ინტერვიუ რობერტ პარსონსთან

ირაკლი ბლუიშვილი

 წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც რობერტ პარსონსი საქართველოში ჩამოვიდა და 1-ლ კავკასიურს ჩაუდგა სათავეში. 2011 წლის ბოლოს იგი საქართველოს დატოვებს და საფრანგეთის საერთაშორისო საინფორმაციო არხზე – France 24-ზე გააგრძელებს მუშაობას. ტაბულასთან ინტერვიუში რობერტ პარსონსმა შეაჯამა განვლილი პერიოდი, ისაუბრა 1-ლ კავკასიურზე დაგეგმილ ცვლილებებზე და ქართული მედიის მდგომარეობაზე.

ერთი წელია, რაც 1-ლ კავკასიურს ხელმძღვანელობთ. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?
 
პირველი წელი უაღრესად ინტენსიური წელი იყო. გასული წლის ივლისში ჩამოვედი. მაშინ შენობაც კი არ გვქონდა. რეალურად, არხის მშენებლობა სექტემბერში, შენობაში შესვლის შემდეგ დავიწყეთ – აღჭურვილობის შეძენა, თანამშრომლების მომზადება. პერსონალის მომზადება ორი მიმართულებით მიმდინარეობდა – ტექნიკური, შეძენილი აღჭურვილობის გამოყენება რომ შეძლებოდათ, და ჟურნალისტური. მიზნად ისეთი არხის შექმნა დავისახეთ, რომელიც სრულიად ობიექტური, გამჭვირვალე, ღია, ანუ რეგიონში არსებული მაუწყებლებისგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ამ სტანდარტების დასაცავად, ჟურნალისტების სერიოზული მომზადება იყო საჭირო. 

იმაზეც უნდა გვეფიქრა, რა ტიპის არხს ვქმნიდით, როგორი პროგრამები უნდა გვქონოდა. მართალია, 6-საათიანი მაუწყებლობით დავიწყეთ, მაგრამ ყველაფრის ნულიდან აწყობა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. დამწყები ტელევიზიები, ჩვეულებრივ, 2 წელს ანდომებენ ეთერში გასვლას. ჩვენ 4 თვეში შევძელით, ორ თვეში კი 24-საათიან მაუწყებლობაზე გადავედით. ეს მართლაც გასაოცარი მიღწევა იყო. მართალია, ჯერ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ პირველი წლის ამოცანა – ეთერში გასვლა და ობიექტურობისა და საინფორმაციო სტანდარტების დაცვა – შევასრულეთ.
გვაქვს უმაღლესი კლასის ვებგვერდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ინტერნეტით ბევრი ხალხი გვიყურებს. მაგალითად, აგვისტოში, ყოველდღიურად 30 ათასი ინტერნეტ-მაყურებელი გვყავდა, რაც დამწყები ტელევიზიისათვის უზარმაზარი რიცხვია.

არხის მომავალ გეგმებზე რას გვეტყოდით? 
 
მე არხზე წლის ბოლომდე დავრჩები და სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი ვიქნები, არხს კი ქართული გუნდი უხელმძღვანელებს. მოხდება არხის რეორგანიზაცია, რომელსაც მე მივხედავ. ჩემს წასვლამდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ტელევიზია გამართულად მუშაობდეს. რეორგანიზაცია რეგიონ ტვ-ს 1-ლ კავკასიურთან შერწყმას ითვალისწინებს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ორი რუსულენოვანი ტელეარხი არ სჭირდება. 

 რა გამოწვევების წინაშე დგას ახლა 1-ლი კავკასიური?
 
მნიშვნელოვანია, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ტელევიზიამ სტანდარტების დაცვა გააგრძელოს. უცხოელის აქ ყოფნა ერთგვარი გარანტიაა, რომ სტანდარტები დაცული იქნება. 

აქ ჩამოსვლას იმ პირობით დავთანხმდი, რომ არხი პროპაგანდისტული არ იქნებოდა, რაზეც სრული თანხმობა მივიღე. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ ქვეყნის ინტერესებშია ისეთი არხის ქონა, რომელიც შეძლებისდაგვარად მაღალ სტანდარტებს დააწესებს. ქართული მედია ბოლო წლებში საერთაშორისო კრიტიკის საგანია და ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ საქართველოში შესაძლებელია სრულიად თავისუფალი ტელეარხის არსებობა. გულახდილად მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არასდროს უცდია.
თუმცა, ერთი კითხვა სულ მაწუხებს: გაგრძელდება კი ასე, მე რომ წავალ და არხს ქართული გუნდი უხელმძღვანელებს? მაუწყებლობაში ჩარევის ცდუნება ნამდვილად იქნება არა იმიტომ, რომ მომავალ ორ წელს ჯერ საპარლამენტო, მერე საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. მედიაში ჩარევის ცდუნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას აქვს. ყველას სურს, მედიამ აქოს. 

ამ არხის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამაზე არა მარტო ამ არხის საიმედოობა, არამედ, ზოგადად, ქართული მედიის მომავალია დამოკიდებული. თუ არხი არჩეულ გზას არ გადაუხვევს, ვფიქრობ, ქართული მედიის კრიტიკა მოიკლებს. იმის ნიშნები, რომ 1-ლი კავკასიურის მუშაობას აფასებენ, უკვე გამოჩნდა – ბევრი დადებითი კომენტარი გაკეთდა CNN-ზე, New York Times-ში, Wall Street Journal-ში, ასევე, სულ ახლახან, Time Magazine-ში.
 
სტანდარტების შენარჩუნების გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით არხის პოტენციალს?
 
მიმაჩნია, რომ არხს უდიდესი პოტენციალი გააჩნია. უკვე ვახსენე დღეში 30 ათასი ინტერნეტ-მომხმარებელი და ეს მხოლოდ 7 თვის მუშაობის შემდეგ. ვფიქრობ, ამას რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან, ინტერვიუმ  შეუწყო ხელი. ეს ინტერვიუ ერთგვარი გარღვევა იყო რუსეთის ბაზარზე, ვინაიდან მანამ, ბევრს არ სმენოდა ჩვენი არხის შესახებ. ახლა ბევრად მეტმა იცის, რომ არსებობს ქართული ტელევიზია, რომელიც ისეთ ინფორმაციას გადასცემს, რომელსაც ვერც ერთი რუსული ტელევიზიით ვერ მოისმენენ.

ჩეჩენი ემიგრანტებისგან ვიცით, რომ 1-ლი კავკასიური უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნებისათვის ახლა ინფორმაციის პირველწყაროა. ისინი რუსულ ტელეარხებს აღარ იყენებენ. მეტიც, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მალე რუსეთის მოქალაქეებიც დაიწყებენ ამ არხის გამოყენებას. რუსეთის ბევრ მედიაორგანიზაციას სურს ჩვენთან თანამშრომლობა, ვინაიდან მათთვის 1-ლი კავკასიური ის არხია, რომლითაც თავიანთ მედიაამბიციებს დაიკმაყოფილებენ. ეს რუსულ მედიაბაზარზე გაფართოების დიდი შანსია. უაღრესად პოზიტიური ნიშანია, რომ Эхо Москвы-ს – რუსეთის იმ მედიაორგანიზაციას, რომელიც ცდილობს თავისუფალი და ობიექტური იყოს, ჩვენთან თანამშრომლობა სურს. უაღრესად პოზიტიური ნიშანია, რომ ამერიკის ხმას სურს ჩვენთან პროგრამების მომზადება, რომ რადიო თავისუფლება ჩვენთან პროგრამებს უკვე ამზადებს, რომ BBC-ის რუსული სამსახური უკვე მოლაპარაკებებს მართავს თანამშრომლობაზე. ეს უაღრესად პოზიტიური ნიშანია საქართველოსთვის.
 
როგორ შეაფასებდით მედიის მდგომარეობას საქართველოში? რა პრობლემების წინაშე დგას ქართული მედია და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა? 
 
ეს ძალზე რთული საკითხია. ამ პრობლემის გადასაჭრელ რაიმე მზა რეცეპტებს ვერ შემოგთავაზებთ. მთავარი პრობლემა ქართული საზოგადოების პოლარიზებაა, რაც მედიაში აისახება. ქართული მედია ან პრო- ან ანტისახელისუფლოა და საზოგადოების ასეთი პოლარიზების პირობებში, ძნელია თავისუფალ მედიაზე ისაუბრო. ყველა ხედავს, რა ხდება რუსთავი 2-ზე და რა ხდება კავკასიაზე, მაესტროზე. ამ არხებზე ერთსა და იმავე საკითხზე ისეთი სიუჟეტები გადის, ძნელია მიხვდე, რომ კორესპონდენტები ერთსა და იმავე თემას აშუქებენ. ჟურნალისტების პრობლემა – რუსთავი 2-ზე მუშაობენ ისინი თუ კავკასიაზე – ის არის, რომ ისინი შესაბამისი არხების სარედაქციო ხაზის გავლენის ქვეშ ექცევიან. როგორ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან ამ მედიაბაზარზე, არ ვიცი. ის, რაც დღეს გაქვთ, სრული აბსურდია. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. ეს უბრალოდ საზოგადოების ერთი ან მეორე ტიპის პროპაგანდით უწყვეტი კვებაა.

კანონმდებლობის მხრივ, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა. მედიაკანონმდებლობა ძალიან კარგი გაქვთ. ახლა მედიის განვითარებისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლება არ ჩაერიოს სარედაქციო გადაწყვეტილებებში. ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლება ერევა რუსთავი 2-ისა და იმედის სარედაქციო პოლიტიკაში. ეს კი ქართული მედიისათვის მავნებელია და შედეგად მოაქვს პოლარიზება. წაგებული საზოგადოება რჩება. წაგებული საზოგადოება კი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აზარალებს.

დღეს მოქმედი ქართული სატელევიზიო არხები მედიის დინოზავრები არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი მალე გადაშენდებიან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დინოზავრების გადაშენების შემდეგ, მათ ადგილს ბევრად უფრო დემოკრატიული, ბევრად უფრო ობიექტური, ბევრად უფრო პასუხისმგებლური მედია დაიკავებს უფრო ხარისხიან საზოგადოებაში.

კომენტარები