გენდერული თანასწორობა

საქართველომ ახალშობილთა სქესის თანაფარდობა უნდა გამოიკვლიოს

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში, ალბანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში პრენატალური (შობამდელი) სქესის შერჩევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ხსენებულ ქვეყნებში სქესის შერჩევამ ”საგანგაშო მასშტაბებს” მიაღწია.

რეზოლუციის მიხედვით, ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობის ბუნებრივი მაჩვენებელი არის საშუალოდ 105 ბიჭი 100 გოგოზე. ალბანეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 112/100-ზეა, საქართველოში კი - 111/100.

რეზოლუცია, რომელიც დორის სტამპის მოხსენებაზე დაყრდნობით შეიქმნა, დასახელებული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, გამოიკვლიოს ახალშობილთა სქესის არაბუნებრივი თანაფარდობის მიზეზები. ამისათვის მათ ”ხელი უნდა შეუწყონ სამედიცინო პერსონალის ტრენინგებს მშობიარობამდე სქესის შერჩევისა და თანმდევი მძიმე შედეგების შესახებ.” ასევე ”გაააქტიურონ მუშაობა საზოგადოებაში ქალის სტატუსის ამაღლების მიმართულებით”. მთავრობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ახალშობილთა სქესის თანაფარდობის შესახებ სანდო მონაცემების შეგროვება დაევალათ.

ასამბლეამ ყველა წევრ-სახელმწიფოს შერჩევითი აბორტების აკრძალვისაკენ მოუწოდა.


კომენტარები