რუსეთთან ურთიერთობა

რუსეთს საქართველოში აფეთქებები აშშ-მ შეაჩერებინა

გამნაღმველი საეჭვო ობიექტს ამოწმებს. თბილისი
ფოტო: REUTERS
 ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, ობამას ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა ფარული დიპლომატიის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული აფეთქებების სერიის შეჩერებისთვის. The Daily Beast-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის წვლილი ხაზგასმით გამოყო. აფეთქებების სერია საქართველოს მთელი გასული წლის განმავლობაში აწუხებდა. ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მხოლოდ გასულ წელს 7 აფეთქება მოხდა, ხოლო 5 აღკვეთეს. მათ უკან რუსეთი იდგა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კრემლის მოტივაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი აფეთქებებით საქართველოს თავის უკანა ეზოდ წარმოჩენას ცდილობს – საიდანაც სხვებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ.

The Daily Beast-ს აშშ-ის ჩართულობა ამ საკითხში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა. ამ უკანასკნელმა, დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ანონიმად დარჩენა ისურვა. მისი თქმით, ადმინისტრაციამ აფეთქებები სწრაფად გამოიძია და ინციდენტები რუს კოლეგებთან უმაღლეს დონეზე განიხილეს. მოსკოვი საჯაროდ ამ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აფეთქებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წლის სექტემბერში, ბომბი საქართველოში აშშ-ის საელჩოს გარე კედელთან ამოქმედდა. მეორე ბომბი კი საელჩოს ავტოსადგომზე იყო დამონტაჟებული. ეს უკანასკნელი არ აფეთქებულა. ამერიკული დაზვერვის გამოძიების დასკვნები, საქართველოს ხელისუფლების გამოძიების შედეგებს დაემთხვა – აქტების უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ.

ეს აფეთქებები, საქართველოს შიგნით დესტაბილიზაციის მისაღწევად, რუსეთის ფარული, თუ ღია მცდელობების ნაწილია. საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რუსეთი მუდმივად ცდილობდა და ცდილობს ქვეყნის დასუსტებას. 90-იან წლებში, სუსტი სახელმწიფოებრიობის პირობებში, რუსეთს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია. განსაკუთრებულ წარმატებას კრემლმა კონფლიქტების გაღვივებაში მიაღწია. თავის კონტროლქვეშ მყოფი რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – რუსეთს საქართველოზე გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა.

2003 წლის რევოლუციის შემდეგ, საქართველოს სათავეში პროდასავლური ხელისუფლება მოვიდა. მთავრობამ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება და ძლიერი სახელმწიფოს აშენება გამოაცხადა მიზნად, რუსეთს ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევის შესაძლებლობა მოუსპო. ეს უკანასკნელი რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მოსკოვმა ღია კონფრონტაცია და ფარული მანევრები ერთდროულად აამუშავა – დაწყებული რუსეთიდან ქართული პროდუქციისა და ქართველების მასობრივი გამოდევნით, დამთავრებული დესტაბილიზაციის სხვადასხვა მცდელობებით – აფეთქებებითა და სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდებით. ამის შესახებ WikiLeaks-ის მიმოწერებიც გვამცნობს. აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი, რუსეთის მიზნებზე 2007 წელს წერდა: „აქტიური ზომების მრავალფეროვნება და მასშტაბი უფრო სერიოზულ მიზანზე მიუთითებს. ეს გულისხმობს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ორიენტაციის შეცვლას და მის დაბრუნებას რუსეთის ორბიტაში”.

საქართველოს რომ თავის გავლენის სფეროდ განიხილავენ, რუსეთში არც არასოდეს დაუმალავთ. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა საქართველო პრივილეგირებული ინტერესის სფეროდ ღიად მოიხსენია. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა კი, საბჭოთა კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად შეაფასა.

კომენტარები