აზიური კინო

კიმ კი-დუკი კინოს, სიყვარულის და სევდის შესახებ

0 კომენტარი

მსოფლიო კინოს წამყვანმა რეჟისორმა კიმ კი-დუკმა ფილმების გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო. ისე, რომ კინოს, როგორც პროფესიას, არ დაუფლებია, არ უსწავლია. 13 წლის განმავლობაში 15 სურათი შექმნა. ფილმები, რომლებიც ხსნიდნენ და ჯილდოვდებოდნენ: ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე. ფილმები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდებოდა თავისი ტკივილით, სიყვარულით, სისასტიკით და სინაზით. მისი გმირები ხან თევზებს ჰგვანან და ხან ჩიტებს. ისინი ზოგჯერ საერთოდ არ ლაპარაკობენ („ცარიელი სახლი”), მაგრამ მათი შემყურე წუთითაც ვერ მოწყდები დიდ ეკრანს. არასდროს იცი რას გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი და რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, მით უფრო მტკივნეულია კავშირი. ისინი უხილავი, მისტიკური ძაფებით არიან გადაჯაჭვულნი („ცუდი ბიჭი”) და ზოგჯერ ძალიან სასტიკად სჯიან („კუნძული”) და ეძებენ („გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული”) საკუთარ თავს.
დღევანდელი კიმ კი-დუკი ძალიან ჰგავს მისი ყველაზე ცნობილი ფილმის “გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხულის” პერსონაჟს. იმ გმირს, რომელსაც 8 წლის წინ თავად თამაშობდა. დღეს ის სამხრეთ კორეაში, მთაში ცხოვრობს. მისი სახლი ფიცრული,
ერთსართულიანი ნაგებობაა, რომლის სიფრიფანა კედლებში შემოპარული სიცივე, ოთახში წყალსაც კი ყინავს. რომ არ გაიყინოს, შიგნით, პატარა კარავი აქვს გაშლილი. უკვე 3 წელია აქ ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მისი ბოლო ფილმის “ოცნების” გადაღებებზე, კინაღამ მსახიობი შემოაკვდათ. გმირი თოკზე ჩამომხრჩვალი უნდა გადაეღოთ. რაღაც ვერ გათვალა. ქალი კინაღამ მოკვდა. არა, ეგონათ კიდეც რომ მოკვდა, მერე გაირკვა – გონება დაუკარგავს. ამის მერე დიდხანს იჯდა პატარა სენაკში და ტიროდა. კიმ კი დუკი, რეჟისორი, რომელიც მომდევნო ფილმის სცენარს, წინა ფილმის მონტაჟის დროს წერდა ხოლმე, 3 წელი დუმდა. 
ესპრესოს მანქანა თავად გამოიგონა. პატარა ქვაბში ჯერ თოვლს ჩაყრის, გაალღობს და მერე ბრინჯს და მშრალ სუპებს ადუღებს. განდეგილია, ნამდვილი ასკეტი – ახლა, მე თქვენ მის აღსარებაზე, მის თვითმკვლელობაზე და სევდაზე, მის დოკუმენტურ ფილმზე გიყვებით – „არირანგზე”. 
არ უნდა, ამ ფილმს დოკუმენტური ერქვას, ეს დრამააო – იმეორებს თავად. კარავში გამოკეტილმა, საკუთარ თავთან ჩაწერა ინტერვიუ. „რატომ აღარ ვიღებ ფილმებს? – ეკითხება თავის თავს, – იმიტომ, რომ აღარ შემიძლია, მგონია, რომ ვეღარ გადავიღებ. არადა ისე მენატრება, რომ… საკუთარ თავზე ვიღებ ფილმს”. პაუზა. – „კიმ კი-დუკო! რატომ აღარ იღებ ფილმს?!” უცნაურია, 100 წუთი უყურო ერთ კაცს, რომელიც თავის თავს ეჩხუბება, კითხვებს სვამს და თავადვე პასუხობს. ხან სუპს ხვრეპს და ხან თოვლში ზის ჩაცუცქული. ხან კი საკუთარ ცხოვრებაზე, გულის შეკუმშვამდე სევდიანად გიმღერის.
კორეული სევდიანი მელოდიაა – არირანგი. ტირის, ბავშვივით ქვითინებს... გეუბნება, რომ ის არაფერი, არარაობა იქნებოდა, რომ არა შენ! მისი მაყურებელი! მერე ისევ ადუღებს ყავას და თავის მაკში თავის თავზე გადაღებულ მასალას უყურებს. ისევე, როგორც მისი კინოები, ეს დრამაც მოულოდნელად მთავრდება. თავის ტკივილს, საკუთარი ხელით გაკეთებული იარაღით კლავს.
ასკეტური ცხოვრებიდან „არირანგით” დაბრუნდა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე „Certain regard”-ში მთავარი პრიზი აიღო. 
“აი, ასე გამოიყურება სამხრეთ კორეა, – ფურცელს შლის და კალმით რაღაც კონტურებს ხაზავს, – აი, აქაა სეული, დედაქალაქი. ესაა პუსანი, აქ კი პატარა სოფლები. საერთოდ, კორეაში რეგიონები პროვინციებად იყოფა. მე კენსანის ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. სხვათა შორის, ეს კორეის ყველაზე ცივი ადგილია.1960 წელს გავჩნდი”.
დღევანდელი ინტერვიუ თარჯიმნის დახმარებით ჩაივლის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში აღიარებული კორეელი რეჟისორი საკმაოდ ბევრს მოგზაურობს (თუ არ ჩავთვლით 3-წლიან პაუზას) და სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალებსაც სტუმრობს, უცხო ენაზე არ საუბრობს – ცოტათი ვიციო. ამიტომ გიულნარი ჩვენი დამაკავშირებელი იქნება.
 
თქვენმა ბავშვობამ სამხრეთ კორეის ერთ პატარა სოფელში გაიარა. რა დაგამახსოვრდათ ამ პერიოდიდან ყველაზე მეტად?
 
9 წლის ასაკში ოჯახით სეულში გადმოვედით. თუმცა მანამდე, მთელი 9 წელი ბუნებაში გავატარე. ისე მივეჩვიე ამ ყოფას, რომ... დღემდე ძალიან მიყვარს. დღესაც ასე ვცხოვრობ, ბუნებაში.
სრული საშუალო განათლება არ მიმიღია. 15 წლის რომ გავხდი, ქარხანაში დავიწყე მუშაობა. დეტალებს ვქმნიდით, უფრო სწორად, ელექტროობასთან დაკავშირებულ ნივთებს. აი, ამასაც ვაკეთებდი (ფურცელზე ღილს ხატავს – ს.კ.). მერე ვმუშაობდი ქარხანაში, სადაც მანქანებისგან ჯართს ვაკეთებდით. გამოდის, რომ 15-21 წლამდე ქარხანაში ვიყავი. 21-26-მდე – ჯარში, 26-30 წლამდე – ეკლესიაში, სპეციალური ეკლესია იყო ბრმებისათვის. 30-32 წლის ასაკში პარიზში წავედი. სწორედ ამ დროს, 2-ჯერ მომიწია ევროპაში მოგზაურობა, ძალიან დამამახსოვრდა. ეს იყო დრო, როდესაც პირველად ვნახე კინო. როცა დავიწყე მასალის შეგროვება და ფიქრი იმაზე, რომ მეც უნდა გადამეღო.
 
ყველაფრის დატოვება და პარიზში წასვლა, ამ გადაწყვეტილების მიღება ალბათ არც ისე მარტივი იყო?
 
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ენა, არ მქონდა ფული და საჭმლის ფულს ქუჩაში ხალხის დახატვით ვშოულობდი, მაინც ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო. მე ამ დრომ ბევრი რამ მასწავლა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ოთხი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა: პირველი – რაც ბავშვობას და ბუნებას უკავშირდება, მეორე – ქარხანაში მუშაობას, მესამე – ჯარს და მეოთხე – ევროპას. ცხოვრება ეტაპებივითაა.
 
როგორც ვიცი, არასდროს გისწავლიათ რეჟისურა...
 
არა. და საერთოდ, 30 წლამდე კინო არ მქონდა ნანახი. მახსოვს პირველი ფილმები: ენტონი ჰოპკინსის მონაწილეობით “კრავთა დუმილი” და ლეო კარაქსის “შეყვარებულები პონტ ნოფიდან”. ამ ორმა ფილმმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შემდეგ დავიწყე ფილმების ყურება და აღმოვაჩინე: ემირ კუსტურიცა, შოჰეი იმამურა – ყველაფერი, რამაც კინოინდუსტრიაზე გარკვეული წარმოდგენა შემიქმნა.
 
თქვენზე ეწერა, რომ საკმაოდ რთული მოზარდი იყავით, მართალია?
 
არა, ეს ასე არ იყო. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი არაფერი მახსოვს. საერთოდ, საკმაოდ ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ჩემს ნათქვამებს. ერთხელ მკითხეს დედაზე და მე ვუთხარი, რომ მას არასდროს უსწავლებია ჩემთვის წერა-კითხვა. შემდეგ დაწერეს, რომ დედამ ვერ
კადრი ფილმიდან „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული”
მასწავლა წერა-კითხვა, რადგან ბრმა იყო. ასე წერია წიგნში “კიმ კი დუკი”, რომელიც საფრანგეთში გამოვიდა. ყველას ჰგონია, რომ დედაჩემი ბრმაა. ასე რომ... რთული არ ვყოფილვარ, მაგრამ მამა მყავდა ძალიან მკაცრი. ბავშვობაში ყოველ შაბათს მცემდა ხოლმე – ასე მსჯიდა, რადგან ძალიან მიყვარდა ხატვა. ის კი ფიქრობდა, რომ ეს არაფერს მომიტანდა და ზედმეტი იყო. ამიტომ ხშირად მხვდებოდა მისგან. არიან ოჯახები, სადაც ბავშვები მშობლებისგან სიყვარულს და ყურადღებას იღებენ, მე ეს არ მქონდა, მშობლებისგან ჩემ მიმართ ინტერესი არასდროს მიგრძვნია. მამაჩემს უნდოდა დავრჩენილიყავი ქარხანაში, რომ იქნებ იქ რაიმე თანამდებობა მიმეღო. რაც თავი მახსოვს, ამას სულ ვეწინააღმდეგებოდი.
 
 წინააღმდეგობა, ეს თვისება თქვენი გმირებისთვისაც არაა უცხო. და საერთოდ, თქვენი ფილმები სავსეა სიმბოლოებით. აქ შემთხვევითი არაფერია, კადრში გამოჩენილ ყოველ ცხოველსაც კი თავისი დანიშნულება აქვს. და, რაც დამახასიათებელია, თქვენთან ადამიანები სულ იტანჯებიან. ნუთუ ასეთი ძნელია ცხოვრება?
 
სინამდვილეში არა მგონია, რომ ჩემი ფილმები მარტო ტკივილზე იყოს. ჩემთვის ცხოვრება არის ციკლი, როგორც დროის ცვალებადობა: შემოდგომა, ზამთარი... ტკივილი, სიყვარული... წვიმა, თოვლი... მწუხარება, სიხარული, სიკვდილი... ხომ არაფერი არ არის მუდმივი, აქაც ასეა. 
 
სიკვდილი ახსენეთ. ის ყოველთვის ფიგურირებს თქვენთან. ყოველთვის ახლოა. რა არის სიკვდილი?
 
ადრე მეგონა, რომ ეს იყო გადასვლა ერთი ცხოვრებიდან მეორეში. აი, როგორც რელიგიურ, მორწმუნე ადამიანებს ჰგონიათ: ვიღაცა მიდის სამოთხეში, ვიღაცა კიდევ სადღაც... ახლა ვფიქრობ, რომ ეს არის განწმენდა, სისუფთავე. სიკვდილი ყველაფრის დასასრულია, ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი მთლიანად თავისუფლდება. სიკვდილთან ერთად მთელი მისი ტკივილი და მოგონებები ქრება, იფანტება... ამის გარეშე კი, აღარაფერი არსებობს.
 
 “მე ძალიან მეშინია სიყვარულის” – ეს თქვენი ფრაზაა...
 
კი, მე ვთქვი. სიყვარული არ არის მარტივი და მისი ბევრ ადამიანს ეშინია, რადგან ის ჭრილობებს ტოვებს. მაგრამ სიყვარულზე საშიში ადამიანია. მე ახლა მისი უფრო მეშინია.
 
 ბევრ ცნობილ რეჟისორს თავისი თილისმა აქვს. ნივთი, რომელიც ფილმის გადაღების დროს მუდამ თან აქვს. თქვენ თუ გჯერათ ცრურწმენების?
 
არა. არასდროს არაფერს დავატარებ თან. მაგრამ, თუ შევედი სადმე, დახურულ შენობაში და იქ შემოფრინდა ჩიტი ან, ვთქვათ, თევზი ამოვარდა წყლიდან, აუცილებლად ავიყვან ხელში და სანამ გავუშვებ, სურვილს ჩავიფიქრებ. ასეთი შემთხვევა სულ ხუთჯერ მქონდა. მათ ყოველთვის ერთსა და იმავეს ვთხოვ – წარმატება მომცენ ჩემს საქმეში. ანდა მწერები, რომელთაც ხშირად ადამიანები ვერც კი ამჩნევენ, თუ გზაზე შემომხვდა, უსაფრთხო ადგილას გადავსვამ ხოლმე. აი, ესენი მხვდებიან ხოლმე (ისევ ფურცელს მაჩვენებს, ამჯერად ზედ დაკოპლილი ჭიამაიაა – ს.კ.), მე ამის მჯერა.
 
 იაპონელ რეჟისორზე, იასუძირო ოძუზე ლამის ლეგენდები დადიოდა. მას ხომ შეეძლო ასობით დუბლი გადაეღო, რათა მსახიობისგან საჭირო გამოხედვა მიეღო. როგორია კიმ კი დუკი გადასაღებ მოედანზე? შეიძლება თუ არა გადასაღებ მოედანზე შეიცვალოს სცენარი?
 
კი, მომხდარა ასე. იმპროვიზაციაც შეიძლება გადასაღებ მოედანზე. მკაცრი ნამდვილად არ ვარ. შემიწყვეტია გადაღებები, როცა მიგრძვნია, რომ მსახიობებისთვის რაღაც გართულდა, ვერ წავიდა კარგად. ჩემთვის მთავარია გადმოვცე არსი და დეტალებს ისეთ ყურადღებას არ ვაქცევ. ერთი ეგ არის – ჩემს ფილმებში სუპერვარსკვლავები არ მიყვარს. მათ თავისი ამბიციები აქვთ: მენეჯერებით დაწყებული კოსტიუმერებით და საკუთარი ვიზაჟისტებით დამთავრებული, უამრავი ადამიანი წამდაუწუმ დაჰყვებათ უკან. ეს კი დისკომფორტს ქმნის მოედანზე. ამიყვანია რამდენიმე ცნობილი კორეელი, იაპონელი და ჩინელი მსახიობი, მაგრამ თავიდანვე შევთანხმებივარ: გადასაღებად მოდიან მარტო.
 
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... რომელი პერიოდია ახლა თქვენთან?
 
ზამთარი. აი, ეს ხე რომ აიღო, ფოთლების გარეშე, ყინვაში რომ იდგეს მარტო. ის ხომ რაღაცისთვის ემზადება...
 
როგორ გინდათ დაამახსოვრდეთ ხალხს?
 
ღია, კეთილ ადამიანად. როგორიც ეს ხეა. ეს ჩემი სურვილია.
 
დაბოლოს, რაზე ოცნებობს კიმ კი- დუკი?
 
მინდა შევქმნა ისეთი ფილმი, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია – რომელიც არ გაკეთებულა და რომელსაც სხვა ვერავინ გადაიღებს.
არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ლორია

კომენტარები