კრივი

მსოფლიო ჩემპიონატს ორი ქართველი შემორჩა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. რამაზ ფალიანის შეგირდების საქმე ჯერჯერობით კარგად ნამდვილად ვერ მიდის. ოლიმპიადის შემდეგ, რანგით ყველაზე მაღალი დონის ტურნირს ქართველი მოკრივეები ერთმანეთის მიყოლებით ეთიშებიან. არადა, მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში სპორტსმენები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზრუს ინაღდებენ. ტურნირის პირველივე წრეში დაასრულეს ასპარეზობა 56 კგ-ში გამომსვლელმა გიორგი კილანავამ და 60 კილოგრამიანმა ნიკოლოზ იზორიამ. ეს უკანასკნელი ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილი წარმომადგენელია. მან თავისი შეხვედრა უნგრელ მიკლოშ ვარგასთან 11:16 წააგო. კილანავა კი თავის მხრივ ვერაფერს გახდა ავსტრალიელ ლუკ ბოიდთან და 10:17 დამარცხდა.

შეჯიბრება კარგად დაიწყეს სხვა სპორტსმენებმა. ნაკრების რვავე დარჩენილი წევრი მეორე წრეში გავიდა. თუმცა დღესდღეობით მათგან მხოლოდ ორიღა აგრძელებს ასპარეზობას. ისიც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ მეორე ეტაპის შეხვედრები არ გაუმართავთ.

49 კგ-ში ავთანდილ ჭუბაბრიამ პირველი დაპირისპირება ბელორუს ვადიმ კირილენკასთან 9:7 მოიგო. შემდეგ კი უკვე თვითონ დამარცხდა იტალიელ ალექს ფერამოსკასთან - 8:15.

პირველი შეხვედრა ასევე კარგად ჩაატარა 52 კგ-იანმა სევერიან ჭილაძემ. მან ირანელ იმან ტაიების 14:10 აჯობა. მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგში მეათე ადგილზე მყოფ, უელსელ ენდრიუ სელბის დაუპირისპირდა და 7:26 წააგო.

ნაკრების ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებდა 64 კგ-ში მოასპარეზე კობა ფხაკაძეზე. ამ მოკრივემ პირველი ეტაპი ადვილად გადალახა. განელი მაიკლ ბედიაკო-ამოო 29:5 გაანადგურა. შემდეგ კი მასპინძელთა ერთ-ერთ იმდეს, აზერბაიჯანელ გაიბატულა გაჯიალიევს შეხვდა და 15:18 დათმო ორთაბრძოლა.

69 კგ-ში წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ზაალ კვაჭატაძე წარმოგვადგენდა. მან გახსნითი ბრძოლა ალჟირელ ილიას აბადისთან ადვილად 22:13 მოიგო. მეორე ეტაპზე უკვე თურქ ონდერ სიპალს შეერკინა და 20:25 დამარცხდა.

საქართველოს სახელით 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან გულედანი იბრძოდა. მანაც პირველი შეხვედრაში გაიმარჯვა. ყირგიზი ჩინგიზ ბორბაშევს 24:22 აჯობა. შემდეგი დაპირისპირება კი ამერიკელ მარკუს ბრაუნთან მოუხდა. ეს შეხვედრა გულედანმა 6:10 დათმო.

მძიმე წონაში მიხელ ბახტაძემ პირველი ორთაბრძოლა მაკედონიელ პრიმისლავ დიმოვსკისთან ჩაატარა და 15:10 გაიმარჯვა. შემდეგ უკვე ხორვატ რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ფილიპ ჰრგოვიჩს შეებრძოლა. როგორც ოფიციალური ოქმი იტყობინება შეხვედრა მეორე რაუნდში შეყწდა და გამარჯვებულად ხორვატი სპორტსმენი დასახელდა. არ არის დაკონკრეტებული ასე ქართველის ნოკაუტის გამო მოხდა თუ საქმე რამე სხვასთან გვაქვს.

მსოფლიო ჩემპიონტს ორი ქართველიღა შემორჩა - ჯაბა ხოსიტაშვილი (75 კგ.) და დავით გოგიშვილი (91 კგ.). ორივე მათგანმა უკვე მოასწრო თითო ბრძოლის გამართვა. უფრო მსუბუქმა ხოსიტაშვილმა ტაილანდელ სურია ფრასატჰინმფჰიმალს 23:11 აჯობა. მისი შემდეგი მეტოქე გერმანელი შტეფან ჰარტელი იქნება. დავით გოგიშვილმა ესტონელ რაინ კარლსონს 13:7 მოუგო. მომდევნო შერკინება კი მეხუთე ნომრად განთესილ ეკვადორელ ხულიო კასტილიოსთან მოუწევს.

კომენტარები