ოკუპირებული აფხაზეთი

'აფხაზური იდეის' ხაფანგში

ალექსანდრ ანქვაბი
ვლადისლავ არძინბას და სერგეი ბაღაფშის შემდეგ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ალექსანდრ ანქვაბმა ჩაიბარა. დე ფაქტო უფლებამოსილების განხორციელება, მან გალის რაიონში რუსული სამხედრო ქალაქის გახსნით დაიწყო. ანქვაბმა პირობა დადო, რომ წინამორბედების მიერ მოსკოვისკენ გაკვალულ გეზს უერთგულებს.

თბილისში კი ცალკეულმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა სამომავლო მოლაპარაკებების იმედი ანქვაბზე დაამყარეს. „მე მასში პროაფხაზს ვხედავ. ანქვაბთან საუბარი და სერიოზული შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელია”, – განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
ანქვაბი ბაღაფშის გუნდის წვერი იყო. 2005 წელს ბაღაფშის გამარჯვებას მის გვერდით ანქვაბის დგომამაც შეუწყო ხელი. თბილისში მაშინ ბევრს საუბრობდნენ, თუ რა თამამად უთხრა აფხაზეთის მოსახლეობამ უარი კრემლის ფავორიტ ხაჯიმბას და ბაღაფში-ანქვაბის მიმართულების არჩევით, „აფხაზური იდეის” ერთგულება გამოხატა. „აფხაზურ იდეაში” როგორც თბილისისგან, ისე მოსკოვისგან დამოუკიდებლობა იგულისხმება. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ბაღაფშის დაწინაურება სოხუმთან რეალური დიალოგის დაწყების შანსს შექმნიდა.

რა შეცვალა არძინბას ბაღაფშით ჩანაცვლებამ?

არძინბა რუსეთთან აფხაზეთის ასოცირებულ წევრობაზე ოცნებობდა. ბაღაფშმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთან დიალოგს გააგრძელებდა. არძინბასთვის აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი აფხაზეთში სამშვიდობო ძალების სტატუსის რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა იყო. ბაღაფშის მმართველობისას მოხდა ის, რამაც მის მომდევნოს ათქმევინა: „რუსეთის 7 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო წარმომადგენლობა აფხაზეთში, მშვიდობის და ჩვენი თავისუფალი განვითარების გარანტია”. ე.წ. ინაუგურაციაზე „თავისუფალი განვითარების” ხსენებით გადაიხადა ანქვაბმა ხარკი „აფხაზური იდეის” მიმართ, რომელიც 1989-ში სოფელ ლიხნში, სეპარატისტთა მცირე ჯგუფის მიერ აფხაზეთის ავტონომიის რუსეთთან მიერთების მოთხოვნაზე აღმოცენდა.

ოცნება და რეალობა

ახლახან, დუმაში თავდაცვის უწყების წარმომადგენელს სთხოვეს განემარტა – რამდენად ასრულებს აფხაზეთი რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულებას. სამხედროს თქმით, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს. დუმამ უკვე მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც აფხაზეთში საკუთარი სამხედრო ბაზების არსებობის ვადად კრემლი 49 წელს ადგენს. აფხაზეთში უძრავ ქონებას რუსეთის მოქალაქეები ინტენსიურად ყიდულობენ. საქართველოსგან იზოლირებულ აფხაზებს, მძიმე დემოგრაფიული სურათის გამო, მომავალზე ნერვიულობა უფრო ხშირად უწევთ.

ბაღაფშის შემდეგ

ალექსანდრ ანქვაბმა დე ფაქტო მთავრობის მეთაურის პოსტზე, სერგეი შამბა ლეონიდ ლაკერბაიათი შეცვალა. შამბას უფრო პრომოსკოვურ სეპარატისტ ლიდერად ახასიათებენ. თუმცა მის გვერდზე გაწევას მსგავს შეხედულებებს ვერ დავუკავშირებთ. შამბას შემცვლელ ლაკერბაიას ეკუთვნის სიტყვები: „მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერსად ნახავს ისე პრორუსულად განწყობილ მოსახლეობას, როგორც აქ, აფხაზეთში”.

ე.წ. არჩევნებში შამბა ანქვაბის მეტოქე იყო. მას ანქვაბის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის აგორებაში სდებდნენ ბრალს. შესაბამისად, მარცხის შემდეგ, გზა ყოფილი ე.წ. ვიცე-პრემიერისთვის უნდა დაეთმო. რას ცვლის ეს? შამბა აფხაზეთში, გალის რაიონის მიღმა დევნილების დაბრუნებას ეწინააღმდეგებოდა. ამას ლაკერბაიაც კატეგორიულად გამორიცხავდა. და მაინც, ილუზიები: „ვიცნობ ლაკერბაიას. ის ზუსტად დაინახავს აფხაზების ბუნებრივ ინტერესს, დაიწყოს ქართველებთან შერიგების პროცესი”, – ამბობს ირაკლი ალასანია. საქართველო მიესალმება ქართველებთან შერიგების ინტერესის გაჩენას იმ აფხაზებშიც კი, რომლებიც წლების მანძილზე ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას ატარებდნენ. თუმცა აფხაზეთში სეპარატიზმს უკვე რუსეთის სამხედრო ბაზები და ФСБ-ს სასაზღვრო ჯარი იცავს. ანქვაბმა იქ მთავარ ამოცანად კრიმინალთან ბრძოლა დასახა. მან ეს მაინც უნდა სცადოს.

სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკურ „წესრიგს” კი, აფხაზეთში, დიდი ხანია, მოსკოვი განსაზღვრავს.

კომენტარები