ფრანკფურტის მოტორ შოუ

ლამბორგინი მეექვსე ელემენტს გამოუშვებს

0 კომენტარი

ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ლამბორგინის პავილიონის მთავარი ვარსკვლავი გახდა კონცეპტუალური სუპერავტომობილი სესტო ელემენტო, რომელსაც ბევრი ფიქრის შემდეგ, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა მწვანე შუქი აუნთეს. ეს კი დამსწრე საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ლამბორგინი ამ ავტომობილის წარმოებას არ აპირებდა.

სესტო ელემენტო მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ იტალიურ კომპანიას საავტომობილო სამყაროსთვის თავისი ტექნოლოგიური მიღწევები გაეცნო. სახელიც ერთ-ერთი ასეთი სიახლის გამო უწოდეს – სესტო ელემენტო მეექვსე ელემენტს ნიშნავს, რაც ქიმიური ცხრილის მიხედვით, ნახშირბადია. ამ ნივთიერებას კი ავტომობილის კონსტრუქციაში წამყვანი პოზიცია უკავია. სწორედ ნახშირბადოვანი ქსოვილის კომპოზიტისგანაა დამზადებული მისი დიდი ნაწილი და ამ საქმეში ლამბორგინის პარტნიორობას თვით ბოინგი უწევდა. ცნობისთვის, ბოინგმა ახლახან დაიწყო უახლესი ლაინერის (787 დრიმლაინერი) წარმოება, რომლის ფიუზელაჟი თითქმის მთლიანად ნახშირბადოვანი კომპოზიტის პანელებისგან შედგება.

რადგან სესტო ელემენტო თავისი გაბარიტებით ახლოსაა გალიარდოსთან, პარიზში ბევრმა ჩათვალა, რომ ის სწორედ ამ უკანასკნელს შეცვლიდა, თუმცა ლამბომ ეს ვერსია უარყო და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოებას არ აპირებდა მეტისმეტი რადიკალურობის გამო. დღეს კი ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება შეიცვალა – სესტო ელემენტოს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ.


მსუბუქი და იმავდროულად, ძალიან ხისტი მასალების გამოყენების წყალობით, სესტო ელემენტო ძალიან მსუბუქია – 999 კილოგრამს იწონის, რაც ამ კლასის ავტომობილებისთვის ძალიან ცოტაა. ამასთან, 1986 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლამბოს ავტომობილი ტონაზე ნაკლებს იწონის. ბოლოს ასეთი სიმსუბუქით მოდელი კოუნტაჩ ევოლუციონე გამოირჩეოდა.

სესტო ელემენტო იმავე 570- ცხენისძალიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც იტალიური კომპანია გალიარდოს ორ მოდიფიკაციაზე – სუპერლეგარასა და სტრადალეზე იყენებს. ამგვარად, ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ 1.75 კილოგრამია. ამის წყალობით, სესტო ელემენტო ადგილიდან ასს 2.5 წამში ავითარებს.

ლამბორგინის პრეზიდენტი შტეფან ვინკელმანი ამბობს, რომ სესტო ელემენტოს წარმოება იმ უამრავი გამოხმაურების გამო გადაწყდა, რომლებიც მისმა კომპანიამ პარიზის ავტოშოუს შემდეგ მიიღო. არადა, მისი თქმით, პარიზში წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი ბოლომდე დასრულებულიც კი არ იყო.

მოკლედ, ამ ნახშირბადოვანი ავტომობილის წარმოებას ლამბორგინი 2013 წელს დაიწყებს და მხოლოდ 20 ცალს დაამზადებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები