთანა კაცები ჩვენში ბევრნი არ არიან, მაგრამ ჩვენი უგულითადესი სურვილია, რომ მარტო მაგისთანანი გამრავლდნენ. სხვანი კი, ესე იგი, ისინი ვისაც ბანკი უხარიან მარტო იმისთვის, რომ ფულებს მალე ვისესხებო და იმ ფულებით ქეიფს გავსწევო, იმათთვის არამც თუ ჩვენი ბანკი, ყოველგვარი ბანკი წინადვე გათხრილი სამარეა. ჩვენი ბანკი, მართალია, ამისთანა კაცსაც ფულს ასესხებს, რადგანაც ჩვენი ბანკი კაცს კი არ ანდობს ფულს, არამედ მის უძრავს ქონებას, მაგრამ ეს სესხი მოუღებს კიდეც ბოლოს ამგვარს კაცსა. სესხს მოშორება უნდა და ეგ მოშორება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა კაცი ნასესხს ფულს ხეირიანად მოიხმარებს. თუ არა და გაეყიდება მამული და ამით უკანასკნელი ლუკმა გამოეცლება პირიდამა. ამგვარს კაცს არა ეშველება რა. ნურავის ნუ გვაქვს იმედი, რომ ამგვარს კაცს ბანკმა უშველოს რამე. ვინც თვისის ხელით წყლულს ხელახლად იწყლულებს, იმას ვერა მოარჩენს რა სიკვდილის მეტი. 

კომენტარები