პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება

საქართველოში, 2011 წლის პირველ ნახევარში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 377.1 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი, 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.8% ანუ 142.7 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 13.5 მილიონი აშშ დოლარით ანუ 10.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით, 2011 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია – მთლიანი რაოდენობის 15.2% ანუ 57.3 მილიონი აშშ დოლარი საქართველოში კვიპროსიდან შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ ნახევარს 27.3 მილიონი აშშ დოლარით აღემატება. ყველაზე ნაკლები ინვესტიცია – 11.1 ათასი აშშ დოლარი ანუ მთლიანი ინვესტიციების 0.002% – საქართველოში ბელგიამ ჩადო. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 7.8 ათასი აშშ დოლარით მეტია.

2011 წლის პირველ ნახევარში დსთ-ს ქვეყნებიდან საქართველოში მთლიანი ინვესტიციების 18.8% ანუ 70.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. მაჩვენებელი 2010 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 31%-ით ანუ 40.2 მილიონი აშშ დოლარით გაზრდილია.

დსთ-ს მასშტაბით, 2011 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მეტი ინვესტიცია – მთლიანი რაოდენობის 7.9% ანუ 30 მილიონი აშშ დოლარი – რუსეთზე მოდის; ყველაზე ნაკლები – მთლიანი რაოდენობის 0.003% ანუ 13.2 ათასი – სირიაზე, რაც 2010 წლის პირველ ნახევართან შედარებით, შესაბამისად, 40.2 მილიონი აშშ დოლარით და 14.5 ათასი აშშ დოლარით გაზრდილია.

დანარჩენი ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო რაოდენობის 35% ანუ 132.1 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. 2010 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 67.6 მილიონი აშშ დოლარით მეტი იყო.

2011 წლის პირველ ნახევარში, დანარჩენი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია – მთლიანი რაოდენობის 9.5% ანუ 35.9 მილიონი აშშ დოლარი – თურქეთზე მოდის; ყველაზე ნაკლები კი – მთლიანი მოცულობის 0.003% ანუ 13.2 ათასი აშშ დოლარი – სირიაზე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებლები – შესაბამისად, 10 მილიონი აშშ დოლარით და 8.6 ათასი აშშ დოლარით არის შემცირებული.

2011 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსად, საქსტატის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველია მოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა. ამ სექტორში 2011 წლის პირველ ნახევარში მთლიანი ინვესტიციების 29.8% ანუ 112.3 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო. მაჩვენებელი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში 34.9 მილიონი აშშ დოლარით მეტი გახლდათ. უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის სექტორი, რომელმაც 2011 წლის პირველ ნახევარში ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 0.9% ანუ 3.5 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ ნახევარში 2.7 მილიონი აშშ დოლარით მეტი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, პრივატიზაციის პროცესის შედეგად, არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესყიდული უძრავი ქონება და მათი მომავალი საქმიანობის პროფილი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. თუმცა ცნობილია, რომ პრივატიზაციის პროცესის შედეგად 1.7 მილიონი აშშ დოლარია მოზიდული, რაც წინა წელთან შედარებით, 1.1 მილიონით მეტია.

2011 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში 31.6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ეს მაჩვენებელი 2010 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 16.2 მილიონი აშშ დოლარით მეტია.

კომენტარები