სერბეთ-კოსოვოს მოლაპარაკებები

სექტემბერში, სერბეთ-კოსოვოს შორის მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები რიგით მეშვიდე რაუნდისას, საბაჟო საკითხზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილების მიხედვით, იმოქმედებს მარკა სახელწოდებით „კოსოვოს საბაჟოები” და პროდუქტზე დაწესებული ემბარგო ორივე ქვეყნისთვის მოიხსნება. ტელეკომუნიკაციებსა და ელექტროენერგიაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ასევე გაურკვეველია კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონის კონტროლის საკითხიც. 

მარტში დაწყებული მოლაპარაკებები ივლისში, კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში დაპირისპირების ესკალაციის შემდეგ ჩაიშალა. აღნიშნული რეგიონი, ოფიციალურად კოსოვოს შემადგენლობაშია, თუმცა ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. იქაური მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (40 ათასი) სერბები წარმოადგენენ, რომელთა უმეტესობა თავს სერბეთის ნაწილად მიიჩნევს.

სერბეთმა კოსოვოს პროდუქტების გატარება დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აუკრძალა. მართალია მოლაპარაკებები განახლდა, მაგრამ ბოლო წუთებში სერბეთმა პროცესის გადადება მოითხოვა. პასუხად, პრიშტინამ სერბეთის პროდუქტებზე საბაჟო გადასახადები გაზარდა, პოლიცია კი ჩრდილოეთით მდებარე ორი სასაზღვრო პუნქტის გასაკონტროლებლად გააგზავნა. ადგილობრივმა სერბებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. შეტაკებებს ერთი კოსოვოელი პოლიციელი ემსხვერპლა, შესაბამისად, NATO-ს ჯარების განლაგება გახდა საჭირო.

ჩიხიდან გამოსვლა ორივე მხარისთვის მომგებიანია: სერბეთი ამით ევროკავშირისკენ მიმავალ გზას გაიმარტივებს. შემოდგომისთვის ეს ქვეყანა კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებას ელოდება. ამის მიღწევას ემსახურებოდა ორი კრიმინალური ფიგურის (პატკო მლადიჩი და გორან ხაჯიჩი) დაკავება და იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის გადაცემა, ასევე ევროპისთვის სასურველი არაერთი კანონის მიღება. 
ვაჭრობის აღდგენა კოსოვოს ეკონომიკურ სარგებელს ჰპირდება. 

მხარეებს პრინციპულ საკითხებზე დათმობაზე წასვლა უჭირთ. მოკლე პერიოდში, სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას არ შეურიგდება. კოსოვო კი მის ჩრდილოეთ რეგიონში ბელგრადის გავლენას მარტივად არ დაუშვებს.

ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მხარეებს შორის საერთო ენის მოძებნაში. თუმცა, გერმანელი ლიდერის, ანგელა მერკელის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ – „სერბებმა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ჩრდილოეთ რეგიონში პარალელური სტრუქტურები უნდა გააუქმონ” – სერბი პოლიტიკოსები დააფიქრა. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთ დამატებით წინაპირობად მიიჩნიეს. მათი მტკიცებით, ევროკავშირმა დეკემბერში კოსოვოსთან მხოლოდ სავაჭრო და სასაზღვრო საკითხების მოგვარება დააკისრა. 

ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, ევროკავშირის ამგვარმა მკაცრმა პოზიციამ შესაძლოა ნაციონალისტურად განწყობილი სერბი პარტიები გააძლიეროს, პარალელურად კი ევროპისადმი უარყოფითად განწყობილთა რაოდენობამ იმატოს. თუმცა, ბოლო შეთანხმებამ აჩვენა, რომ ვითარების გაუმჯობესება, მხოლოდ ორივე მხარის მიერ დათმობებზე წასვლითაა შესაძლებელი. 

კომენტარები