მსოფლიო

2001-2011 – ზოგი მცდარი მოსაზრების მისასალმებელი დასასრული

ფელიქს მარკარდი
ტელეოლოგია ადამიანური ბუნების ნაწილია. 11 სექტემბერი და ის, რის სიმბოლოდაც ეს თარიღი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი დროისათვის იქცა, კაცობრიობის მეტანარატივში ერთ-ერთი ისეთი გადამწყვეტი მომენტთაგანი იყო, რომლის გამოყოფაც დიდ ავსტრიელ ჰუმანისტს, სტეფან ცვაიგს, უყვარდა. ამ თარიღიდან ათი წლის თავზე მიმდინარე რევოლუციები, რომლებიც არაბულ სამყაროს ცვლის, კიდევ ერთი ასეთი მომენტთაგანია. ამ პერიოდში კი – მიუხედავად დასავლეთის მოუქნელობისა და უამრავი დაკარგული შესაძლებლობისა – დაახლოება დასავლეთსა და არაბულ და მუსლიმურ სამყაროებს შორის შედგა. სამყაროში, რომელიც მრავალპოლუსიანი მოსალოდნელზე ადრე გახდა, ეს დაახლოება შეიძლება მისასალმებელი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

ისლამური ფუნდამენტალიზმი არაბულ და მუსლიმურ მასებში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში, მიმზიდველობას კარგავს. ამას ზემოხსენებულ რევოლუციურ მოძრაობებზე ექსტრემისტთა გავლენის სიმცირე ადასტურებს. ტუნისის ჟასმინის რევოლუციიდან მოყოლებული, ეგვიპტეში, ლიბიაში, ბაჰრეინში, იემენსა თუ სირიაში, ამბოხებული ხალხი ქუჩებში ისლამური ან ანტიდასავლური რიტორიკით კი არ გამოდის, არამედ მეტი დემოკრატიისკენ მოწოდებებით. თავისუფლებისკენ ეს ლტოლვა, რომელიც მათთვის დასავლეთს თავს არ მოუხვევია, შინაგანი სწრაფვაა. მართალია, ამ ეტაპზე, მთავარი პრინციპი სიფრთხილის გამოჩენაა, მაგრამ ამ ქვეყნების რევოლუციონერები და ფართო საზოგადოება, იმედია, შეძლებენ მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ არსებობს ხმელთაშუა ზღვის სამხრეთი და აღმოსავლეთი, როგორც თეოკრატიისა და სამხედრო დიქტატურის ალტერნატივა.

რიგითი ადამიანები ბევრად ნაკლებად ცდილობენ თავიანთი ჩამორჩენილობის სხვებზე (დასავლეთზე, აშშ-ზე, ისრაელზე, სამივეზე ერთად) გადაბრალებას, რასაც გაეროს ბოლო 9 ანგარიში ადასტურებს. თავიანთ სიდუხჭირეში ისინი სამართლიანად იმ ტირანებს ადანაშაულებენ, რომლებიც მართავენ ანდა მართავდნენ მათ. არაბულ და მუსლიმურ სამყაროში წლების განმავლობაში მოარული გამაოგნებელი მითი, თითქოს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მომუშავე „ებრაელები” წინასწარ გააფრთხილეს ამ შენობებზე ტერორისტული აქტის შესახებ, საბოლოოდ გაქარწყლდა. ალ-ყაიდას ნიჰილიზმს, თანდათან, გადაჭრით უარყოფენ. თავდაპირველი მიმზიდველობის მიუხედავად, მომავალი ბინ ლადენისა და მისი მემკვიდრეების შეთავაზება იმ ადამიანებისადმი, ვინც მზად არის, მათ საქმეს ემსახუროს, სულ უფრო ნაკლებ მაცთუნებელი, სულ უფრო ნაკლებ ფასეული ხდება იმ მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელსაც ისინი ითხოვენ. მეტიც, მუსლიმური და არაბული სამყაროების ახალგაზრდა თაობა სულ უფრო მეტ კეთილგანწყობას იჩენს იჯთიჰადის (Ijtihad), ანუ, რეფორმის მიმართ, რომლის ხელაღებით უარყოფამ მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გასაყარზე, ისლამის მოდერნიზების ბოლო სერიოზული, სისტემური მცდელობის – მუჰამად აბდუს პროექტის – შემდეგ, მათი მშობლების პარალიზება გამოიწვია.

გულუბრყვილოები ნუ ვიქნებით: საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სხვადასხვა ინსტიტუტებში რელიგიის როლზე მსჯელობის დიდი საჭიროება მთელ არაბულ სამყაროში არსებობს. არაბული დემოკრატიების ან ისლამური სახელმწიფოების (ისლამისტურისგან განსხვავებით) მშენებლობას, სადაც პიროვნულ თავისუფლებებს სცემენ პატივს, დიდ დროს, ბევრ ოფლსა და (კიდევ უფრო მეტ) ცრემლს მოითხოვს. მიუხედავად ამისა, არაბულ და მის მეზობელ მუსლიმურ სამყაროში, ახალი მსოფლმხედველობა (Weltanschauung), რომელიც უმთავრესად ახალგაზრდა თაობას მოაქვს, უდავოდ იბადება.

აღმოსავლეთის ამ პოზიტიური ევოლუციის მოულოდნელი შედეგი ის არის, რომ დასავლეთიც, როგორც ჩანს, გაიზარდა. დასავლეთი რეკორდულად მოკლე დროში ინელებს იმ უპირატესობის დასასრულს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჰქონდა და ეგონა, ნელ-ნელა, ათწლეულების განმავლობაში დაკარგავდა, თუმცა, სულ ახლახან მიხვდა, რომ დაკარგა. გარდა ამისა, დასავლურმა აზროვნებამ, როგორც ჩანს, ბოლო ათწლეულში იმ უცნაური სენისგან საბოლოოდ განთავისუფლება მოახერხა, რომელიც სიმპტომატური იყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მისი დაღმასვლისა: კულტურული და მორალური რელატივიზმის აბსურდული, თვითუარმყოფელი და პოლიტიკურად კორექტული ფორმისგან განთავისუფლება.

1950-1960-იან წლებში, ორიენტალიზმისა და ევროცენტრიზმის კრიტიკა, რასაკვირველია, აუცილებელი იყო. ყველა სხვა ცივილიზაციასთან შედარებით თავის უპირატესობაში დარწმუნებულ დასავლეთს ნამდვილად სჭირდებოდა საკუთარ თავზე დაეჭვება. სამწუხაროდ, სტრუქტურალისტების და პოსტმოდერნული დეკონსტრუქტივისტების მისასალმებელმა კრიტიკამ ისე ჩაიარა, რომ არავის, გარდა რამდენიმე განათლებული გონებისა, როგორებიც ჟან-ფრანსუა რეველი და მარიო ვარგას ლიოსა არიან, მისი გადამეტებები ეჭვქვეშ რეალურად არ დაუყენებია. ამ რელატივიზმმა უამრავ პოლიტიკურ და მორალურ საკითხზე პროგრესული შეხედულებების შოკისმომგვრელ დეფიციტამდე მიგვიყვანა (გაიხსენეთ დუგლას ჰერდის პროსერბული პოზიცია ბოსნიაში ომის დროს ანდა ფრანსუა მიტერანის პოზიცია რუანდასთან დაკავშირებით), რამაც გლობალური მასშტაბის ზიანი გამოიწვია. ჰკითხეთ ეგვიპტელ და ირანელ პროგრესისტებს ან თუნდაც სოჰიბ ბენშაიხს – მუსლიმური მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ევროპული ქალაქის, მარსელის, ყოფილ მუფტის, რას ფიქრობდნენ ჩადრის ან სულ ახლახან ფარანჯის ტარებაზე დებატების შესახებ, რომლებიც საფრანგეთში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მიმდინარეობდა. ასეთი პროგრესული „მეგობრებით” დასავლეთში, პროგრესულ მუსლიმებს მტრები, უბრალოდ, არ სჭირდებათ. იმ დროს დასავლეთის ამ უცნაურმა და ამორალურმა თვითგვემამ (დამახასიათებელმა იმ დეკადანსისა და ინტელექტუალური უარყოფისა, ცივილიზაციის დაღმასვლისთვის რომ არის სიმპტომატური), ასახვა 11 სექტემბრის შემდეგ, ევროპისა და ლათინური ამერიკის „ხარისხიანი მედიის” ანალიტიკურ გვერდებზე ჰპოვა. ფრანგ სოციოლოგს, ჟან ბოდრიარს, შეეძლო „ალ-ყაიდას შვილები” „უოლ სტრიტის” შვილებთან (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა) გაეთანაბრებინა, ხოლო ისეთ მეცნიერს, როგორიც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ საიდი იყო, შეეძლო განეცხადებინა, რომ განსაკუთრებული ამ ტერაქტებში არაფერი იყო, რომ ისინი ისეთივე მუსლიმებმა ჩაიდინეს, როგორებიც (ქრისტიანული სექტის) დავითიანელთა შტოს წევრები იყვნენ ქალაქ უეიკოში, ტექსასის შტატში, და აუმ სინრიკიოს (ბუდისტი) ექსტრემისტები ისე, რომ აშშ-ის გარეთ ბევრის წყრომა არ გამოუწვევიათ. თითქოს ეს უკანასკნელი იმავე კატეგორიის ფენომენი იყო, როგორიც თანამედროვე ისლამური ფუნდამენტალიზმის აბერაციებია.

ისეთ დასავლეთთან ხელიხელჩაკიდებული, რომელსაც მეტად აქვს გააზრებული არა მხოლოდ თავისი ახლად დაწესებული ლიმიტები, არამედ თავისი ღირსებებიც და ფასეულობებიც, არაბული სამყარო შეძლებს გადალახოს ის ცრუ შეხედულება, რომელიც გაბატონებული იყო რეგიონის შესახებ და რომლის მიხედვითაც, ერთადერთი არსებული არჩევანი ტირანიასა და ფუნდამენტალიზმს შორის არჩევანია. ამ შესაძლებლობის აღმოცენების გათვალისწინებით უნდა გავზომოთ ის პროგრესი, რომელსაც ბოლო ათწლეულში დასავლეთმა, აღმოსავლეთმა და მსოფლიომ მიაღწიეს.

კომენტარები