სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ახალი ცდები

0 კომენტარი

სექტემბერს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 3 წლის შემდეგ პირველად, კოსოვომ სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთი რაიონების საზღვარზე, კანონიერი სასაზღვრო კონტროლი განახორციელა. მის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება ინტერესით აკვირდებოდა. დასავლეთში შიშობდნენ, რომ კოსოვოს ქმედება დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის ძლივს დაწყებული მოლაპარაკების ჩაშლისა და დაძაბულობის გაზრდის მიზეზი გახდებოდა.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით, კოსოვოში ევროკავშირის სამართლებრივმა მისიამ (ე.წ. Eulex-მა) ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებზე პოლიციელთა და მესაზღვრეთა დამატებითი ჯგუფები გაგზავნა. კოსოვოს ომის შემდეგ სწორედ ისინი მართავენ სადავო საზღვრებს. მშვიდობისმყოფელები 25 ივლისის მსგავსი ძალადობის თავიდან აცილებას ცდილობენ. მაშინ სერბმა ამბოხებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაწვეს. ამის მიზეზი კოსოვოს ცალმხრივი გადაწყვეტილება გახდა: ქვეყნის მთავრობა შეეცადა, ხელში აეღო ორი სადავო საზღვრის ხელმძღვანელობა. ამან სერბი ამბოხებულების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა გამოიწვია. ისინი არ აღიარებენ ალბანელებით დომინირებულ კოსოვოს რესპუბლიკას და თავს სერბეთის ნაწილად მიიჩნევენ. ინციდენტის შედეგად ერთი კოსოვოელი პოლიციელი მოკლეს.

მიუხედავად ექსტრემისტების მხრიდან განხორციელებული პროვოკაციებისა, კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის – ბაირამ რეჯეპის განცხადებით, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. თითოეულ სადავო საზღვარზე ალბანელებისა და სერბებისაგან შემდგარი 3-კაციანი ჯგუფები განლაგდა. თუმცა ეს ფაქტი უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ქმედითს: ისინი მხოლოდ საზღვრის მშვიდობიანად მართვის გამოცდილებას იღებენ. კოსოვოს მხარე კმაყოფილია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და Eulex-ის მიერ განხორციელებული სასაზღვრო კონტროლით, რომელიც 6 თვის გამოსაცდელი პერიოდით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი სრულ სასაზღვრო მართვას ადგილობრივი ხელისუფლება აიღებს ხელში.

კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობა 81-მა სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის 27 სახელმწიფოდან 22-მა აღიარა, ცდილობს კანონიერ ტერიტორიაზე საკუთარი სუვერენიტეტი განახორციელოს. ჩიხში შესული და დროში გაწელილი დაძაბულობის ადგილიდან დასაძვრელად კი გარეზეწოლა მიმდინარეობს.

სერბეთი, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა, წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. ევროკავშირს არ სურს გაიმეოროს კვიპროსის მაგალითი და თავის რიგებში მეზობლებთან დაპირისპირებული სახელმწიფო მიიღოს. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, სერბეთი ორ მხარეს შორის პრობლემის მოგვარებას ცდილობს, მაგრამ კოსოვოს დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს. ასევე ცხადია, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში ქვეყანა ვერასოდეს გაწევრიანდება ევროკავშირში.

კოსოვოს მხარე მზადაა, აქტიურად ჩაერთოს ბრიუსელის შუამდგომლობით განხორციელებულ მოლაპარაკებებში – თუმცა არავითარ შემთხვევაში სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა შეთანხმებების თაობაზე. „დამოუკიდებლობის მოპოვებით მივიღეთ ახალი სტატუსი, მაგრამ არა ახალი მდგომარეობა, – აცხადებს კოსოვოს წარმომადგენელი ალბერტ კურტი, – ახლა კოსოვოსთვის მნიშვნელოვანია, დაიწყოს ეკონომიკური განვითარება, განახორციელოს ლეგიტიმური კონტროლი საზღვრებსა და ტერიტორიაზე და გახდეს სუვერენული, რათა სუსტი სახელმწიფოდან არშემდგარ სახელმწიფოდ არ იქცეს”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები