აშშ

პარტნიორობა, რომელიც გვჭირდება

პრეზიდენტი ბარაკ ობამა
REUTERS

წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების აქტების 10 წლის თავზე ყველას გვახსოვს, რომ ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე თავდასხმა არ ყოფილა; ეს იყო თავდასხმა მსოფლიოზე, მთელ კაცობრიობაზე და ჩვენს საერთო იმედებზე.

გვახსოვს ისიც, რომ 3,000-მდე უდანაშაულო დაღუპულს შორის ასობით ადამიანი 90 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იყო – სხვადასხვა რასისა და აღმსარებლობის ქალები და კაცები, ახალგაზრდები და მოხუცები. ამ ტრაგედიის 10 წლის თავზე მათ ხსოვნას პატივს მათ ოჯახებსა და ქვეყნებთან ერთად მივაგებთ.

მადლიერებით გვახსენდება, როგორ შეიკრა ათი წლის წინ მთელი მსოფლიო ერთ მუშტად; როგორ შეჩერდა მსოფლიოს ბევრ ქალაქში ყველაფერი, წუთიერი დუმილით დაღუპულთათვის პატივის მისაგებად; როგორ აღევლინა ლოცვები ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებსა და ღვთისმსახურების სხვა ადგილებში. აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არასდროს დაგვავიწყდება, როგორ იდგნენ სოლიდარობის ნიშნად, მსოფლიოს ყველა კუთხეში, ადამიანები ანთებული სანთლებით ჩვენს საელჩოებთან მიტანილ ზღვა ყვავილებში.

გვახსოვს, ჩვენი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედება 11 სექტემბრის შემდეგ. როგორც ფართო კოალიციამ, განვდევნეთ ალ-ყაიდას წევრები მათივე საწვრთნელი ბანაკებიდან ავღანეთში, დავამხეთ თალიბანი და შანსი მივეცით ავღანელ ხალხს, ეცხოვრათ ტერორის გარეშე. თუმცა, მომდევნო წლები რთული აღმოჩნდა და გლობალური პარტნიორობის სულისკვეთება, რაც 11 სექტემბრის შემდეგ იგრძნობოდა, შესუსტდა.

მე, როგორც პრეზიდენტი, გლობალური თანამშრომლობის განახლებისთვის ვიღვწი, რათა ჩვენ წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ურთიერთთანამშრომლობის ამ ახალ ეპოქაში ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებთან და ხალხებთან საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორული ურთიერთობები დავამყარეთ.

როგორც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ჩვენ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ტერორისტები ტოლს ვერ უდებენ ჩვენი მოქალაქეების სიმტკიცესა და გამძლეობას. მე ნათლად დავანახე ყველას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არც ახლა ეომება და არც მომავალში აპირებს ეომოს ისლამს, არამედ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად იბრძვის ალ-ყაიდას წინააღმდეგ, რომელიც ბევრ ქვეყანას დაესხა თავს და დახოცა ათასობით უდანაშაულო კაცი, ქალი თუ ბავშვი, რომელთა უმრავლესობა მუსლიმი იყო. ამ კვირას ჩვენ ვიხსენებთ ალ-ყაიდას ყველა მსხვერპლს და იმ სიმამაცესა და სიმტკიცეს, რაც მათმა ოჯახებმა და ქვეყნებმა ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკასა თუ აზიაში გამოავლინეს.

ერთობლივი მუშაობით ხელი შევუშალეთ ალ-ყაიდას შეთქმულებების განხორციელებას, გავანადგურეთ ოსამა ბინ ლადენი და ამ ორგანიზაციის ბევრი ლიდერი და ალ-ყაიდა დამარცხების გზას გავუყენეთ. ამასობაში კი, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობა გვიჩვენებს, რომ სამართლიანობისა და ღირსებისაკენ მიმავალი ყველაზე სანდო გზა ზნეობრივი ძალაა და არა უგუნური ტერორიზმი და ძალადობა. აშკარაა, რომ მოძალადე ექსტრემიზმი წარსულს ბარდება, მომავალი კი იმათ ეკუთვნის, ვისაც შენება სურთ და არა ნგრევა.

მივმართავ იმ სახელმწიფოებსა და ხალხებს, რომლებსაც მშვიდობიანი და წარმატებული მომავალი სურთ – ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი პარტნიორია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შინ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, ის გააგრძელებს ლიდერის როლის შესრულებას მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც ერაყიდან ჯარს საბოლოოდ გამოვიყვანთ, ხოლო ავღანეთის მართვაზე პასუხისმგებლობას ავღანელებს გადავაბარებთ – ჩვენ ერაყელებსა და ავღანელებს დავეხმარებით, უზრუნველყონ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება, უზრუნველყონ საკუთარი ხალხი მეტი შესაძლებლობებით. არაბულ სამყაროსა და მის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის დავიცავთ ღირსებას და ადამიანების საყოველთაო უფლებებს.

მსოფლიოს მასშტაბით დაუღალავად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობის დამყარებისთვის, ისეთი განვითარებისთვის, რომელიც სიღარიბის დაძლევას უწყობს ხელს, სურსათის უვნებლობის და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, პასუხისმგებლიანი მმართველობის დამკვიდრებისთვის, რაც მოქალაქეთა და საზოგადოებების პოტენციალის გამოვლენას ხელს უწყობს.

ამავე დროს, დავრჩებით ერთგულები ჩვენი ღირებულებებისადმი. როგორც ემიგრანტების ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ყოველი ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს. უახლესი თაობის ეს ამერიკელები – ისევე როგორც ყველა უდანაშაულო მსხვერპლი, რომლებიც ათი წლის წინ დავკარგეთ – მუდამ გვახსენებენ, რომ მიუხედავად წარმომავლობისა, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური განსხვავებებისა, ჩვენ ერთი საერთო იმედი გვაერთიანებს, რომ შევძლებთ ამ და მომავალი თაობებისათვის მსოფლიო უკეთეს ადგილად ვაქციოთ. ეს უნდა იყოს იმ ადამიანთა მემკვიდრეობა, რომლებიც დავკარგეთ.

მათ, ვინც 11 სექტემბერს თავს დაგვესხა, შეერთებულ შტატებსა და დანარჩენ სამყაროს შორის შუღლის ჩამოგდება სურდათ. თუმცა, ვერ შეძლეს. ამ ტერორისტული აქტის 10 წლის თავზე, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად პატივს მივაგებთ მათ, ვინც ამ ბრძოლაში დავკარგეთ. მათი ხსოვნის პატივსაცემად, კვლავ პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთების ერთგულები ვრჩებით, რაც ესოდენ გვჭირდება ისეთი სამყაროს ასაშენებლად, სადაც ყველა ადამიანი ღირსეულად, თავისუფლად და მშვიდობიანად იცხოვრებს.

კომენტარები