წყალბურთი

ლიგამუსი შემდეგ ეტაპზეა

ბადრი კეთილაძე

ფოტო: ბადრი კეთილაძე
შარშან თბილისში წყალბურთის ბევრი სახელოვანი ბიჭი ჩამოვიდა. თბილისში ლენ ტროფის პირველი ჯგუფური ეტაპი იყო. კოხტა სპორტკომპლექს ოლიმპიკში იტალიური პოზილიპო და უნგრული ჰონვედი ერთობოდნენ. თან იგებდნენ. მერე ერთმანეთში გაისაუბრეს, ვალენტინო გალომ და იტალიელმა ბიჭებმა მოიგეს, მომდევნო ეტაპზე გავიდნენ და ყველაფერი კარგად მორჩა. მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდი, ლიგამუს თბილისიც გავიდა. ახალი, საინტერესო, რეზო ჩომახიძით გაძლიერებული გუნდი. რეზო წყალბურთში პელეა. იყო ევროპის საუკეთესო წყალბურთელი, ყველა დროის ცენტრების ცენტრში დგას და დღესაც ფორმაშია. მაშინ ლიგამუსი მეორე ეტაპზე ჩარჩა, მაგრამ გასაკეთებელი გააკეთა.

წელს ოლიმპიკში ევროპის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი მივიღეთ. პოზილიპოს გარეშე და ისევ ჰონვედთან ერთად. ლიგამუსიც სხვა იყო. რეზო ჩომახიძის გარეშე. ჩვენი ლეგენდა მეორე ქართული კლუბის ივერიას მთავარი მწვრთნელია და ამავე ტურნირზე გაიყვანა ახალგაზრდებით აწყობილი ჯგუფი. ეს სხვა თემაა. ლიგამუს თბილისთან ერთად ოლიმპიკში ჰონვედი, ფრანგული ნიცა (შარშანაც აქ გვყავდა), რუსული სანკტ პეტერბურგი, ხორვატიის მედვეჟაკი და ჰოლანდიის ლაიდენი იყვნენ. 

ლიგამუსმა მშვენივრად დაიწყო ტურნირი და 11:9 მოუგო ლაიდენს. შედეგი მისაღები იყო, თამაშის ხარისხი – გასაუმჯობესებელი. პასიურობა და ბევრი შეცდომა მოგებამ გადაფარა. ლაიდენთან (და მთელ ტურნირზე) ჩვენი MVP ზურაბ რურუა იყო. ლიგამუსის კაპიტანი ყველაზე სანდო ფიგურაა. სტატუსით, წყალბურთით, ყველაფრით. რურუას და ბექა ქენქაძეს მშვენიერი ტურნირი ჰქონდათ. სხვებს სერიულად თამაში გამოსდიოდათ და სტაბილურობა აკლდათ. 

რუსებმა თბილისში მეორე შემადგენლობის ნაწილი და რამდენიმე ვეტერანი ჩამოიყვანეს. არაოპტიმალური შემადგენლობით, სანკტ პეტერბურგმა 2:20 წააგო ჰონვედთან და ჩვენ კინაღამ 3 ქულა წაგვართვა. ბოლოსწინა წუთზე რუსებმა 10:8 წაიყვანეს. გადავრჩით, რომ არ წავაგეთ და მძიმე გარჩევა 10:10 დასრულდა. რუსებმა მაქსიმუმი დადეს, ჩვენ ვინერვიულეთ და კინაღამ წავაგეთ. მეორე დღეს, მედვეჟაკთან წაგება მიუღებელი იყო. ხორვატებთან წაგების და რუსების ლაიდენთან მოგების მერე, გატანილი და გაშვებული გოლების უარესი სხვაობით, შეიძლება ჯგუფში დავრჩენილიყავით. 


ფოტო: ბადრი კეთილაძე
ხორვატებსაც საინტერესო გუნდი ჰყავთ. პატარა ბიჭების გუნდი, სადაც რამდენიმე გამოცდილი წყალბურთელია. ხორვატებთან ვიგებდით, მერე ვაგებდით, უფრო მაგრად ვაგებდით, თითქმის აღარ ვაგებდით და ძირითადის დასრულებამდე 15 წამით ადრე ჩვენმა ლეგიონერმა გადაგვარჩინა. მარკო კოდრიჩი მონტენეგროელია. წყალბურთის თამაში უყვარს, იცის და ამას ლიგამუსში აკეთებს. კოდრიჩმა ბოლო შეტევაში მედვეჟაკის კართან ზურგით მიიღო ბურთი და დარტყმა მაინც მოასწრო, შეძლო, გარისკა. კოდრიჩის გოლით 10:10 დავამთავრეთ ყველაფერი. ქულა ავიღეთ და ბოლო ტურის წინ 5 ქულით, შემდეგ ეტაპზე გასულები ვიყავით. ბოლო ტურში ჰოლანდიელებმა ენტეროვირუსი დაირტყეს, რუსებთან ვერ ითამაშეს და ტექნიკური წაგება მიიღეს. 

ჰონვედმა ყველა ტესტი მოიგო და პირველი ადგილი გაიფორმა. ჰონვედში ოლიმპიური ჩემპიონები და სხვა მაგარი ბიჭები არიან. მეორეზე მედვეჟაკი დაჯდა, მესამეზე ნიცაა. ლიგამუს თბილისი მეოთხეზე გავიდა. წავაგეთ ჰონვედთან, ნიცასთან. არ წავაგეთ ორ გუნდთან და მოვუგეთ ლაიდენს. ჩომახიძესთან ერთად უკეთესად ვითამაშებდით. შემდეგ ეტაპზე კი უფრო საინტერესო და სერიოზული ოპონენტები იქნებიან. 
7-9 ოქტომბერს ლიგამუს თბილისი ჰოლანდიაში, ნივერდალში ჩავა, სადაც ხორვატიის მორნარს, გერმანულ დუისბურგს და ჰოლანდიურ შურმანს შეხვდება. შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გადის. საინტერესო იქნება. 
 
 
 

კომენტარები