ახალი პრემიერის გეგმები

ბოლო 5 წელიწადში იაპონიის მე-6 პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა, რომელმაც პოსტი 2 სექტემბერს დაიკავა, საგარეო პოლიტიკური ინიციატივებით გამოირჩევა. მას ამერიკასთან ურთიერთობების გამყარება სურს. ნოდამ, წინამორბედებისგან განსხვავებით, წინ ამერიკელებისთვის სასურველი პროექტები წამოსწია: იაპონია აპირებს დათანხმდეს ახალი, მრავალმხრივი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, შეარბილოს აკრძალვა იარაღის ექსპორტზე და კუნძულ ოკინავაზე ამერიკული სამხედრო ბაზის საკითხი მოაგვაროს. ნოდამ იაპონიის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამერიკა-იაპონიის ურთიერთობები მთლიანად აღმოსავლეთ აზიის რეგიონის სტაბილურობისათვის არის მნიშვნელოვანი. იაპონიისთვის ამერიკის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ჩინეთის მზარდი სამხედრო ბიუჯეტი და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა.

ნოდას მიზნების განსახორციელებლად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. მისმა წინამორბედებმა თანამდებობა იმდენად მცირე დროში დატოვეს, რომ მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხებით დაკავება ვერც მოასწრეს. ნოდას, შიდაპარტიული განხეთქილების გარდა, ქვეყნის უძრავი ეკონომიკისათვის სიცოცხლის დაბრუნება და მარტში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების დაძლევა მოუწევს. მის პოლიტიკურ ინიციატივებს მოწინააღმდეგეები საკმარისად ეყოლება. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული კომპანიები ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეეწინააღმდეგებიან. პაციფისტური გზიდან გადახვევის კურსს კი ნოდას დემოკრატიულ პარტიაშიც არ ექნება ერთსულოვანი მხარდაჭერა. კუნძულ ოკინავაზე მდებარე ფუტენმას სამხედრო ბაზა ადგილობრივი მოსახლეობისათვის მგრძნობიარე საკითხია. ის კუნძულის დასახლებულ ნაწილში მდებარეობს. 2006 წელს ვაშინგტონი და ტოკიო შეთანხმდნენ, რომ ბაზას კუნძულის დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადაიტანდნენ. მაგრამ მას შემდეგ იაპონიის ვერც ერთმა პრემიერმა ვერ მოახერხა საქმის ბოლომდე მიყვანა.

ნოდას საგარეო პოლიტიკური პოზიცია მოულოდნელია. დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში 2009 წელს გაიმარჯვა და ამით იაპონიის პოლიტიკაში ლიბერალდემოკრატების ნახევარსაუკუნოვანი ჰეგემონია დაასრულა. მის სხვა ლიდერს, აწ უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ იუკიო ჰატოიამას განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ხედვა ჰქონდა. მას სურდა ევროკავშირის მსგავსი აღმოსავლეთაზიური თანამეგობრობის შექმნა. ეს იდეა მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ჰატოიამა ოკინავას ამერიკული ბაზის კუნძულიდან გატანასაც აპირებდა. ამერიკელები ამ გეგმას არც მაშინ და არც ახლა არ ეწინააღმდეგებიან. მათ ბაზის კუნძულ გუამზე განთავსებაც შეუძლიათ. თუმცა თეთრ სახლს არ სურს, საბიუჯეტო დეფიციტისა და თავდაცვის დაფინანსების შემცირების პირობებში, ტრანსფერის საკმაოდ დიდი ხარჯები საკუთარი ჯიბიდან გაიღოს.

ნოდამ თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები საკადრო ცვლილებებშიც გამოხატა. თავდაცვის საკითხებში მრჩევლად მან ამერიკაში განათლება მიღებული აკიჰისა ნაგაშიმა დანიშნა, საგარეო პოლიტიკურ მრჩევლად კი – ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სეიძი მაეჰარა. ეს უკანასკნელი ჩინეთისადმი კრიტიკული განწყობით გამოირჩევა. ორიოდე კვირის წინ, მაეჰარა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა. გლობალური უსაფრთხოების ამერიკელ და იაპონელ ექსპერტთა სიმპოზიუმზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ იაპონიამ, შესაძლოა, საკუთარ თავს იარაღის ექსპორტზე აკრძალვა მოუხსნას. ამერიკელები დაინტერესებული არიან სამხედრო სფეროში იაპონიის ტექნოლოგიური მიღწევებით. თუ მოვლენები მაეჰარას მიერ აღწერილი სცენარით განვითარდება, სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში პარტნიორობით ამერიკა-იაპონიის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყება. იაპონიას საზღვაო ხომალდებისა და სამხედრო თვითმფრინავების სისტემების განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა შეუძლია. მაეჰარამ განაცხადა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში უფრო აქტიურად ჩაერთოს და მხოლოდ ლოჯისტიკური საქმიანობით არ შემოიფარგლოს.

შიდა პრობლემებით დატვირთული იაპონიისთვის, ამერიკასთან ურთიერთობების გამყარება ოპტიმალური საგარეო პოლიტიკური გამოსავალია. მაგრამ ნოდას მოქმედებისთვის შეზღუდული დრო აქვს. მისი პროგრამა-მინიმუმი თანამდებობაზე წინა პრემიერებზე მეტი ხნის გატარება და იაპონიის შიდა პოლიტიკისთვის სტაბილურობის დაბრუნებაა.

კომენტარები