ახალი პენტარქია რუსეთის გარეშე

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III, ალექსანდრიის პაპი და პატრიარქი თეოდორე II, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოს I, ანტიოქიელი არქიეპისკოპოსი ისააკი და კვიპროსის არქიეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II

3  სექტემბერს, სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში უპრეცედენტო შეხვედრა დასრულდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, საკუთარ რეზიდენციაში უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიების –ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის, ასევე კვიპროსის ეკლესიის დელეგაციები შეკრიბა. კრება რუსეთის ეკლესიისა და სხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა გარეშე ჩატარდა.

ჯერ კიდევ ზაფხულში, „ელიტური საპატრიარქოების” შეხვედრის წინ, ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინოპოლში, ყველაზე მრავალრიცხოვანი, მოსკოვის საპატრიარქოს მიწვევას არ აპირებდნენ. რომის ეკლესიასთან გაყოფის შემდეგ, კონსტანტინოპოლი მართლმადიდებლურ საპატრიარქოებში დარჩა „უპირატესად, თანასწორთა შორის”. თუმცა დე იურე პირველობა, მოსკოვის საპატრიარქოს დე ფაქტო ძლიერებას დღემდე ვერ უმკლავდება. მსოფლიო კრების მოწვევასაც, რომელიც თითქოს კონსტანტინოპოლის პრივილეგია უნდა იყოს, რუსეთის საპატრიარქო აფერხებს. ამ უკანასკნელს მართლმადიდებელ მსოფლიოში წამყვანი როლის შენარჩუნება სურს.

რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა, კონსტანტინოპოლის კრებამდე განაცხადა, რომ „ეს არის მცდელობა მართლმადიდებელი ეკლესია დაყონ პირველ და მეორე კლასის ეკლესიებად”. მისი თქმით, მსგავსი სინოდების შექმნა, მართლმადიდებელ ეკლესიას განყოფასა და შფოთს უქადის.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსების ამბიციებსა და შეფარულ მუქარას, ბერძნული საპატრიარქოები უმოქმედოდ არ შეხვედრიან. ამისთვის მათ მართლმადიდებელ ეკლესიაში ყველაზე გავლენიან – ტრადიციონალისტურ – ენაზე მეტყველება დაიწყეს. იერარქებმა განაცხადეს, რომ ისინი „ჩვენ შორის უპირატეს, კონსტანტინოპოლის ყოვლადუწმინდესი პატრიარქის” გარშემო იკრიბებოდნენ და, როგორც უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში აღნიშნეს, „შეეცადნენ ეჩვენებინათ, თუ ვინ იყო აქ უფროსი!”.

მართლაც, სამიტს ოთხი უძველესი საპატრიარქოს წარმომადგენელი ესწრებოდა. თუმცა კვიპროსის ეკლესიის კრებაზე მიწვევამ კითხვები დატოვა. პირველათასწლეულის 5 უძველეს საპატრიარქოს, რომელთა შორის კვიპროსი არასდროს ყოფილა, დიდი ხანია რომის ეკლესია გამოაკლდა. პირველობა სქიზმის შემდეგ კონსტანტინოპოლს დარჩა, ხოლო პენტარქია დაიშალა. საეკლესიო კომენტატორების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ კვიპროსის მიწვევა გამოთავისუფლებული ადგილის შესავსებად დასჭირდათ.

პენტარქიის აღდგენაში კი ერთგვარი საერთომართლმადიდებლური ადმინისტრაციის შექმნის მცდელობა ამოიკითხეს. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში კი ეს მოვლენა იმით აიხსნა, რომ „კვიპროსს ავტოკეფალია მსოფლიო კრებამ მიანიჭა”. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებელი ეკლესიების ჩამონათვალში მეხუთე ადგილს არა კვიპროსი, არამედ რუსეთის საპატრიარქო იკავებს. შესაბამისად, კრაბაზე მათი მიუპატიჟებლობა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადს წარმოადგენს.

კონსტანტინოპოლში შეკრებილმა იერარქებმა, რომელთა შორის ალექსანდრიისა და იერუსალიმის პატრიარქებიც იყვნენ, ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. მათ, გვიან წარმოქმნილ ეკლესიებს საკუთარი იურისდიქციის ფარგლების დაცვისკენ მოუწოდეს „იმგვარად, როგორც ეს განსაზღვრულია წმინდა კანონებითა და ტომოსებით ხსენებული ეკლესიის დაარსების შესახებ”. ამ სიტყვებით ახალმა პენტარქიამ მიანიშნა, რომ მას ოფიციალურად არასდროს უღიარებია უკრაინის ტერიტორია, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს განუყოფელი ნაწილი.

1924 წელს, პოლონეთისთვის გადაცემულ ავტოკეფალიის ტომოსში აღნიშნულია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არასდროს უთქვამს უარი უკრაინის მიტროპოლიის იურისდიქციაზე. 1589 წლის ტომოსის თანახმად კი, ამჟამინდელი უკრაინის ტერიტორია მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში არ შედის.

მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დღემდე რუსეთის საპატრიარქოსთან პირდაპირ კონფრონტაციას ერიდება, რადგანაც მოსკოვი სისტემატურად მიანიშნებს, რომ მზად არის, ევქარისტიული კავშირი გაწყვიტოს. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელზეც ამ ორ ეკლესიას უთანხმოება აქვს. უძველესი ეკლესიების პოზიციები კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსას ემთხვევა.

კონსტანტინოპოლი მიიჩნევს, რომ, როგორც უპირატესი საპატრიარქო, უფლებამოსილია დამწყემსოს ყველა ის მართლმადიდებელი, რომელიც არ შედის სხვა ეკლესიის იურისდიქციაში. რუსეთის საპატრიარქო განსხვავებულად ფიქრობს და მოქმედებს – საკუთარ ეკლესიებს კონსტანტინოპოლის ნებართვის გარეშე აშენებს. იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ბართლომეოსს თავისი ეპისკოპოსი ჰყავს დადგენილი.

ავტოკეფალიის მინიჭების წესისა და სხვა მრავალი საკითხი, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობასა და თანამედროვე სამყაროსთან დამოკიდებულებას ეხება, ჯერაც გადაუჭრელია. როგორც უკვე ითქვა, მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიო კრების ჩატარებას ხელს უშლის, რამდენადაც ამ უკანასკნელს, თითოეული საპატრიარქოსთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში უზენაესი ძალაუფლება აქვს. რუსეთი მიიჩნევს, რომ თუ მსოფლიო კრება შედგება, ყველა გადაწყვეტილება კრებამ არა უმრავლესობით, არამედ საყოველთაო კონსენსუსით უნდა მიიღოს, რაც ვეტოს უფლების დატოვებას გულისხმობს.

ბართლომეოსის მცდელობა, პენტარქიის ავტორიტეტით ელაპარაკოს შემდგომ წარმოშობილ ეკლესიებს, შესაძლოა, წარუმატებელი აღმოჩნდეს. განსხვავებით კათოლიკე ეკლესიისგან, აქ არ არსებობს ცენტრი, რომლის სიტყვაც თანაბრად ავტორიტეტული იქნება თითოეული ეკლესიისთვის. მსოფლიო კრების მოწვევაზეც კი, განსხვავებული შეხედულებები არსებობს. უკვე 13 საუკუნეა, კრების ჩატარება ვერ მოხერხდა.

ამდენად, ავტორიტეტული ადმინისტრაციის შექმნის მცდელობა, რუსეთის გამოტოვებით, გონივრულია. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ახალი პენტარქია, უბრალოდ კიდევ ერთ თვითგამოცხადებულ, უპერსპექტივო ცენტრად იქცევა – რომელიც გავლენას სხვებზე ვერ მოახდენს.

კომენტარები