თბილისის თეატრალური ფესტივალი

თამაში საზღვრებს გარეშე

სპექტაკლი “იდენტიფიკაცია“
სპექტაკლი “იდენტიფიკაცია“
მაშინ, როდესაც სუსტი სქესი უარს ამბობს პასიურ როლზე, კონფლიქტი ქალსა და მამაკაცს შორის გარდაუვალი ხდება. ამ ბრძოლის ისტორია სამყაროსავით ხანდაზმულია და პერმანენტულიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლილითის ხანიდან მოყოლებული, ის დღემდე გრძელდება. გამარჯვებულის სტატუსი, ჩვეულებრივ, ყველაზე ძლიერის კუთვნილება ხდება ხოლმე. მაგრამ რას უნდა ელოდე, როდესაც ძალები თანაბარია?

ამის საჩვენებლად, სამსუნის ოპერისა და ბალეტის თეატრმა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს სპექტაკლი „ამორძალები” შესთავაზა. მარჯანიშვილის თეატრში ამორძალებისა და არგონავტების კავშირის განსხვავებული ისტორიის მოწმენი გავხდით, რომელშიც მთავარი ადგილი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას დაეთმო. ავტორებმა ამორძალებზე იმ ქალების გამო შეაჩერეს არჩევანი, რომლებსაც დღევანდელ სამყაროში ძალაუფლება აქვთ, სამაგიეროდ კაცის თანადგომის გარეშე, იზოლაციაში უწევთ ცხოვრება. ნუგზარ მაღალაშვილმა, რომელიც სამსუნის თეატრის მთავარი ქორეოგრაფი გახლავთ, ვახტანგ კახიძესთან ერთად ამბის ახალი, რომანტიკული ვერსია წარმოგვიდგინა. დავით ხოზაშვილის და თურქი მოცეკვავეების მონაწილეობით, „ამორძალები” არცთუ ურიგო წარმოდგენა აღმოჩნდა, თუმცა როგორც მხატვრული გაფორმების, ისე ქორეოგრაფიული თვალსაზრისით, ის გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ფესტივალის სპექტაკლების მიმართ შეფასების საზომი, განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც იდიტ ჰერმანმა ეფემერული და ძალიან ემოციური „ობსერვატორია” გვაჩვენა – წარმოგვიდგინა მონოქრომული, სენსუალურობით სავსე სამყარო, სადაც ქვეცნობიერში წვდომა და შეგრძნებების ძიება სიბნელეში ჩაძირვითაა შესაძლებელი.


სპექტაკლი “ამორძალები“
ამას მაშინვე მივხვდით, როდესაც შავებში გამოწყობილმა დიმიტრი ტიულპანოვმა თავისი თეთრი ქუდისა და ფეხსაცმლის შავ საღებავში ამოვლება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ერთადერთი ნათურაც შავად შეღება და სცენა მთლიანად წყვდიადმა შთანთქა, იატაკზე მიმოფანტულ რბილ მატრასებზე დაჯდომის საშუალება მოგვეცა. სპექტაკლის საყურებლად სწორი კუთხის ძებნა შეცდომა აღმოჩნდა – აქ მნიშვნელობა დაკარგა ადგილმდებარეობამ, ებრაული ენის ცოდნის ფაქტორმა და, რაც მთავარია, ჩარჩოებმა. უსიტყვოდ, შესანიშნავი მუსიკის (რომელიც ასევე დიმიტრი ტიულპანოვს ეკუთვნის) და შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტების წყალობით, კლიპას თეატრმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგა. აბსტრაქტული განწყობის, საოცარი ბგერების და ექსპრესიულობის დახმარებით შეიქმნა გარემო, სადაც არ შეიძლება თეატრალურ ჟანრს საზღვრები დაუწესო, რადგან აქ ყველაფერი პირველყოფილი და მოჩვენებითია: მუსიკა, ემოციები, ოცნებები...

სპექტაკლი “ობსერვატორია“
ოცნებების, გნებავთ მარტოობის გრძნობის დაძლევის ოცნების, თემაზე, ფესტივალის პროგრამით NEW, ლიტვური დამოუკიდებელი შემოქმედებითი ჯგუფის, „ოპერომანიის” წარმოდგენა „იდენტიფიკაცია” ვიხილეთ. სიუჟეტი Skype-ში დაწყებული სიყვარულის ამბავს მოიცავს, სადაც ერთმანეთს რეალური და ვირტუალური სამყაროები უპირისპირდება. ლიტველი ირკა ინტერნეტით ინგლისელ ჯორჯს გაიცნობს და ამ მამაკაცთან შეხვედრა მისი ცხოვრების მთავარი სურვილი ხდება. სპექტაკლში თითქმის ყველა მომენტი დეპრესიულია, ენობრივი ბარიერის გადალახვის მცდელობიდან დაწყებული, კომპიუტერის მონიტორიდან ამოზრდილი ცელოფანის უზარმაზარი ფალოსის გამოჩენით დამთავრებული, ყველაფერს კი ლაიტმოტივად ირკას ისტერიული ტონით დასმული კითხვა „When will you come?” გასდევს. საბოლოოდ ვხვდებით – როგორი თანამედროვე ფორმითა და სიუჟეტითაც არ უნდა იყოს ხელოვნება ნაჩვენები, ადამიანის თუ რეალობის შეცნობის პრობლემა კვლავინდებურად ძველია, რომელსაც დღეს ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება კიდევ უფრო ართულებს. სამაგიეროდ ინოვაცია, გამომგონებლობა, სიუჟეტის ორიგინალური გადმოცემა წარმოდგენას სანახაობრივად საინტერესოს ხდის. ეს კი ისაა, რაც თანამედროვე ქართულ თეატრს დღეს ძალიან აკლია. თუმცა, 29 სექტემბრიდან, ოთხი დღის განმავლობაში, მას საშუალება ექნება, მაყურებელი საპირისპიროში დაარწმუნოს, მით უმეტეს, რომ წინ ორმოცზე მეტი ქართული სპექტაკლის ჩვენება გველის.

კომენტარები