სამართლიანობა პალესტინისთვის, უსაფრთხოება ისრაელისთვის

პალესტინას აქვს სახელმწიფოებრიობის უფლება, მაგრამ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს – საქართველოს პოზიცია პალესტინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკული ტელეკომპანიის ეთერში გამოხატა. 

 
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, პირველ რიგში, ისრაელს უსაფრთხო არსებობის უფლება გააჩნია. ასევე პალესტინასაც აქვს სახელმწიფოებრიობის უფლება – ამაში ეჭვი არავის ეპარება.  რა თქმა უნდა, ჩვენ პალესტინელი ხალხის გაჭირვებას თანავუგრძნობთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია MSNBC-ს ეთერში. 

 „მეორე მხრივ, მოლაპარაკებების გვჯერა. ჩვენი პოზიცია სავსებით ნათელია – ამგვარი საკითხების მოგვარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ამაზე ორივე მხარე შეთანხმდება. იმედი მაქვს, უფრო მეტი სტიმული გამიჩნდება იმისათვის, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება ნიუ იორკში ყოფნისას გააკეთა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მწვავე საკითხი ამ სესიაზე სწორედ პალესტინის პრობლემა გახდა. დიპლომატიური ზეწოლის მიუხედავად, 23 სექტემბერს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ ასამბლეას პალესტინის ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად მიღებისკენ მოუწოდა.
ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოხატული მოსაზრება, ვაშინგტონის პოზიციას ემთხვევა – აშშ-ის აზრით, გადაწყვეტილება დამოუკიდებელი პალესტინის შექმნის შესახებ მხოლოდ პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში შეიძლება მიიღონ. ვაშინგტონი მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. იმ შემთხვევაში, თუ პალესტინა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავდა, აშშ ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავდა. 

ამ შემთხვევაში პალესტინა უშუალოდ გენერალურ ასამბლეას მიმართავდა. ამით ის გაეროს სრულუფლებიანი წევრის სტატუსს ვერ მოიპოვებდა. თუმცა, ხმათა უმრავლესობით,   „დამკვირვებელი ქვეყნის” ან „გაეროს არაწევრი სახელმწიფოს” სტატუსის მიღება შეეძლო,  რომლითაც, მაგალითად, ვატიკანი სარგებლობს. ეს სტატუსი პალესტინას საშუალებას მისცემდა სრულფასოვანი მონაწილეობა მიეღო გაეროს ინსტიტუტებში (მათ შორის გაეროს საერთაშორისო სასამართლოში) და სხვა საერთაშორისო ფორუმებში. ისრაელი დარწმუნებულია, რომ პალესტინა მოპოვებულ სტატუსს ისრაელზე ზეწოლისთვის გამოიყენებს – მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით.  

არაერთმა ქვეყანამ, სესიის წინ, პალესტინის სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოთქვა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მოსკოვი კვლავაც „მიზანმიმართულად უჭერს მხარს პალესტინის სუვერენიტეტს,
რომელიც საბჭოთა კავშირმა ჯერ კიდევ 1988 წელს აღიარა”. 

თუმცა, პალესტინამ დროებით ხელი აიღო საკუთარი მოთხოვნის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის დაუყოვნებლივ გადაცემაზე და მზადაა, საბჭოს წევრებს „დაფიქრებისთვის” გარკვეული დრო მისცეს. 
როგორც ტაბულას გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კახა ლომაიამ განუცხადა, გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის შემთხვევაში საქართველოს პოზიციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.  
მისი თქმით, საქართველო ისრაელ-პალესტინის საკითხში „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას” ემხრობა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული პრინციპზე – „სამართლიანობა პალესტინისთვის, უსაფრთხოება ისრაელისთვის”.   

პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა 1988 წელს გამოცხადდა. დღეისათვის მასთან დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოს 126 ქვეყანას აქვს დამყარებული. ფორმალურად მათ რიცხვში საქართველოც შედის – დიპლომატიური კავშირი საქართველოსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შორის 1992 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ამავე დროს, პალესტინის სახელმწიფოს აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობა დღემდე არ ცნობს.

2008 წელს პალესტინურმა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს და პალესტინის დღევანდელ ადმინისტრაციას არ ემორჩილება, განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მიესალმება. 

პალესტინის საკითხის განხილვა გაეროში საქართველოსა და ისრაელს შორის გარკვეულ დაძაბულობას დაემთხვა. 

კახა ლომაიას თქმით, კონტაქტები საქართველოსა და პალესტინას შორის გაეროს დონეზე ხორციელდება. საქართველოს წარმომადგენლობას აქვს შეხვედრები პალესტინის დელეგაციასთან (რომელსაც გაეროში ხმის უფლება არ აქვს) – ძირითადად, სხვა დელეგაციებთან, მაგალითად, არაბთა ლიგის ჯგუფის წევრებთან ერთად. იმართება ორმხრივი შეხვედრებიც – იმ შემთხვევაში, როდესაც პალესტინის დელეგაციას საქართველოსთვის რაიმე პოზიციის გაზიარება სურს.  
 

კომენტარები