აზერბაიჯანში აღმოჩენილი გაზი

აზერბაიჯანში, აფშერონის საბადოში ბუნებრივი გაზის მარაგები – პირველადი მონაცემებით, რამდენიმე ტრილიონი კუბური მეტრი – აღმოაჩინეს. ამას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვეს, რაც აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკასთან ერთად, რეგიონის სხვა ქვეყნებზეც აისახება. 

აფშერონის საბადოზე მუშაობა ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყეს, თუმცა ინვესტორებს იგი კომერციულად არამომგებიანად მოეჩვენათ. ბურღვითი სამუშაოები 2005 წელს შეაჩერეს. მოგვიანებით ფრანგულმა კომპანია Total-მა პროექტი გამოაცოცხლა. 2009 წლის შეთანხმების საფუძველზე, დღეს საბადოდან რესურსების მოპოვებით სამი კომპანიაა დაკავებული (SOCAR-ი – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია) ფლობს 40% წილს, ფრანგული კომპანია Total-ი – 40%-ს და Gaz De France Suez – 20%-ს). 

ეს აღმოჩენა აზერბაიჯანის დადასტურებულ გაზის მარაგებს 2,5 ტრილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის. მაღალჩინოსნების განცხადებით, შაჰ-დენიზის საბადოდან კომერციული გაზის მიღება 2015-2022 წლებისთვის მოხერხდება. 2017 წლიდან ამას შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზიდან მიღებული დამატებითი მარაგები დაემატება – 25 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. ქვეყნის პრეზიდენტის მტკიცებით, ბაქო არა მხოლოდ შიდა მოთხოვნას დაიკმაყოფილებს, არამედ საერთაშორისო ენერგობაზრებზე კიდევ უფრო განიმტკიცებს პოზიციებს. 

აღნიშნულ ფაქტს დასავლეთში უკვე გამოეხმაურნენ. აზერბაიჯანში აშშ-ის ელჩის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, აღმოჩენა როგორც აზერბაიჯანისთვის, ასევე სამხრეთ დერეფნის პროექტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ევროპას ბუნებრივი გაზის მომწოდებელთა დივერსიფიკაციაში დაეხმარება. აზერბაიჯანი დასავლეთისთვის ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდება. მისივე განცხადებით, ვაშინგტონი დაწყებული პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

დაიწყო საუბარი ევროპული ენერგოპროექტების შესაძლო გამოცოცხლებაზე. ევროკავშირმა, ბაქოსა და აშხაბადთან ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა. დასავლეთისკენ მისი ენერგომარაგების მიმართვა ოთხი ინიციატივით – ნაბუკო, ITGI (იტალია-თურქეთ-საბერძნეთის დამაკავშირებელი), AGRI (აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი), TAP (ტრანსადრიატიკული მილსადენი) – იგეგმება. მათ შორის პირველ ორს გაცილებით რეალისტურად მიიჩნევენ. მიღწეულია შეთანხმება თურქეთთან, როგორც ერთ-ერთ ტრანზიტორ ქვეყანასთან. ცნობილია პროექტისთვის დაფინანსების რამდენიმე წყარო. თუმცა, სხვა დაბრკოლებებთან ერთად, მათი უმთავრესი პრობლემა ბაქოსა და აშხაბადს შორის კასპიის საბადოების კუთვნილებაზე არსებული დავაა. 

გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც: ბაქო მზადაა მოსკოვს ევროპულ ფასად მიჰყიდოს ბუნებრივი აირი. იგი ენერგობერკეტით ხშირად ლავირებს დასავლეთსა და მის ჩრდილოელ მეზობელს შორის. ამას ემატება ევროკავშირის მოქნილი და საერთო პოლიტიკის არარსებობაც, რის გამოც დასავლეთს ერთ ხმაში მოქმედება და ხელშეკრულებებზე შეთანხმების მიღწევა უჭირს. სწორედ ამ წინაღობის დასაძლევად ევროკომისია დღეს მიმდინარე მოლაპარაკებებს თავად უძღვება. კომისიამ მომავალში ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ევროკავშირის ქვეყნების მიერ მესამე ქვეყანასთან ენერგოშეთანხმებების გაფორმებას. ამით შემცირდება ერთპიროვნულად დადებული ხელშეკრულებები (მაგალითად, ლიბიასთან), უფრო გამჭვირვალე გახდება დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ურთიერთობა რუსულ კომპანია გაზპრომთან. თუმცა, ეროვნული მთავრობებისგან ამგვარ კომპრომისზე წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია. 

Total-ის პრეზიდენტის თქმით, რესურსების ოდენობის თვალსაზრისით ბოლო აღმოჩენა, შესაძლოა, სერიოზული გამოდგეს. იგი ერთმნიშვნელოვნად გაზრდის აზერბაიჯანის პოლიტიკურ წონას, რეგიონი კი პოლიტიკური თამაშების ობიექტად იქცევა. ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა ენერგოპროექტებს შორის არჩევანი ოქტომბერში უნდა გააკეთოს. 
 

კომენტარები