ახლო აღმოსავლეთი

ისრაელი და საბერძნეთი: მეგობრობა თურქეთის წინააღმდეგ

REUTERS
თურქეთსა და ისრაელს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე, უკანასკნელის ურთიერთობა საბერძნეთთან საგრძნობლად დათბა. პალესტინელთა ტრადიციული მოკავშირის პოზიციიდან, საბერძნეთი იერუსალიმის სასარგებლო ორბიტაში გადადის. 

ქვეყნის მოქმედი პრემიერი, გეორგიუს პაპანდრეუ საკუთარი მამის პოლიტიკას ცვლის, რომელსაც იგივე პოსტი 1981-1996 წლებში ეკავა. უფროსი ანდრეას პაპანდრეუ, ქვეყანაში, რომელიც დღეს დეფოლტს ებრძვის, ნაციონალიზმისა და სოციალიზმის სინთეზს ამკვიდრებდა. უკანასკნელ წლებამდე საბერძნეთი ისრაელისთვის ევროპაში არასაიმედო პარტნიორად მიიჩნეოდა. ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობა 1990 წლამდე არ იყო დამყარებული, როდესაც 1981 წლიდან საბერძნეთს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციისთვის დიპლომატიური სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ისრაელ-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საპასუხოდ, 1983 წელს ანდრეას პაპანდრეუმ 4 ათასი პალესტინელი მეომრის (მათ შორის, იასირ არაფატის) ევაკუაციისათვის, ლიბანში ფლოტი გააგზავნა. ამგვარი მოვლენები არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა.

დღეისათვის ვითარება შეიცვალა. გეორგიუს პაპანდრეუ რეგიონულ პოლიტიკას სხვაგვარად აფასებს და ორი მხარის კონფლიქტში ისრაელის პოზიციას ემხრობა. ეკონომიკური კრიზისის პირისპირ, საბერძნეთს ტურიზმისა და ინვესტიციების გასაზრდელად, ახალი კავშირები ესაჭიროება – განსაკუთრებით გაზის ინდუსტრიაში. ამავე დროს, მას სამხედრო რეგიონის სხვა ძლიერ სახელმწიფოსთან პარტნიორობის გაღრმავება სურს. თავის მხრივ, ისრაელი, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული შფოთიანობის პერიოდში, საბერძნეთში სტრატეგიულ დასაყრდენს ხედავს.

2010 წლის ზაფხულში, სახელმწიფოთა დედაქალაქებს, გაცვლითი ვიზიტებით, პრემიერები ბინიამინ ნეთანიაჰუ და გეორგიუს პაპანდრეუ ეწვივნენ. ამას შედეგად კავშირების გახშირება მოჰყვა. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაახლოება ბუნებრივად გამოიწვია 2010 წლის მაისში უპრეცედენტო, 110-მილიარდიანმა საერთაშორისო ბეილაუთმა. ამგვარი ურთიერთობის გასაღრმავებლად უმნიშვნელოვანეს პოტენციალს ისრაელის ახლახან აღმოჩენილი გაზის საბადოები წარმოადგენს. გაზის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს – ან საბერძნეთის ტერიტორიამდე წყალქვეშა მილსადენებით გაყვანით, ან კვიპროსში თხევადი გაზის კონსერვაციის წარმოქმნით. ამასთან ერთად, პაპანდრეუ ისრაელს გადამამუშავებელ ენერგიაში, ტურიზმსა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში თანამშრომლობას სთავაზობს. გასული წლის დეკემბერში იგი დადებითად გამოეხმაურა ნეთანიაჰუს ინიციატივას, საერთო რეგიონული სასწრაფო სახანძრო ბრიგადის ჩამოყალიბების შესახებ. თურქეთში ებრაელ ტურისტთა რიცხვის კლებასთან ერთად, ანალოგიურმა მაჩვენებელმა საბერძნეთში მკვეთრად იმატა. 

ფლოტილიის ინციდენტის გამო თურქეთთან მზარდი კონფრონტაციის დროს, საბერძნეთმა ისრაელის სასარგებლო პოზიცია დაიკავა. საერთაშორისო სკანდალის პასუხად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საბერძნეთის მთავრობამ საკუთარი პორტებიდან უცხო გემების გაშვება აკრძალა. სექტემბრის დასაწყისში, ისრაელ-თურქეთის უაღრესად გართულებული ურთიერთობების ფონზე, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა პანოს ბეგლიტისმა და მისმა ებრაელმა კოლეგა ეჰუდ ბარაკმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ხელშეკრულების შინაარსი არ ხმაურდება. 

საბერძნეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ორი სახელმწიფოს დაახლოება თურქეთის ან პალესტინის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მათი თქმით, პალესტინელებთან ურთიერთობა დარჩება „მეგობრული და პროდუქტიული”. Bloomberg-ის მიხედვით, ამგვარი მჭიდრო კონტაქტებისგან ფინანსურ სარგებელზე და სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლაზე საუბარი ნაადრევია. ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომ გაუმჯობესებას, რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესში პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. 

კომენტარები