პრორუსული პარტიის წარმატება

REUTERS
17 სექტემბერს, ლატვიის სეიმის ვადამდელ არჩევნებში, ქვეყნის დამოუკიდებლობის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად, რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დამცველმა პარტიამ – შეთანხმების ცენტრმა – გაიმარჯვა. მას რიგის მერი, ნილ უშაკოვი ხელმძღვანელობს. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: შეთანხმების ცენტრი – 29%, რეფორმების პარტია – 20%, ერთობა – 18%. 5%-იანი ბარიერი გადალახეს პარტიებმა – ყველაფერი ლატვიისათვის (13,36%) და მწვანეთა და გლეხთა კავშირმა (12,37%). 

ლატვიაში არასოდეს გაუმარჯვია პარტიას, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებს წარმოადგენდა. ეს 2 მილიონი ადამიანია, რაც მთლიანი მოსახლეობის თითქმის 44%-ს შეადგენს. ამასთან, 350 ათას ე.წ. არამოქალაქეს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა სრულუფლებიანი მოსახლეობაც საკმარისი აღმოჩნდა „ისტორიული წარმატებისათვის”. შეთანხმების ცენტრის იდეოლოგია შემდეგი ფორმულით გამოიხატება: „ჩვენ არ ვართ მეხუთე კოლონა, არც ოკუპანტები და არც საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ისევ ოცნებობენ საბჭოთა კავშირში გაღვიძებაზე. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც სურთ მასში ცხოვრება, ისე, რომ არც თავიანთი ენისა და კულტურის ეთაკილებოდეთ”. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ცენტრს რუსეთში ვლადიმირ პუტინის პარტიასთან აქვს კავშირი, შესაბამისად, მისი ფარული ზრახვები საზოგადოებისათვის უცნობია.

ეს არჩევნები ზაფხულში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ გამოიწვია. აქამდე ლატვიის სეიმის დეპუტატებს,  მკაცრად 4 წელიწადში ერთხელ – ლუწ, მაგრამ არანაკიან წლებში ირჩევდნენ. ამა წლის 28 მაისს კი ლატვიის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა, სეიმი დაითხოვა. მან დეპუტატები კორუფციასა და ოლიგარქების ინტერესების დაცვაში დაადანაშაულა. 23 ივლისის რეფერენდუმში სეიმის დათხოვნას ხმა 342 ათასმა ადამიანმა მისცა, რამაც აუცილებელ მინიმუმს მკვეთრად გადააჭარბა. 

არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა რეკორდულად დაბალი აღმოჩნდა. ეს ეკონომიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. Heritage Foundation-ის შეფასებით, ლატვიაში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 65,8
ქულას შეადგენს (56-ე ადგილი). გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი ქვეყანას ძალიან დაეტყო. ამას, ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით, კორუფციის მაღალი დონე, არაეფექტური სასამართლო სისტემა და არაერთი სხვა პრობლემა ემატება.

არჩევნები მმართველ პარტია ერთობისათვის, რომლის ხელმძღვანელიც მოქმედი პრემიერი ვალდის დომბროვსკისია, წარუმატებელი აღმოჩნდა. შედეგი გასაკვირი არ არის – ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად, პრემიერი იძულებული გახდა ისეთი არაპოპულარული მეთოდებისთვის მიემართა, როგორიცაა სოციალური ხარჯების შემცირება, ხელფასების გაყინვა, გადასახადების გაზრდა და სხვა. ეს ყველაფერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კეთდებოდა, რომელიც მძიმე ეკონომიკური ვითარების გამოსწორების გარეშე, უარს ამბობდა მრავალმილიონიანი კრედიტის გაცემაზე. ზომები მიიღეს, მაგრამ ლატვიის კრიზისის დასაძლევად კრედიტი არ ჩანს. 

ლატვიურ ფლანგზე აშკარაა რადიკალ-ნაციონალისტების, პარტია – ყველაფერი ლატვიისათვის პროგრესი. კრიზისის წლებში ლოზუნგების, „ლატვია ლატვიელებს”, „რუსები – უკან აღმოსავლეთში” პოპულარობა გამოიკვეთა. ნაციონალისტები შიშობენ, რომ შეთანხმების ცენტრის გამარჯვება ლატვიურ ენას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებთან კონფლიქტის შემდეგ პრეზიდენტად ანდრის ბერზინში აირჩიეს და არა ვალდის ზატლერსი, ეს უკანასკნელი პოლიტიკიდან არ წასულა. მას გაპრემიერების დიდი შანსი აქვს. ზატლერსის რეფორმების პარტიის პროგრამა არ გამოირჩევა რუსულენოვანი მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული რევერანსებით, მაგრამ მასში არც რადიკალური ნაციონალიზმი იგრძნობა. სამაგიეროდ, არსებული ხელისუფლების კრიტიკას არ იშურებენ. 

შეთანხმების ცენტრის გამარჯვების მიუხედავად, ექსპერტების აზრით, პარტია ვერ შეძლებს კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას. ვარაუდობენ რეფორმების პარტიისა და ერთობის კოალიციურ გაერთიანებას, რითაც პრორუსული პარტია ოპოზიციაში აღმოჩნდება. შესაძლებელია ზატლერსის პარტიისა და შეთანხმების ცენტრის შეკავშირებაც, ყველაზე უფრო რეალური კი რეფორმების პარტიის, ერთობისა და ყველაფერი ლატვიისათვის გაერთიანებაა. 28 სექტემბერს, ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კოალიციის შესაქმნელად მოლაპარაკებები დაინიშნა. ბერზინშის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტს „რაც შეიძლება ფართო” კოალიციის ხილვა სურს. 

კომენტარები