სუპერავტომობილები

იაგუარის კონცეპტუალური C-X16 პორშეს უმიზნებს

 შარშან, პარიზის შოუზე, იაგუარმა წარადგინა კონცეპტუალური სუპერავტომობილი C-X75, რომელსაც ყოველ ბორბალზე თითო ელექტროძრავი ჰქონდა და მათ ენერგიით უზრუნველყოფდა ორი გენერატორი, რომლებიც მიკრო გაზ-ტურბინებთან იყო მიერთებული. ბუნებრივია, მაშინ ყველა ადვილად მიხვდა, რომ ამ ავტომობილს მწვანე შუქს არავინ აუნთებდა. არადა, მისმა დიზაინმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

პრინციპში, C-X75-ის მთავარი დანიშნულება სწორედ ინგლისური კომპანიის ავტომობილების ახალი სტილის ჩვენება იყო. სტილის, რომელიც ახლახან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ამჯერად უკვე სრულიად რეალურ (თუნდაც ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურ) ავტომობილზე ვიხილეთ, რომელსაც C-X16 უწოდეს.

ერთი შეხედვით, ეს ავტომობილი XK-ს შემცვლელი უნდა იყოს, თუმცა რეალურად ასე არაა. ის უფრო პატარა ავტომობილია, რომლის წარმოების შემთხვევაშიც, პორშე კაიმანს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. კონცეპტუალური ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 445 მილიმეტრი, სიგანე 2 048 მმ, სიმაღლე 1 297 მმ, ბორბლებს შორის ბაზა – 2622 მმ. ამ მონაცემებით, ეს არის ყველაზე მცირეგაბარიტიანი იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც იაგუარს 1954 წლის შემდეგ აქვს გამოშვებული. უფრო კონკრეტულად კი, XK-ზე 349 მილიმეტრით მოკლე, 156 მილიმეტრით განიერი და 25 მილიმეტრით დაბალია. ამასთან, მისი ბაზაც 130 მილიმეტრით მოკლეა.

კონცეპტუალური C-X16 ახალ, ალუმინისგან დამზადებულ პლატფორმაზე დგას. ამავე პლატფორმას მალე ბრიტანული კომპანია ახალი XK-სთვისაც გამოიყენებს. ალუმინის პანელებისგანაა აწყობილი ძარაც. მსუბუქი მეტალის ინტენსიურად გამოყენების წყალობით, ავტომობილი 1 600 კილოგრამს იწონის. ამასთან, წონა ღერძებს შორის თანაბრადაა განაწილებული.

C-X16 ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი და მასში მთავარი აგრეგატი, ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 ძრავაა. მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, ის 380 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან შეწყვილებულია ელექტროძრავი, რომელსაც იმავდროულად, გენერატორის მოვალეობის შესრულებაც შეუძლია. შიდაწვის ძრავასთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს, უკანა ბორბლებს გადასცემს. ტრანსმისიასთანაა დაკავშირებული ელექტროძრავიც.

ელექტროძრავისთვის ენერგიის დასაგროვებლად, მცირე ზომის ლითიუმ-იონური აკუმულატორი გამოიყენეს, რომლის ტევადობა მხოლოდ 1.6 კილოვატსაათია. ავტომობილის მოძრაობისას, მას ელექტროძრავი/გენერატორი მუხტავს, რომლის სიმძლავრე 95 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 235 ნიუტონმეტრია. ელექტროძრავ/გენერატორს სხვა დანიშნულებაც აქვს – ის სისტემა სტარტ-სტოპშიცაა ინტეგრირებული და ძრავას მანქანის გაჩერებიდან 300 მილიწამში თიშავს. აქსელერატორზე დაჭერის შემთხვევაში კი ავტომატურად ქოქავს. ჰიბრიდულ დანადგარში ასევე სისტემა კერს-ი შედის.

იაგუარის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ C-X16-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 4.4 წამი ჰყოფნის, 80-დან 120 კმ/სთ-მდე 2.1 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 299 კმ/სთ-ია. ამასთან, მარტო ელექტროძრავით, 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.

კომენტარები