სარაგბო ნაკრები

ქართველები სარაგბო ელიტის სიახლოვეს

0 კომენტარი

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბორჯღალოსნებმა 2003 წლიდან მოყოლებული, ყველაზე პრესტიჟულ სარაგბო შეჯიბრებაზე ზედიზედ მესამედ ითამაშეს. წინა შემთხვევების მსგავსად, ნაკრებმა ამჯერადაც წინანდელზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ უამრავი უცხოური გამოცემა და ექსპერტი საუბრობს. 

„ლელოებმა ასპარეზობა ღირსეულად დაასრულეს. მათ უდიდესი პატივისცემა მოიპოვეს და სახლში თავაწეულები ბრუნდებიან. ქართველებმა ეს საკუთარი თამაშით დაიმსახურეს”, – ასე შეაფასა ბორჯღალოსნების გამოსვლა ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ვებგვერდმა პლანეტრაგბიმ.
ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი შეხვედრა გამართა. აქედან ერთი – რუმინეთის ნაკრებთან – სარეკორდო გამარჯვებით 25:9 დაასრულა. სამ მატჩში კი დამარცხდა – შოტლანდიასთან 6:15, ინგლისთან 10:41 და ბოლოს არგენტინასთან 7:25. 
მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე ნაკრების შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი, რიჩი დიქსონი, გულშემატკივრებს შეხვდა. საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო, მათ შორის მომავალ მსოფლიო თასს და ნაკრების მოსალოდნელ გამოსვლას. მაშინ შოტლანდიელმა თქვა – „ჩემი ნაკრები ყველა შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯება, თამაშების მოსაგებად და მსოფლიო სარაგბო თემის პატივისცემის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოთხივე მატჩში ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჩვენი შესაძლებლობები ყველას დავანახოთ. ერთ შეკითხვას დაგისვამთ და მიპასუხეთ – რომელი ვარიანტი ჯობია, ნაკრებმა ინგლისთან 50 ქულა წააგოს, შოტლანდიასთან 30, არგენტინასთან 40, ამასობაში მთელი აქცენტი რუმინეთთან თამაშზე გადავიტანოთ და მათ 50 ქულა მოვუგოთ თუ ყველასთან ბოლო წუთებამდე მაქსიმალურად
მოვინდომოთ, ვითამაშოთ და საბოლოოდ ოთხივე შემთხვევაში დავმარცხდეთ”.
მაშინ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი მეც არ მქონდა. მეც არ ვიცოდი რა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ოთხივე შეხვედრის ღირსეულად ჩატარება და საბოლოოდ წაგება თუ სამი თამაშის ჩაგდება და რუმინეთის განადგურება. დღეს კი ზუსტად ვიცი. რეალურად, არც ერთი ეს ვარიანტი იმ შედეგს არ გვაძლევდა, რაც დღესდღეობით ქართული რაგბისთვისაა საჭირო. სამი შეხვედრის ჩაგდებისა და რუმინეთთან დიდი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში ვერავის გავაკვირვებდით. ელიტარულ ნაკრებებთან კარგად თამაშს თუ შემდეგ მუხის ფოთლებთან მარცხს მივაყოლებდით, მანამდე გაკეთებული საქმის დიდ ნაწილს ხაზს გადავუსვამდით – სპეციალისტები ყველაფერს შემთხვევითობას მიაწერდნენ.
საბოლოოდ ალბათ ყველაფერი იმაზე კარგად დასრულდა, ვიდრე მსოფლიო თასის დაწყებამდე ვვარაუდობდით და იმაზე ცუდად, ვიდრე მსოფლიო თასზე ნაკრების თამაშმა მოგვანდომა.
ტურნირის დაწყებამდე ბევრი ქართველი არ ფიქრობდა და თუ ფიქრობდა, ლაპარაკს ვერ ბედავდა ისეთ საბოლოო შედეგზე, როგორიც ოქტომბრის დასაწყისში დადგა. მაშინ გულის სიღრმეში შეიძლება ბევრს უნდოდა კიდეც ასეთი გამოსვლა, მაგრამ მაინც ამბობდნენ, რომ ბორჯღალოსნები ინგლისთან, არგენტინასთან და შოტლანდიასთან მაგრად დამარცხდებოდნენ. რუმინეთთან კი, დიდი ბრძოლითა და ომით, თანაბარი ალბათობით ან მოიგებდნენ, ან წააგებდნენ.
მსოფლიო თასის პირველმა მატჩმა კი დაგვანახა, რომ თურმე არც ელიტარული ნაკრებები აკეთებენ რამე განსხვავებულს. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთან თამაში შეიძლება. შოტლანდიელებთან საქართველოს ნაკრები ზედმეტად ნერვიულობდა, დაცვაში ჩადგა, შეტევაში ვერაფერი შექმნა და საბოლოოდ 6:15 დამარცხდა. ეს წაგება კიდევ უფრო გულდასაწყვეტი გახდა მას შემდეგ, რაც ბორჯღალოსნების მომდევნო თამაშები და შესაძლებლობები ვნახეთ.
იმავე ინგლისთან, ქართველმა მორაგბეებმა პირველი ტაიმი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და მსოფლიოს დიდ ნაწილს ექვს ერზე მეშვიდე გუნდი დაანახეს. თუმცა, საბოლოოდ, გადაღლილობა-გამოუცდელობის გამო, ბოლო ოც წუთში ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამდენიმე ლელოც მიიღეს და თამაშიც 10:41 წააგეს.
ამას მოჰყვა ცხრადღიანი დასვენება და რუმინელებთან დაპირისპირება. ბორჯღალოსნებმა მუხის ფოთლებს მართალია ბრძოლით, მაგრამ აშკარად კლასის ხარჯზე სარეკორდო, 16-ქულიანი სხვაობით აჯობეს და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს – საქართველომ ამ დონეს უკვე კარგა ხანია გაუსწრო.
ბოლოს დადგა არგენტინელებთან შეხვედრის დროც, 2 ოქტომბერი. თამაში, სადაც ქართველებმა პირველი ტაიმი საერთოდ მოიგეს 7:5. მეორე ნახევარში უკვე პუმების ჯერი დადგა, მათ 20 უპასუხო ქულა მიითვალეს და თამაში 25:7 მოიგეს.
დღეს ალბათ უკვე შეიძლება ამ მატჩის წაგების სხვადასხვა მიზეზებზე საუბარი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გუნდის გადაღლილობა იყო. 14 სექტემბრიდან მოყოლებული ნაკრები მეოთხე შეხვედრას ატარებდა. ამასთან, ბოლო თამაში 4 დღით ადრე ჰქონდათ გამართული და ბიჭებმა ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს გაცილებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეეძლო, რომ არა მთავარი მწვრთნელის, რიჩი დიქსონის რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაკეთებული შეცვლით დავიწყოთ – მოედნიდან ვასილ კაკოვინი გავიდა და გოდერძი შველიძე შემოვიდა. ვეტერანმა მორაგბემ ამჯერად ვეღარ მოახერხა მეტოქისათვის სტატიკურ მდგომარეობაში წინააღმდეგობის გაწევა და არგენტინელებმაც ეს უპირატესობა კარგად გამოიყენეს. ამას სულ მალე მოედნიდან მალხაზ ურჯუკაშვილის გასვლა და მის მაგივრად მერაბ კვირიკაშვილის შემოსვლა მოჰყვა. ოღონდ ეს უკანასკნელი კარგად მოთამაშე ლაშა ხმალაძის ადგილას დადგა ათი ნომრის პოზიციაზე, ის კი თავის მხრივ 15 ნომრად გადავიდა. ამან თითქოს არია გუნდის თამაში და ბორჯღალოსნებმა სიტუაციის დალაგება ვეღარ მოახერხეს.
საერთო ჯამში, წლევანდელმა მსოფლიო თასმა დაგვანახა, რომ ე.წ. ელიტარული ნაკრებების დამარცხება მიუღწეველი და შორეული პერსპექტივა არაა. ამას უბრალოდ მათთან ხშირად თამაში და გამოცდილება სჭირდება. ამის გარეშე წინსვლა ძალიან რთული იქნება. აუცილებელია მაღალი დონის მთავარი მწვრთნელი, რომელიც მაქსიმალურად მოახერხებს ქართველი მორაგბეების შესაძლებლობების გამოყენებას. ხოლო გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლის შემთხვევაში, კარგი იქნება დაცვის სპეციალისტის, ჯონ მაგლტონის დატოვება, ან მისივე დონის მწვრთნელის ჩამოყვანა, რადგან ფაქტია – დაცვაში ყველაზე დიდი პროგრესი გვაქვს. 
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები