ავტოსტოპის კულტურა საქართველოში

თუკი გადაწყვიტეთ მეგობრებთან ერთად საქართველოს ყველა კუთხე კარავმოკიდებულმა მოიაროთ და ამავდროულად ზედმეტი საგზაო დანახარჯის თავიდან აცილება გსურთ, ავტოსტოპით მგზავრობა თქვენთვის ყოფილა ზედგამოჭრილი. გარდა პრაქტიკული მოსაზრებისა, ამ მეთოდში თავისებური რომანტიკაც შეინიშნება. რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე, ავტოსტოპის თავისებურებიდან გამომდინარე, მრავალ, სხვადასხვა ტიპის ადამიანთან ურთიერთობითა და გამყოლი მანქანის ლოდინით გამოწვეული ადრენალინი დიდხანს გაგყვებათ სასიამოვნო მოგონებად.

ავტოსტოპის კულტურა არაერთ ქვეყანაშია განვითარებული. ავტოსტოპერები, ანუ როგორც მათ სხვანაირად უწოდებენ, ჰიჩჰაიკერები, ევროპისა და ამერიკის მრავალათასკილომეტრიან გზატკეცილებს არიან მოდებულნი და ამით ერთგვარ სუბკულტურასაც ქმნიან. თუმცა მათთან შეხვედრა, განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოშიც მრავლადაა შესაძლებელი. ზურგჩანთამოკიდებული, შორტებიანი ტურისტი, რომელიც ვარშავიდან თბილისის გავლით ბაქოში მიემგზავრება და ცერაწეული ელოდება გამყოლ ავტომანქანას, საქართველოს გზატკეცილებს თავისებურ ელფერს აძლევს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოს ავტოსტოპერთა არმიას ქართველი მოგზაურებიც შეუერთდნენ. ათიოდე წლის წინ მათი რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ მათ მიერ მოყოლილი ისტორიები ისეთივე გაოცებასა და მოკრძალებულ აღტაცებას იწვევდა, როგორც თავის დროზე კოლუმბის მოგზაურობანი. დღეს ამით ძნელად თუ ვინმეს გააკვირვებ. ამის ერთ-ერთი მიზეზი თავად საზოგადოების მიდგომის ცვლილებაც უნდა იყოს.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უპირატესობის გარდა, რაც ძირითადად უფასოდ და სწრაფად გადაადგილებაში გამოიხატება, ავტოსტოპს უარყოფითი მხარეებიც აქვს. შესაძლებელია ტურისტს მოგზაურობა დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გაუგრძელდეს. ასევე გასათვალისწინებელია უსაფრთხოების საკითხიც – უცნობი ადამიანის მანქანაში ჩაჯდომამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს რისკები. ალბათ უამრავი მხატვრული ფილმი გინახავთ, სადაც ერთი შეხედვით უწყინარი, საბარგო მანქანის მძღოლი უეცრად მანიაკი-მკვლელი აღმოჩნდება. გამოცდილი ქართველი ავტოსტოპერების თქმით, აქ ამგვარი რამ ჯერ არ მომხდარა, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა. მგზავრობისთვის გამოსადეგი ტრანსპორტის მკაცრად განსაზღვრული დახასიათება არ არსებობს და ამ შემთხვევაში ტურისტს მთლიანად საკუთარ ინტუიციაზე უწევს მინდობა.

ისევე, როგორც ყველა საქმიანობას, ავტოსტოპსაც გააჩნია საკუთარი წესები, რომელიც მრავალწლიანი გამოცდილების შედეგადაა დაგროვებული. მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ავტოსტოპი ლეგალურია, თუმცა ზოგიერთ მათგანში მაინც მოქმედებს გარკვეული შეზღუდვა. ასე მაგალითად, გერმანიაში ავტობანზე ავტომანქანის გაჩერების მცდელობაც კი აკრძალულია, თუმცა ამას, მოძრაობის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე, გამართლებაც აქვს. ამ და სხვა აკრძალვების წინასწარ ცოდნას უამრავი უსიამოვნების აცილება შეუძლია.

კარგი რუკა, ნებისმიერი ტურისტისთვის, შესანიშნავი დამხმარეა. საქართველოს დეტალური საგზაო რუკის შოვნა ტურისტულ სააგენტოებსა და ზოგიერთ სასტუმროშია შესაძლებელი. უცხოეთში მოგზაურობისას GPS ნავიგატორიც გასწევს მის მაგივრობას, მაგრამ საქართველოს გზები, ჯერჯერობით, ელექტრონულ რუკებზე დატანილი არაა, რაც ნავიგატორს გამოუსადეგარს ხდის. რუკის არარსებობის შემთხვევაში გზის კარგად მცოდნე თანამგზავრი მაინც არის საჭირო, ფილმ „ევროტურის” გმირებივით ბერლინის ნაცვლად ბრატისლავაში რომ არ აღმოჩნდეთ. სიფრთხილის წინასწარი ზომების მიღება, რომელიც ნებისმიერი სახით ტურიზმის შემთხვევაში უპრიანია, ავტოსტოპერებისთვის თითქმის აუცილებელიც კი ხდება. ამიტომ, გამგზავრების წინ შექმენით თქვენი პირადობის მოწმობის ელექტრონული ასლი და რაც შეიძლება დაცულ ადგილზე შეინახეთ. ყველაზე მოსახერხებელი, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისი საკუთარი თავისთვის გაგზავნაა. საბუთის დაკარგვის შემთხვევაში აღდგენას ასე უფრო ადვილად მოახერხებთ.

გარდა იმისა, რომ სანდო ავტომანქანა უნდა შეარჩიოს, ავტოსტოპერი მძღოლებისათვის თავადაც სანდომიანი უნდა იყოს. ამაში იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური მხარე – სადად ჩაცმულ, მომღიმარ მგზავრს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ტყავის ქურთუკში გამოწყობილ, შავსათვალიან, მრისხანე გამომეტყველების მქონე საეჭვო ტიპს. თუმცა, როგორც მძღოლებთნ საუბრისას ირკვევა, თანამგზავრების აყვანისას სხვადასხვა მოტივაცია მოქმედებს. ზოგს უბრალოდ ბეზრდება შორ გზაზე მარტოდ მგზავრობა და თანამოსაუბრეზე უარს არ ამბობს, ზოგიერთი მათგანისთვის ისიც საკმარისია, რომ სრულიად უცნობ ადამიანს ეხმარება, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ მძღოლი ავტოსტოპერს თანამგზავრობაში ფულს სთხოვს.

როგორც ვნახეთ, ტურიზმის ამ სახეობას მრავალი ნიუანსი აქვს, რომლის ერთ სტატიაში გადმოცემა შეუძლებელია. ინტერნეტში უამრავი ინგლისურენოვანი რესურსი არსებობს, რომელიც დამწყებ და მოყვარულ ავტოსტოპერებს ძალიან წაადგებათ. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია, როგორც ეს ქართული ინტერნეტსივრცისთვისაა დამახასიათებელი, მწირია. ეს ერთი მხრივ ძალიან დაამწუხრებს დაინტერესებულ პირებს, მეორე მხრივ კი ცარიელ ნიშას ქმნის, რომლის დაკავებაზე ჯერჯერობით პრეტენზიას არც ერთი ტურისტული კომპანია არ გამოთქვამს. პოტენციალი კი მართლაც დიდია...

კომენტარები