ძველით ახალი მედია

ყოველი ახალი მედიის გაჩენისას წინასწარმეტყველებდნენ, რომ ის წინამორბედ(ებ)ს ჩაანაცვლებდა. თუმცა, ტრადიციული მედიასაშუალებები დღემდე თანაარსებობენ. მათ გაქრობით ჯერჯერობით არც ახალი მედია ემუქრება, მაგრამ, ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო დიდ აუდიტორიას იზიდავს. ახალი ამბების სამყაროში კი უკვე რევოლუციური ძვრებიც  გამოიწვია. თან, ეს მხოლოდ დასაწყისია. ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში, ამბების ინდუსტრია მომავალს ვეღარ აკონტროლებს. არც ინტერნეტია უბრალოდ მორიგი მედიუმი. მან ადამიანების დამოკიდებულება და ინტერაქცია ახალ ამბებთან თვისობრივად შეცვალა. 

ცვლილებების არშემჩნევა მათაც გაუჭირდებათ, ვინც ახალ ამბებს დიდი ინტერესით არ ადევნებენ თვალს. ტელევიზიით ჩნდება მოყვარულების
გადაღებული არაერთი ვიდეო. ტრადიციული მედიასაშუალებები ავრცელებენ და იმოწმებენ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას. ზღვარი ბუნდოვანი გახდა პროფესიულ და სამოყვარულო ჟურნალისტიკას შორისაც – ბლოგები ყველას აძლევს საშუალებას, ჟურნალისტებად იქცნენ. თავიდან ბლოგერები ჟურნალისტებმა მტრადაც კი აღიქვეს. თუმცა, დღეს მათ დამხმარეებადაც მიიჩნევენ. ამავდროულად, პროფესიონალი ჟურნალისტები ცდილობენ, რომ მათსა და დანარჩენებს შორის ზღვარი მკაფიოდ გამოკვეთონ. წყალგამყოფად პროფესიული სტანდარტების დაცვასა და ხარისხს ასახელებენ. 

მართალია, ახალი მედია ტრადიციული მედიის დამხმარედ იქცა, თუმცა, ამავდროულად დიდი გამოწვევის წინაშეც აყენებს. მას აუდიტორიისა და რეკლამის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ ახალი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება, ნაწილობრივ სახეცვლილებაც კი უწევს. ახალი მედიის როლის ზრდამ, შესაძლოა, ტრადიციული მედიის ნაწილს საკუთარი პრინციპების გადახედვისკენაც უბიძგოს. 

წლების განმავლობაში ახალი ამბების სამყაროში ობიექტურობა და მიუკერძოებლობა უმთავრეს პრინციპებად მიიჩნეოდა. სკეფსისი იმის თაობაზე, თუ რამდენად მიღწევადია ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, არახალია. თუმცა, ისეთი მედიაორგანიზაციები, როგორიცაა BBC და CNN, მათ ამოსავალ წერტილადაც მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ. ამავე დროს, ისინი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ მემარცხენე ფრთისადმი შეფარული თანაგრძნობისათვის. დღეს კი, საკითხს სხვა კუთხე გაუჩნდა – არა ის, ობიექტურობა შესაძლებელია თუ არა, არამედ – რაზეა მოთხოვნა. ჭარბი ინფორმაციის პირობებში – როდესაც წყარო უამრავია – მომხმარებლისთვის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება არა მხოლოდ მშრალად მიწოდებული ამბები, არამედ ის, თუ რას ნიშნავს ეს მათთვის. გარდა იმისა, რომ აუდიტორია ტრადიციული მედიისგან ფაქტების გადამოწმებას ითხოვს, მათ ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადში ამ ყველაფრის კონტექსტში მოთავსებაც სჭირდებათ. საუბარი არაა ვიწროდ პოლიტიზირებული პოზიციების დაკავებაზე, არამედ იმაზე, რომ ჟურნალისტის ხმა არ დაიკარგოს.  

ამ ფენომენს ჟურნალმა The Economist-მა ახალი ამბების “ფოქსიფიკაცია” უწოდა – ამერიკული ტელევიზია Fox News-ის სახელის მიხედვით. ახალი ამბების კომენტირებისას (მემარჯვენე პოზიციებიდან) სითამამემ ტელევიზია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ნიუს-ორგანიზაციად აქცია. ცხადია, Fox News არ არის ერთადერთი მედიაორგანიზაცია, რომელიც თავის პოზიციას გვთავაზობს. აშშ-ში არაერთი ტელევიზია აშუქებს ამბებს მემარცხენე პოზიციიდან, მაგალითად, MSNBC. ახალმა მედიამ ეს ტენდენცია შეიძლება დააჩქაროს. 

არსებობს მოსაზრება, რომ თავის დროზე, მე-19 საუკუნეში, პარტიული პრესის არსებობის პირობებში, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გაჩენა და წინა პლანზე გადმოტანა, კონკრეტულმა ეკონომიკურმა გარემოებებმა განაპირობა. გაზეთებს მეტი შემოსავალი სჭირდებოდათ. შესაბამისად, უფრო ბევრი რეკლამის მიზიდვას ის შეძლებდა, ვინც არა ვიწრო ჯგუფზე, არამედ ყველაზე გავიდოდა. ახალი მედიის გავლენა და  რეალობა კი ჟურნალისტიკას თავის ფესვებთან მეტად აახლოებს. ივარაუდება ისიც, რომ  ცვლილებების კვალდაკვალ, ობიექტურობაზე მეტად გამჭვირვალობა დაფასდება.

დღესდღეობით სოციალური მედია ყველაზე დიდ კონკურენციას ბეჭდურ მედიას უწევს. ბეჭდური მედიის კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგრძნობა. აქ გასულ წელს პირველად გადააჭარბა ონლაინ ახალი ამბების მომხმარებლების რაოდენობამ გაზეთების მკითხველებისას. ასევე პირველად, ონლაინმედიამ რეკლამებით მიღებული შემოსავლებით ბეჭდურ მედიას გადაუსწრო. 

ბეჭდური გამოცემები სხვადასხვა სტრატეგიებს იმუშავებენ: ქმნიან ვებსაიტებს, სადაც მასალაზე წვდომა ფასიანი, ან ნახევრად ფასიანია. თუმცა, იქიდან მიღებული შემოსავლები ბეჭდვისა და სხვა ხარჯების მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს. ზოგმა, სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებული სტრატეგია აირჩია – რამდენიმე გაზეთმა, მაგალითად The Guardian-მა, იმისთვის, რომ გლობალურ წარმატებას მიაღწიოს, თავის მასალაზე სრული უფასო წვდომა დააწესა. შეიქმნა ვებსაიტებიც, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებებს ფარავენ და ძირითადად, შემოწირულობებით საზრდოობენ.  
მსოფლიო ტენდენციას ნელა, თუმცა მაინც მიჰყვება საქართველო. მართალია, საქართველოში ონლაინ მედია ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული. თუმცა, სოციალური მედია უკვე აქაც უწევს კონკურენციას ბეჭდურ მედიას. CRRC-ის 2011 წლის მონაცემებით, თუ მომხმარებლების უმეტესობა (70%) სოციალურ ქსელებს ანიჭებს უპირატესობას, 45%  ინტერნეტს უშუალოდ ინფორმაციის საძიებლად იყენებს (2009 წელს ეს მონაცემი 34% იყო). საერთო ჯამში, მთელი მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს მიაჩნია ინტერნეტი ახალი ამბების პირველწყაროდ. თუმცა, ის ტელევიზიის შემდეგ მეორე ადგილზეა და ბეჭდურ მედიასაც უსწრებს. მოსახლეობის 11%-სთვის ის ინფორმაციის მეორადი წყაროა, რაც თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია 2009 წელთან შედარებით. 

დღეს სულ უფრო მეტი ჟურნალი, თუ გაზეთი ქმნის ვებსაიტს. გაზეთები, ჟურნალები და საინფორმაციო სააგენტოები თავიანთი მასალის გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ Facebook-სა და Twitter-საც. იზრდება ბლოგოსფეროც.

რაც შეეხება მომგებიანობას, სამწუხაროდ არ არსებობს მონაცემები, სარეკლამო ბაზრის რა წილი მიაქვს სოციალურ მედიას. მონაცემები არ მოჰყავს, თუმცა Freedom House-ი თავის ანგარიშში, რომელიც საქართველოში ინტერნეტ თავისუფლებას ეხება, წერს, რომ სოციალური მედიით მიღებული სარეკლამო შემოსავლები ჯერჯერობით მინიმალურია და რეკლამების მიზიდვა ჭირს. თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების ზრდასთან და სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, პრობლემა სავარაუდოდ დაიძლევა. ბუნებრივია, ეს მთლიანად მედიასაც არგებს. სოციალური მედიის დახვეწა და პოპულარიზება საქართველოს მედიაგარემოს გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.  

კომენტარები