ნიკო ნიკოლაძე

„კრებულის” დანიშნულებაზე

0 კომენტარი

ხშირად მიფიქრია და დღემდე არ მესმის, რატომ დგას პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ ილიას და აკაკის ძეგლი – თუ ცხადია, ეს ძეგლი არ ადიდებს ამ კაცებს, ვითარცა როგორც მხოლოდ პოეტებსა და ახალი ქართული ენის მამებს. არ მესმის, რადგან ილიას, როგორც კაზმული სიტყვის მიღმა მოქმედი მოღვაწის გვერდით თუ ვინმე შეიძლება დადგეს – ეს ნიკო ნიკოლაძეა, „ულმობელი საქმის კაცი”. ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა დიდი ენერგია და გაუნელებელი ნეგოციანტური ტემპერამენტი; იშვიათი უნარი, დაესახა გონივრული, სასარგებლო მიზნები და ხორცი შეესხა მათთვის. იცოდა პიროვნული ძალისხმევის ფასი. იცოდა, როგორ შეეცვალა პოლიტიკა. რუსეთის იმპერიაში ნიკო ნიკოლაძე იყო პირველი, ვინც გამოიყენა განქორწინების უფლება, რადგან თავადვე გახლდათ უპირველესი და ერთადერთი ლობისტი შესაბამისი კანონის მიღებისა პეტერბურგის საიმპერატორო კარზე. სწორედ ინდივიდის ძალისა და მნიშვნელობის რწმენით წერს წინამდებარე წინასიტყვაობას ჟურნალ „კრებულისათვის”.


დავით პაიჭაძე
„კრებული” დღეის იქით ჟურნალათ გამოიცემა. ეს ცვლილება მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ „კრებულის” წიგნები დანიშნულ ვადაზე გამოვლენ, თვეში ერთხელ, და უწინდელს მის შინაარსს ახალი ნაწილები – “მიმოხილვა”, „კრიტიკა” და სხვ. დაემატება. არა. ჟურნალი, სხვა რამითაც განირჩევა სხვა და სხვა სტატიების კრებისგან. ხეირიან ლიტერატურაში ჟურნალის სახელი ისეთ გამოცემას ეძლევა, რომელსაც თავისი საკუთარი სული უდგია, თავისი დამდგარი აზრი აქვს და რომელიც ყოველი თავისი სტატიით, თითოეული სტრიქონით და სიტყვით ნიადაგ თავის დანიშნულ მიზანს მისდევს. ამას ეძახიან ჟურნალის „მიმართულებას”, მის დროშას, და ჩვენი „კრებული” დარწმუნებულია, რომ ხელ-ცარიელი არ გამოდის ლიტერატურულ ასპარეზზე, რომ იმას თავისი საკუთარი მიმართულება და დროშა გამოაქვს. 
როგორც ყოველი კაცის მოქმედების და მიმართულების ასახსნელათ უმთავრესი საგანი – მისი მიზანია, ისე ჟურნალის ხასიათის გამოსაკვლევათ მისი მიზნის გაცნობაა საჭირო. როცა ჩვენ გაცნობილი გვაქვს ვისიმე მიზანი და ის საშუალებები, ის გზა, რომლითაც ის თავის მიზნისკენ მიმართვას აპირებს, ჩვენ სრული სჯა შეგვიძლიან შევადგინოთ ამ პირის მიმართულებაზე და მოქმედებაზე. და რადგანაც ჟურნალის საქმეც ამნაირივეა, და მისი შრომა მით უფრო ადვილდება, რაც უფრო უკეთ და სრულათ გაცნობილი აქვს მკითხველს მისი მიმართულება, ჩვენ აქვე უნდა გამოვთქვათ მისი მიზანი, საშუალებები და მოქმედების გზა. 
„კრებულს” ისვე მიზანი აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს თავის სიცოცხლეში ყოველ პატიოსან და ხეირიან კაცს, ესე იგი თავისი საზოგადოების ბედნიერება. როგორც ყოველ გონიერ კაცს, ამნაირ ბედნიერებათ მთელი საზოგადოებისთვის „კრებულს” ის მიაჩნია, რომ ყოველ კერძო პირს, საზოგადოების წევრს, მისი სხეულის და გონების ძალა რაც შეიძლება უფრო სრულათ გაეხსნას და ცხოვრებაში ამ ძალას, რაც შეიძლება, უფრო სრული დაკმაყოფილება მიეცეს. 
ამნაირი ბედნიერება ის მიზანია, რომელსაც მისდევს მთელი კაცობრიობა. მაგრამ იმის მიღწევას ქვეყანაზე ბევრი რამ უშლიდა და ეხლაც უშლის. ყველაზე უმთავრესი დაბრკოლება, რომელიც ნიადაგ ხვდებოდა და ხვდება კიდევ ამ მიზანს, ის საზოგადო აზრია, ვითომც ამ ბედნიერების მიღწევა თვითონ კაცს და კაცობრიობას კი არ შეუძლია, – ამ სიკეთეს ის ზეგარდმო უნდა მოელოდოს, ვითომ კაცის უბედობა საბრალო დედა-მიწაზე თვითონ კაცის აგებულების ანა და გარშემო ბუნების საქმეა, ვითომ კერძო პირს, ან კერძო პირების კრებას არა შეუძლიათ რა ამ უბედურების დასათურგვნელად და ბედნიერების მისაღწევლათ. „ასე უნებებია ბედს, ფიქრობენ საზოგადოდ ამ საგანზე, მაშ დავემორჩილოთ მის წმინდა განგებას”. 
უეჭველია, რომ კაცის უბედობაში ბრალი კაცის სხეულსაც ადევს და გარშემო ბუნებასაც. მაგრამ ამაზე უფრო უეჭველი ისიც არის, რომ ეს სენები ნიადაგ და შეუცვლელ ბუნების კანონებს მონებენ, და ამ კანონების გამოკვლევით, მათი გონიერათ ხმარებით კაცს, როგორც თავისი საკუთარი
სხეულის, აგრეთვე გარშემო ბუნების გაუმჯობესება და თავისთვის სასარგებლოთ ხმარება შეუძლია. 
მოვიყვანოთ მაგალითი. ცხოვრებს, ვთქვათ, ხალხი ნოტიო, ჭენჭყო ადგილში, მდაბალ სამეგრელოში. ვთქვათ, რიონის პირათ. ის უძლური, სნეული და ღარიბია, შეძლებით და გონებით. რასაკვირველია, ამ გარემოებაში, ბრალი კაცის აგებულებას და სამეგრელოს ბუნებას ადევსთ, რადგანაც კაცის აგებულება მშრალ, ნოყიერ ჰავას, კარგ მიწა-წყალს და საზრდოს თხოულობს, ურომლოთაც იმას ხეირიანათ გაძლება არ შეუძლია. სამეგრელოს ბუნება კი არ აძლევს კაცს ამ ნაირ ჰავას, მიწა-წყალს და საზრდოს. ქვეყანაზე ასი და ათასი მაგალითი რომ არ ყოფილიყო სწორედ მაგნაირივე მდგომარეობაში მყოფ ხალხებისა, ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას და იმ პირების წინააღმდეგობას, რომელნიც ხმა მაღლა დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ „ეს ღვთის ნებააო, ღმერთს ასე გაუჩენიაო და ჩვენ აბა რა ხელი გვაქვს მის ნებას ვეწინააღმდეგოთო”. 
მაგრამ ასი და ათასი მაგალითი მოხდა ქვეყანაზე იმის, რომ ხალხი, რომელიც ნოტიო, ჭენჭყოიან ადგილებში იდგა და მრავალი საუკუნეების განმავლობაში უძლური, ავათმყოფი და ღარიბი იყო, თავისი საკუთარი მოხერხებით და შრომით გამოვიდა ამ უბედურ მდგომარეობიდან და ეხლა მშვენიერათ სცხოვრობს. ამ სასწაულ-მოქმედებაში არც ზეგარდმო მოვლინება გარეულა, არც ბუნების კანონების შეცვლა. მოხდა ეს ცვლილება მარტო იმის გამო, რომ კაცმა გაიგო რა იყო უბედობის ნამდვილი მიზეზი, გაიგო, რა ბუნების კანონების ძალით ხდება ეს უბედობა და რა კანონების ძალას შეუძლია მისი მოსპობა. 
ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, ერთი სიტყვით ყოველგან, ძლიერ ბევრი მაგალითები ყოფილა, რომ სრულიად უწყლო, უმცენარო, უხეირო მიწა-მინდვრები, თვალგადუწვდენლები, ცარიელი სილით სავსენი, კაცის ხელ ქვეშ მშვენიერ ბაღათ გადაქცეულიყვნენ, ჩინებული წყაროებით, ტყეებით და შავი მიწით ავსებულიყვნენ და ზედ ქალაქები და მთელი სახელმწიფოები გამართულიყვნენ, სიმდიდრით და ბედნიერებით სავსენი. თავი დავანებოთ კიდევ, წვრილმან მაგალითებს, და მოვიხსენიოთ ჩრდილოეთ ამერიკაში მორმონების ადგილი, მლაშე ტბაზე, რომელზედაც ამ ორმოცი წლის წინ ფრინველიც არ მოიძებნებოდა, და რომელზედაც დღეს მდიდარი და ძლიერი ხალხი ცხოვრობს, მშვენიერათ გამართულ ქალაქებში, საუცხოოთ დამარაგებულ და შემუშავებულ მიწაზე. 
ეს მაგალითები საკმაოთ გვიმტკიცებენ, რომ კაცის ბედზე ძლიერ დიდი გავლენა აქვს თვითონ კაცს. ისეთი გავლენა აქვს, რომ იმას შეუძლია მთელი მხარის შეცვლა, მის ბუნებითი მდგომარეობის გადასხვაფერება და თავის სასარგებლოთ მოწყობა. 
 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები