მარტოობის ოცი წელიწადი

ეკა ელოშვილი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მორიგი ორი შეხვედრა ჩაატარა: 2 სექტემბერს თბილისში ლატვიასთან დამარცხდა 0:1, 6 სექტემბერს კი მალტაში მასპინძლებთან ფრედ 1:1 ითამაშა.


ვფიქრობდით, რომ ამ ორ მატჩში მაინც შეძლებდა ჩვენი გუნდი 6 ქულის მოპოვებას, ფლეი-ოფში მოხვედრის შანსსაც შეინარჩუნებდა და...
მაგრამ მოხდა ის, რაც ადრეც მომხდარა, რასაც უკვე მივეჩვიეთ და რაც წლებია თავს გვახსენებს – ნაკრებმა სუსტ მეტოქეებთან 6 შესაძლებლიდან მხოლოდ ქულა მოიპოვა, დამარცხდა შინ, მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა სტუმრად, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვერ ითამაშა ფეხბურთი!

გულახდილად ვთქვათ: ის, რაც ჯერ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვნახეთ, შემდეგ კი მალტიდან ტელერეპორტაჟისას, ფეხბურთი იყო?
არა. ამას ფეხბურთი არ ჰქვია.

როცა მოთამაშეებს არ შეუძლიათ ზედიზედ სამჯერ ზუსტად გადააწოდონ ბურთი ერთმანეთს, მოატყუონ მოწინააღმდეგე, კარში დაარტყან, მეტოქეს ბურთი აართვან და ჯანდაბას, უბრალოდ ირბინონ, იმოძრაონ, ესე იგი, ისინი ფეხბურთს არ თამაშობენ.
აქედან დასკვნაც: ასეთებს მხოლოდ ჰქვიათ ფეხბურთელი, თორემ ისევე განსხვავდებიან პროფესიონალი მოთამაშეებისგან, როგორც ცა და დედამიწა.

და თუ გუნდში ასეთი ფსევდოფეხბურთელი ბევრია, იქაურობას გუნდი მხოლოდ პირობითად თუ ეთქმის!

ერთია, როცა ადამიანმა იცის ფეხბურთის თამაში და მეორე – როცა მას მხოლოდ ბურთისთვის ფეხის დარტყმა ეხერხება.

ცხადია, ფეხბურთი გუნდური თამაშია და შეუძლებელია მარცხში დამნაშავე მხოლოდ კონკრეტული მოთამაშე იყოს. წაგებაში მწვრთნელსაც თავისი წვლილი მიუძღვის, მაგრამ ნება გვიბოძეთ შევნიშნოთ: მთავარი, რაც მწვრთნელს ევალება, ფეხბურთელების კონკრეტული ჯგუფით კონკრეტული მატჩის მოგებაა. მან უნდა შეარჩიოს ძირითადი შემადგენლობა, განსაზღვროს გუნდის ტაქტიკა, შემდეგ თუ ვინმე შესაცვლელია – შეცვალოს, მაგრამ იქ, მოედანზე, მწვრთნელი კი არა ფეხბურთელი გადის და მან უნდა დაარტყას კარში, ზუსტად ჩააწოდოს აუტი თუ კუთხური, გაათამაშოს კომბინაცია, მოატყუოს მეტოქე...

ეს ყველაფერი ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს და არა მწვრთნელმა!

გუნდის თავკაცი შეიძლება შეცდეს ტაქტიკის მონახაზის შერჩევისას, გნებავთ, ამა თუ იმ მოთამაშეზე დაყრდნობის დროს, მაგრამ ხომ ყველამ იცის, რომ არაზუსტი პასი მისი ბრალი არაა! ის არც მაშინაა დამნაშავე, როცა წინ წასულ მცველს უკან დროულად ჩამოსვლა ეზარება!

მაგრამ ჩვენს ნაკრებში სხვანაირადაა საქმე.

აქ, საქართველოში, ათწლეულებია ითვლება, რომ გვყავს კარგი მოთამაშეები და არ გვივარგა მწვრთნელები, უცხოელები კი, როცა ასეთები იყვნენ, ეშმაკმა დალახვროს და მხოლოდ ხელის მოთბობას ცდილობდნენ – ჩვენი ფული თავიანთ თბილ ქვეყნებში გაჰქონდათ. თან ტომრებით.

სხვისი რა გითხრათ და, ლატვია-მალტასთან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ბედოვლათობამ ჩვენ სულ ახლო წარსულის, 3-4 წლის წინანდელი ამბები გაგვახსენა, ის დრო, ეროვნულ გუნდს ჯერ გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი, შემდეგ კი არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი რომ ხელმძღვანელობდნენ.

გერმანელის და არგენტინელის ხელში ნაკრები ამაზე ცუდად არ თამაშობდა. გამონათება მაშინაც იყო, მაგრამ გახსოვთ, რას ამბობდნენ მოთამაშეები და მათი დამცველი „ამაგდარი ვეტერანები”? ან რას წერდა რამდენიმე „კალამალესილი” ჟურნალისტი?

საკმარისი იყო ზუსტად ასეთივე შედეგი – ორ მატჩში ქულა, გნებავთ, წაგებების სერია – და უმალ დაეჭვდებოდნენ ტოპმიოლერის და კუპერის პროფესიონალიზმსა და შესაძლებლობებში. დაიწერებოდა და ითქმებოდა ყველაფერი, გარდა მთავარისა:

რომ ჩვენში არ მოიძებნება თუნდაც 11 მაღალი დონის შემსრულებელი, ერთ შემადგენლობას მაინც რომ გაწვდეს!

რომ სპორტსმენი ნაკრებში მიწვევისთანავე შეკრებაზე უნდა ჩავიდეს და მწვრთნელის მოთხოვნებს დაემორჩილოს!

რომ ფეხბურთელი ვალდებულია ორივე ტაიმში ცხელი გულით და ცივი გონებით დაიხარჯოს!

და უბრალოდ, შეიგნოს, რომ მინდორზე გასულმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების გასახარად და არ იფიქროს, რომ ის ათიათასობით ქომაგი ვალშია მის წინაშე...

გახსოვთ, რამდენი „გაუნაწყენდა” იმავე ტოპმიოლერს და კუპერს – „გადამთიელ ლუზერებს” (ერთ-ერთი სპორტული გაზეთის ტერმინია) – როცა მწვრთნელებმა „ქართული მენტალიტეტის ვერაფერი გაიგეს” და თავნება ფეხბურთელები შიდა განაწესის დარღვევის თუ სხვა სისულელის გამო გუნდიდან მოკვეთეს?!

ახლაც ზუსტად იგივე ხდება, განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობს, მას კი მოთამაშეები, რომლებსაც ერთი ხეირიანი კომბინაციის გათამაშება არ შეუძლიათ, ვერ უბედავენ იმას, რაც ტოპმიოლერს და კუპერს ჰკადრეს.
რატომ? ჩინებულად იციან, რომ მწარე პასუხი არ დააყოვნებს და ეგეც არ იყოს, ვერც ის „ამაგდარი ვეტერანები” დაუჭერენ მხარს, რომლებმაც თავის მხრივ, ერთხელ, ფედერაციის პრეზიდენტის წლევანდელ არჩევნებზე, უკვე იწვნიეს ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან მწარე და არცთუ სასურველი სიმართლე.

დღეს ფეხბურთელები ქეცბაიას ვერაფერს მოატყუებენ – ის წლების განმავლობაში თავად იყო საქართველოს ნაკრების წევრი და არავისზე ნაკლებად არ უწყის, რა ხდებოდა და რა ხდება ჩვენი ფეხბურთის მთავარ გუნდში და საერთოდ, ქართულ ფეხბურთში.
იცის, მაგრამ ვერაფერს ცვლის, რადგან ეს სენი, წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, თამაშიდან თამაშამდე რომ ახსენებს თავს ჩვენს ფეხბურთში მოტრიალეთ, გუშინ და გუშინწინ არ განვითარებულა – ის მაშინ იკიდებდა ფეხს, როცა ეროვნული გუნდი და იგივე ქეცბაია ერთად უშინაურდებოდნენ თვალუწვდენელ საფეხბურთო სამყაროს.
ქართული ფეხბურთი დიდი ხანია დაავადებულია. არაპროფესიონალიზმით, ქიშპით, გაუტანლობით, მომხვეჭელობით, სიბრიყვით და კიდევ ღმერთმა უწყის რით.
დრო გადის და საქმეც უკან მიდის. ნაკრები ხომ ჩვენი ფეხბურთის სახეა?

ფეხბურთში კი ყველაფერი შედეგებით იზომება. სექტემბრის პირველმა კვირამ ყველა კითხვას ნათლად უპასუხა: ეროვნულმა ორიდან ერთხელ ძლივს ითამაშა ფრედ, ახალგაზრდულზე საერთოდ რა უნდა თქვა...

და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია, დიაგნოზის დასმას არავინ ცდილობს. არავინ ამბობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

იქ, ფეხბურთის ფედერაციაში ოცი წელია ფიქრობენ, რომ ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა და ფორმატის ლამის ყოველ სეზონში შეცვლა ხელს შეუწყობს პირველობის დონის ამაღლებას და მოთამაშეთა ზრდას; რომ წარსულში კარგი ფეხბურთელი აუცილებლად კარგი მწვრთნელიც იქნება და მხოლოდ მას უნდა ანდო შენი ფეხბურთის მომავალი – რომელიმე ნაკრები ჩააბარო ანაც ფედერაციაში მიიწვიო; რომ 6 ასაკობრივ ნაკრებში დასაქმებული 6 მწვრთნელი თურმე წინგადადგმული ნაბიჯია; რომ შეიძლება უეფას პრეზიდენტი ყანასთან მიიყვანო,
ევროფინალის გამართვა სთხოვო, მერე კი დაიჯერო, რომ ის შეთავაზებით სერიოზულად დაინტერესდა...

რომელი ერთი უნდა თქვა? ან რამდენჯერ?

ამაზე დაბლა ჩვენი ფეხბურთი ვეღარ დაეშვება.

აწი მხოლოდ თუ გაქრება. 

კომენტარები