რა შეცვალა თერთმეტმა სექტემბერმა

რა შეცვალა თერთმეტმა სექტემბერმა

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცხრამეტმა ტერორისტმა 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, ერთი – პენტაგონს, ერთიც, მგზავრების წინააღმდეგობის გამო, მინდორში ჩამოვარდა. ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე თეთრი სახლი, ან კაპიტოლიუმი იყო. 

ალ-ყაიდას მოწყობილმა ტერაქტმა 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

2001 წლის 11 სექტემბერს, პერლ ჰარბორის შემდეგ, ამერიკას პირველად დაესხნენ თავს. ამ მოვლენამ აშშ-ის პოლიტიკა და პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეცვალა.

პირველი, რისი გადაფასებაც მოხდა, ტერორიზმის გაგებაა. 9/11-მდე ტერორიზმი დანაშაულად ითვლებოდა. მას ისეთივე მეთოდებით ებრძოდნენ, როგორც ძარცვას ან ყაჩაღობას. ზიანის და მსხვერპლის მასშტაბიდან გამომდინარე, ამ ტრაგედიას სამხედრო აგრესიის კვალიფიკაცია მიეცა. სისხლის სამართლიდან ომის კანონების სფეროში გადასვლამ, ტერორიზმთან მებრძოლებს ხელფეხი გაუხსნა. მის წინააღმდეგ გლობალური ომი გამოცხადდა.
9/11-მა ცხადყო, რომ ტერორისტთა ბრძოლა ამერიკის წინააღმდეგ თვისობრივად ახალ ფაზაში გადავიდა. თეთრმა სახლმა გაიაზრა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, რადიკალური ზომების მიღების გარეშე, ტერორისტების ხელში მასობრივი განადგურების იარაღის ჩაგდებაც კი, მხოლოდ დროის საკითხი იყო. გაუვრცელებლობის რეჟიმის იმედად ყოფნა, ილუზიების ტყვეობაში დარჩენას ნიშნავდა. 

ამ გამოწვევის პასუხად, ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, “ერთპროცენტიანი დოქტრინა” შეიმუშავა. ჩეინის აზრით, ამერიკა ნაკლებად სავარაუდო საფრთხესაც მთელი სერიოზულობით უნდა მოკიდებოდა და რისკების გასანეიტრალებლად, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოეყენებინა. 
9/11-მა შეერთებული შტატების დაზვერვის ნაკლოვანებები წარმოაჩინა – ის, რომ ადმინისტრაცია ადეკვატურად ვერ აფასებდა ტერორიზმის საფრთხეს, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ცუდი მუშაობის შედეგი იყო. ცხადი გახდა, რომ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები რადიკალურ გადახედვას საჭიროებდა. 

ცვლილებები შეეხო ტერორისტების დაკითხვის ფორმებს. დაზვერვის თანამშრომლებს ნება მიეცათ იძულების მეთოდები გამოეყენებინათ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ე.წ. დახრჩობის სიმულაცია (Waterboarding), რის გამოც ბუშის ადმინისტრაცია მემარცხენე პოლიტიკოსებმა და უფლებადამცველებმა მკაცრად გააკრიტიკეს. 

მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ტერორისტები ყველა იმ უფლებით უნდა სარგებლობდნენ, რაც სისხლის სამართლის დამნაშავეებს აქვთ, დღესაც პოპულარულია. თუმცა, მას “მოწიკწიკე ბომბის” არგუმენტს უპირისპირებენ – როდესაც სიცოცხლის მასობრივი მოსპობის საფრთხე არსებობს, სახელმწიფო ვალდებულია მის აღსაკვეთად, ტერორისტის დაკითხვისას, იძულების ფორმები გამოიყენოს – სიცოცხლის უფლების უზენაესობიდან გამომდინარე. 
 
დაკითხვის ამ მეთოდმა შედეგი მოიტანა. მისი მეშვეობით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არაერთი მასშტაბური ტერაქტი აიცილეს თავიდან. სწორედ დახრჩობის სიმულაციის შედეგად გავიდა ამერიკის დაზვერვა – ბინ ლადენის კვალზე, რასაც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია მოჰყვა.

ის, რომ ობამამ ძალაში დატოვა პოლიტიკა, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მკაცრად აკრიტიკებდა, 10 წლის წინ შემუშავებული მიდგომების ეფექტიანობას ადასტურებს. დიკ ჩეინი, ახლახან გამოქვეყნებულ მემუარებში, ამ ფაქტს მისი ადმინისტრაციის ერთგვარ ვინდიკაციად მიიჩნევს. 

9/11-მა ნათელი გახადა, რომ ცივ ომში გამარჯვებით, “ისტორიის დასასრული” არ დამდგარა. 10-წლიანი არდადეგების შემდეგ შეერთებული შტატები ახალი საგარეო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პრინციპით – თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა – ბრძოლამ მანჰეტენიდან ახლო აღმოსავლეთში გადაინაცვლა. 

დიდი დრო არ დასჭირვებია იმის გააზრებას, რომ ამერიკა ტერორიზმთან ომში არსებითად მარტო დარჩა. მის ევროპელ მოკავშირეებს საომრად საკმარისი პოლიტიკური ნება და სამხედრო პოტენციალი არ აღმოაჩნდათ. სწორედ ამას დაემყარა ბუშის დოქტრინა. მისი მიხედვით, შეერთებულ შტატებს უფლება აქვს უნილატერულად დაიცვას თავისი უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ომიც აწარმოოს, ვინაიდან casus belli-ს ლოდინმა საპასუხო რეაქციას შესაძლოა აზრი დაუკარგოს. 
 
საგულისხმოა, რომ ბუშის დოქტრინის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად დემოკრატიის ექსპორტის ეროვნული უსაფრთხოების რანგში აყვანა იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბუში ხელისუფლებაში მოკრძალებული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგით მოვიდა, 9/11-ის შემდეგ მიდგომა შეცვალა. ის მიიჩნევდა, რომ ყველაზე წარმატებულ სამხედრო ოპერაციასაც კი გაუჭირდებოდა ტერორიზმისთვის ნიადაგის გამოცლა ისეთ საზოგადოებაში, რომელიც დემოკრატიას არ ესწრაფვოდა. 

ბუშის დოქტრინა, თეთრი სახლის მაშინდელი ადმინისტრაციის კრიტიკოსებმა ამერიკის იმპერიალიზმის გამოვლინებად, უკეთეს შემთხვევაში კი, გულუბრყვილობად მონათლეს. სწავლული რეალისტები მიიჩნევდნენ, რომ მაგალითად ეგვიპტეს, რომელსაც ბოლო 5000 წლის მანძილზე სხვადასხვა ფორმის ავტორიტარული მმართველობის გარდა, არაფერი ენახა, დემოკრატიასთან არაფერი ესაქმებოდა. 2011 წლის არაბულმა გაზაფხულმა ცხადყო, რომ ბუში არ ცდებოდა.