ჩოგბურთი

დონალდ Young

თორმეტი წლის წინ, ნიუ ჰეივენის საჩვენებელ ტურნირზე ათი წლის ბავშვი წყვილებში ჯონ მაკენროისთან ერთად იყო. საქველმოქმედო აქცია მორჩა, მაკენროიმ რამდენიმე ნახატი გაყიდა და ჯიმი კონორსმა ბრიუს უილისთან ერთად ქანთრი შეუბერა. მაკენროი ბრიფინგზე შედის. პირველი კითხვა ჯონს – სერ, დღევანდელი აქციიდან ყველაზე უფრო რა დაგამახსოვრდათ? 


ჯონი – ის ბიჭი, ჩემთან ერთად რომ იყო, ერთად რომ ვითამაშეთ. მაგარი ბიჭია. ცაციაა. მისი ხელები კიდევ ერთი ცაციის ხელებს მაგონებს. ჩოგნის გარდა, ფუნჯსაც მაგრად რომ იყენებს…

ექვსი წლის წინ ატლანტა ფალკონზის ლაინბექერმა, პოპულარულმა ხულიგანმა კიტ ბრუკინგმა ვარჯიშზე 16 წლის ბიჭი მიიყვანა. ოდნავ პუტკუნა, მორიდებული ბიჭი, რომელმაც ტესტის დროს უფრო შორს და ზუსტად გაუშვა ბურთი, ვიდრე გუნდის ერთ-ერთმა ქვორთერბექმა, ტაი დეტმერმა. ბიჭს სამოყვარულო კონტრაქტი შესთავაზეს – თვეში 5 600 დოლარი, შეუზღუდავი რაოდენობის ბილეთები ფალკონზის საშინაო ტესტებზე და ლეგენდარულ მაიკლ ვიკთან ვარჯიშის პერსპექტივა. 
ნიუ ჰეივენში და ატლანტაში დონალდ იანგი იყო. 

დედა, ილონა, ნიკ ბოლეტიერის საჩოგბურთო აკადემიაში სკაუტად მუშაობდა. მამა, დონალდ უფროსი, ფალკონზში მეორე შემადგენლობას ავარჯიშებდა და პარალელურად, უბნის ბავშვებს ჩოგბურთს ეთამაშებოდა. პატარა დონალდი ამერიკულ ფეხბურთში ცხოვრობდა და როდესაც მეგობრის მოტოციკლეტით ავარიის შემდეგ, მერი შელის პერსონაჟივით ასაწყობი გახდა, დედიკოსთან მივიდა. ექიმმა დონალდს ცურვა და ჩოგბურთი გამოუწერა. დონალდი 14 წლის იყო. 

ერთი წლის შემდეგ იანგი იგებს იუნიორებში ავსტრალიის ღია პირველობას და ტურნირის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი ჩემპიონი ხდება. იანგმა აკრიფა. დონალდმა სეზონი თავის ასაკში პირველ ნომრად დახურა. ამერიკელებიდან იგივე შედეგი მანამდე მხოლოდ ჯონ მაკენროის და ენდი როდიკს ჰქონდათ. ორი წლის შემდეგ იანგმა იუნიორებში უიმბლდონიც მოიგო. 

ყველაფერ ამას დონალდი კორტზე სავარჯიშოდ გასვლის გარეშე აკეთებს. დონალდი ამერიკული ფეხბურთის დიეტაზე ზის და ჯესი ტაგლის, დიონ სანდერსის, ფალკონზის სხვა დიდი ბიჭების ისტორიულ ჰაილაითებს იზეპირებს. ჩოგბურთი იანგის ჰობია. იანგი ოფიციალური ტურნირის პროცესში ვარჯიშობს, ერთობა, მეგობარ გოგონას ტრიბუნაზე ბურთს უგდებს, გეიმებს შორის შესვენებაზე ჩიზბურგერს ითვისებს. 

იანგი დღესაც ამერიკულ ფეხბურთშია. ფალკონზის ძირითად გუნდამდე ვერ გაიზარდა, მაგრამ მაინც იქ, გუნდის ბაზაზეა და მთავარ მწვრთნელთან, მაიკ სმიტთან ძმაკაცობს. სმიტმა დონალდს ფალკონზის ისტორიული ამუნიცია აჩუქა. დონალდმა სმიტს როტვეილერის ლეკვი მიუყვანა. 

აპრილში, როდესაც ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა შეფმა პატრიკ მაკენროიმ, დონალდს როლან გაროს საგზურისთვის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა შესთავაზა, იანგის პასუხი კონკრეტული იყო – Fuck USTA (United States Tennis Association), Their chief is full of shit (ცოტა უხერხული სათარგმნია). 

პატრიკის ძმამ, ჯონმა, იანგს დაუმესიჯა, ჩოგბურთით დამემსგავსე, ჩემსავით ნაბიჭვარი არ გახდე, თორემ ბევრს წააგებო. 
იანგმა პატრიკს ბოდიში მოუხადა. იანგი ჯონს ემსგავსება. იანგი ცაციაა. ჯონ მაკენროიც ცაცია იყო. 

დონალდ იანგი ამერიკის ღია პირველობის მეოთხე წრემდე მივიდა. არ ვარჯიშობს, ისევ ამერიკულ ფეხბურთზე ზის და ჩოგბურთით ერთობა. 

კომენტარები