გამამტყუნებელი განაჩენები და სასამართლოს დამოუკიდებლობა

 2004 წლიდან 2011 წლის მაისამდე იუსტო არენასი იყო შეერთებული შტატების პუერტო რიკოს ოლქის საოლქო სასამართლოს უფროსი მაგისტრატი მოსამართლე. შეერთებული შტატების მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე იგი თავდაპირველად 1981 წელს დაინიშნა. ამავე წლის დასაწყისში იგი მოკლე პერიოდის განმავლობაში პროკურორის მოვალეობას ასრულებდა შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის განყოფილების სამოქალაქო უფლებების სექციაში, ვაშინგტონის ოლქში. 1978-1981 წლებში პუერტო რიკოში შეერთებული შტატების პროკურორის თანაშემწედ მსახურობდა და დიდი მოცულობით ნარკოტიკებით მოვაჭრეთა დევნის განყოფილების (MDTPU) უფროსის თანამდებობა ეკავა. ამასთანავე, მოსამართლე არენასი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შემუშავებაში და უზრუნველყოფდა შეერთებული შტატების კანონმდებლობისა და პრაქტიკის სიღრმისეულ წვდომას.
მოსამართლის თანამდებობიდან პენსიაზე გასვლის შემდეგ, ბ-ნი არენასი საერთაშორისო დონეზე კითხულობს ლექციებს. უახლოეს წარსულში იგი საქმიანობდა მოლდოვის იუსტიციის ეროვნულ ინსტიტუტში USDOJ OPDAT-ის მეშვეობით, სადაც მისი პროექტი ამა წლის ივლისში დასრულდა.


შესავალი

ეროვნული სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი არ შეიძლება ჩაითვალოს იმის აბსოლუტურ ინდიკატორად, რომ ეროვნულ სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობა აკლია. წინამდებარე სტატიაში განხილულია ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს იმას, რაც შეიძლება მიიჩნიონ გამამტყუნებელი განაჩენების პროპორციულად მაღალ მაჩვენებლად ისეთი სამართლებრივი სისტემის ფარგლებში, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლო აქვს.

მიზეზთა არეალი

განვიხილოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც ეროვნული სასამართლო სისტემა გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. იმავე გამადიდებელი შუშით რომ დავაკვირდეთ, როგორც არჩევნების შედეგებს, ან დასაქმების სტატისტიკას ვაკვირდებით – 97%-ზე მაღალი ზღვარი სკეპტიკურ ანალიზს მოითხოვს.

გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს სასამართლო სისტემა, რომელიც ინსტიტუციურად გაუმართავი, მიკერძოებული და სუბიექტურია და რომელიც თავის მოტივირებულ გადაწყვეტილებებს პროკურატურის, ან მოსამართლეების თანამდებობაზე დამნიშვნელი უწყების შიშით იღებს. რეპრესიების შიშმა, როგორიცაა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, სხვა ოლქში გადაყვანა, ან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მისი ხელახლა არდანიშვნა, შესაძლოა მოსამართლე აიძულოს, რომ სასამართლო პროცესზე პროკურორის მითითებებს დაემორჩილოს.

გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ბევრი საქმე საპროცესო შეთანხმებით1, ბრალის აღიარებით2 სრულდება, ან დაჩქარებული სამართალწარმოების წესით განიხილება. ამგვარი პროცესები ნაწილობრივ იწარმოება იძულებითი აღიარებით და ყველა მათგანი თავმჯდომარე მოსამართლის მიერ მტკიცდება. ზედამხედველობისა და კონტროლის უკმარისობა, თავისი ნაკლოვანი ბუნებით, აპელაციის პროცესს უფრო მეტად გასდევს. შესაბამისად, სასამართლო სისტემა, შესაძლოა, მიდრეკილი იყოს იმისკენ, რომ კონსერვატიული ჯარიმების დაკისრების შესახებ განაჩენები, პროკურატურაში უპირატესი მოპყრობის შედეგად დაუშვას. თუმცა არასათანადოდ კვალიფიციური ადვოკატთა კორპუსიც, შეიძლება, კიდევ ერთი ფაქტორი იყოს გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლის მხრივ. ამას თან ერთვის სასამართლოს მიერ დანიშნული მცირედი ანაზღაურების მქონე ადვოკატები, ან არამოტივირებული უფასო ადვოკატები, რომლებიც ცუდ პირობებში მუშაობენ. ამასთანავე, გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებლის კიდევ ერთი მიზეზი, შესაძლოა იყოს პროკურატურის პროფესიონალიზმის უფრო მაღალი ხარისხი და სახელმწიფოს მხრიდან იმ სამართალდამცავი ორგანოების, ან სააგენტოების დიდი დაფინანსება, რომლებიც საგამოძიებო ტექნიკაში სწავლების ნაკლებობას არ განიცდიან3. მეორე მხრივ, ისეთ კულტურაში, რომელიც მარცხს არ პატიობს, ზედმეტად ფრთხილი პროკურორები მხოლოდ იმგვარ საქმეებს წარადგენენ, სადაც მოგებაში დარწმუნებულები არიან4. მიუხედავად ამისა, პროკურორის პირდაპირი მოვალეობა საქმეების მოგებაა (და არა მხოლოდ ზოგიერთი მათგანის). ამდენად, იმის მტკიცება, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის შედეგია – რეალურ საფუძველს მოკლებული გახლავთ5.

საერთაშორისო თანამეგობრობა

საინტერესოა აღინიშნოს, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი ჩინეთში, რუსეთში, იაპონიასა და შეერთებულ შტატებში 95%-ს აღემატება6. ოთხივე ქვეყანას კარგად დაფინანსებული და კვალიფიციური პროკურატურა ჰყავს. ურთიერთპატივისცემასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას შორის ბალანსის დამყარებისათვის, პროკურატურის ძლიერ სტრუქტურას თანასწორად ძლიერი სასამართლო სისტემა ესაჭიროება. ამგვარი სიძლიერე ისეთ ფაქტორებს განაპირობებს, როგორიცაა: პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების მოსამართლეთა თანამდებობაზე გრძელვადიანი, ან უვადოდ დანიშვნა, რეპრესიების შეზღუდვა არაპოპულარული გადაწყვეტილებების ან გამამართლებელი განაჩენების შემთხვევაში და მოსამართლეების სათანადოდ დაფინანსებული სწავლება.

მაშინ, როდესაც ერთა თანამეგობრობა განაგრძობს საერთაშორისო ხელშეკრულებების, პაქტებისა და კონვენციების დანერგვას საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში (როგორც საქართველოში ხდება) – ეს სიმბიოზი უზრუნველყოფს ფუნქციურად უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებლის მიუხედავად. ექვსი წლის წინ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის საწყის ეტაპზე რიჩარდ ვოგლერი, სასექსის სამართლის სკოლის პროფესორი, მე და რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა იურისტი ვმუშაობდით ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ საყოველთაო პრინციპებთან. მაგალითად, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარი პატიმრობის ალტერნატივები, სწრაფი მართლმსაჯულება, შეჯიბრებითობის პრინციპი და სასამართლო პროცესის საჯაროობა. მძიმე და რუტინული სამუშაოს დროს, სამოქალაქო და საერთო სამართლის პრინციპების შერწყმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტში, ბუნებრივად მიმდინარეობდა. შეჯიბრებითობის პრინციპის დანერგვის მიუხედავადაც კი, კოდექსის პროექტი ცალსახად ევროპულ მოდელად დარჩა. ამ თვალსაზრისით, მაგალითად, სამართლის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, თუ პროკურატურა დაიცავს დაკავების შემდგომ პირობებთან და ბრალდებულის განცხადებებთან დაკავშირებულ სტანდარტებს, გამამტყუნებელი განაჩენების უკვე არსებულმა მაღალმა მაჩვენებელმა აღარ უნდა იმერყეოს.

დასკვნა

ის დასკვნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენების მაღალი მაჩვენებელი ცალსახად გულისხმობს სასამართლო სისტემას, რომელიც დამოუკიდებლობის ნაკლებობას განიცდის, საუკეთესო შემთხვევაში, ბუნდოვანი და ჭირვეულია. არ არსებობს ისეთი ერთადერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებდა გამამტყუნებელი განაჩენების მაღალ მაჩვენებელს – სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობა ზუსტად ასევე შეიძლება მიეწეროს გამამტყუნებელი განაჩენების დაბალ მაჩვენებელსაც. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ურთიერთკავშირი მაინც ეფემერულია, შესაბამისად – ემპირიულად მდგრადი ვერ იქნება.

1. Raymond J. McKoski, Judicial Discipline and The Appearance of Impropriety: What the Public Sees is What the Judge Gets, 94 Minn. L. Rev. 1914, 1980 n.352 (June 2010).

2. 2009 წელს შეერთებული შტატების ფედერალურ სისტემაში მსჯავრი დაედო 95,000 ადამიანს. 4,100 პროცესი გაიმართა მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, რის შედეგადაც გამოტანილი იქნა 484 გამამართლებელი განაჩენი. Administrative Office of United States Courts, Judicial Business of the United States Courts: 2009 Annual Report of the Director, Table 5.24 (2009) (Washington, D.C. , U.S.G.P.O., 2010, pp. 239-42), cited in Sourcebook of Criminal Justice Statistics, 2010).

3. გამამტყუნებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებლის მიზეზები შესაძლოა მოიცავდეს გამომძიებლების რაოდენობის ნაკლებობას, პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლას, კორუფციას და სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ნელ ტემპს (NITA 9/27/2007).

4. ix. Josh Bowers, Legal Guilt, Normative Innocence, and the Equitable Decision Not to Prosecute, 110 Colum. Law Rev. 1655, 1703 n.224 (Nov. 2010); Kuo-Chang Huang, Kong-Pin Chen, and Chang-Ching Lin, Does the Type of Criminal Defense Counsel Affect Cases Outcome? A Natural Experiment in Taiwan, 30 Int’l Rev. L. & Econ. 113, 118 n.23 (June 2010).

5. “გამამტყუნებელი განაჩენების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებლის პირობებში ცხადია, რომ პროფესიონალი მოსამართლეები მაღალი ალბათობით გადაიხრებიან თავიანთი კოლეგებისაკენ პროკურატურიდან მაშინ, როდესაც გაჩნდება ეჭვი იმის შესახებ, თუ რა ხდება დახურულ კარს მიღმა”. Matthew J. Wilson, Japan’s New Criminal Trial Jury System: In Need of More Transparency, More Access, and More Time, 33 Fordham Int;l L.J. 487, 554 n. 421 (January 2010).

6. ჩინეთსა და რუსეთში გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი დაახლოებით 99%-ს შეადგენს. მაგ. იხ. Bruce Zagaris, Shanghai Court Sentences Rio Tinto Executives and Rio Fires Staff, 26 No. 6 Int’l Enforcement L. Rep. 258 (June 2010)(China). 2009 წელს რუსეთში მსჯავრი დაედო 920,000 ადამიანს სასამართლო პროცესებზე მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. 9,000 ადამიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.



კომენტარები