ბან თაის სამზარეულო

 ბან თაის სამზარეულოს სივრცე მინიმალური ძალისხმევით რესტორნად გადაკეთებული ბელეტაჟის ბინა, უფრო სწორად ერთი დიდი ოთახია, სადაც ჯერ კიდევ ძველი მობინადრის პარკეტზე ადგამ ფეხს. ბან თაის სამზარეულო ვერც შთამბეჭდავი ატმოსფეროთი და ვერც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით მოიწონებს თავს და არც კერძები გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალურობით. და მაინც, თაბუკაშვილის ქუჩაზე ეულად მდგარი ეს ტაილანდური რესტორანი, უკვე წლებია, ამერიკელი ექსპატრიოტების თუ ბრიტანელი ტურისტების ფავორიტად რჩება. ქართველი მუშტარი აქ იშვიათზე იშვიათია. ზომიერი ულუფები, ზომიერ ფასად და, რაც მთავარია, სტაბილური ხარისხით, ეს ამ რესტორნის წარმატების ძირითადი ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთი გასაღები ტაილანდელი მეპატრონე ქალბატონის თავაზიან მასპინძლობაშია, რომელიც მუდამ ტრადიციულ-აღმოსავლურად, სტუმართმოყვარე ღიმილით გიღებს კარს.

ტაილანდური მრავალფეროვნება პიკანტური სანელებლების, სურნელოვანი ციტრუსისა და არომატული ბოსტნეულის ბალანსშია, სადაც ინგრედიენტების კონტრასტული ფაქტურები მოულოდნელ და, ამავე დროს, მარტივ ჰარმონიას ქმნის. არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ტაილანდელები კერძის გაწყობას, რასაც ხშირად ოსტატურად გამოჭრილი რთული კონსტრუქციის ბოსტნეული ასრულებს. ერთი სიტყვით, ტაილანდური კერძი მიმზიდველად უნდა გამოიყურებოდეს.

ტაილანდელებისთვის დღის პირველი კერძი ტიპურად მსუბუქი სუპია, ბან თაის სამზარეულო ამ მხრივ წვნიანების ფართო არჩევანს გვთავაზობს. სადილისა თუ ვახშმისთვის უდავოდ კარგი დასაწყისია ტომ იამი (12.5ლ) – არომატული სუპი ზღვის პროდუქტით ან ქათმით, ჩემთვის ზედმეტად მსუბუქი, თუმცა ობიექტურად კარგად გაჯერებული წვნიანი. სუპთან ერთად მიირთვით შერეული აპეტაიზერები (15ლ), კრევეტის და ღორის ხორცის ღვეზელი და ქათმის სატაი (დაბასთურმებული ხორცი ხის შამფურზე). თუ ზეთში შემწვარი ღვეზელები მაინცდამაინც არ გხიბლავთ, უფრო ჯანმრთელი ალტერნატივა იქნება ბრინჯის ქაღალდში გახვეული კრევეტი, ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად (12ლ). ასევე სასიამოვნოა შემწვარი საქონლის ხორცის სალათი 15ლ, ეშხიანი, ცხარე-მჟავე სოუსით.

ძირითად კერძად შეგვიძლია ამოვირჩიოთ ყვითელი და წითელი ქარის კერძები, თევზის და ზღვის პროდუქტის, ხორცის, ქათმის ან ბოსტნეულის კომბინაციები და სურვილის შემთხვევაში მოვითხოვოთ საშუალოდ ცხარედ მომზადებული კერძი. იგივე შეიძლება ითქვას ბრინჯით და ატრიით მომზადებულ კერძებზე – მშვენიერი აღმოჩნდა პოპულარული ტაილანდური კერძი – პად ტაი და სხვადასხვა ატრიის კომბინაცია.
ნაკლებად საინტერესო იყო სპეციალურად მოთუშული ბრინჯი (კრევეტთან და ხორცთან ერთად), ასევე ბოსტნეულის მიქსი მწვანე ქარის სოუსში. ქორჭილას ფილე კი (25ლ), ალბათ ყველაზე საუკეთესო კერძია, რაც გავსინჯეთ.

ასე რომ, ნუ შეუშინდებით ბან თაის ერთი შეხედვით ბნელ და, შესაძლოა, მოღუშულ ატმოსფეროს, აქაურობა ტაილანდური სადილისა თუ ვახშმისთვის არცთუ ურიგო არჩევანია.

ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად.

თაბუკაშვილის 35
(ოპერის უკან) 0108
ტელ: 2 997 802
სამზარეულო: ტაილანდური
საათები: ყოველდღე, 11.00- 23.00
ბარათები: ვიზა, მასთერკარდი
ფასი: 80 ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: თაბუკაშვილის ქუჩაზე




კომენტარები