აღმოსავლეთ აზია

ჩინური საფრთხე იაპონიას და ფილიპინებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს

ფილიპინების პრეზიდენტი ბენინიო აკინო III და იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა ერთმანეთს ტოკიოში, 27 სექტემბერს შეხვდნენ. საკითხი რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობის გამტკიცებას ეხებოდა. მათ საერთო სურვილს უსაფრთხო ზღვა და საზღვაოსნო მიმოსვლის შექმნა წარმოადგენს, შესაბამისად, ძირითადი თემა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ზღვაოსნობის უშიშროებას შეეხებოდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ იაპონიასა და ფილიპინებს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები და სტრატეგიული ინტერესები აქვთ – შესაბამისად, ერთობლივი მუშაობა რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვისაა საჭირო. 

სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო გზას წარმოადგენს. მას რეგიონის ქვეყნები და აშშ იყენებს. იაპონიას შუა აღმოსავლეთიდან ნავთობის 90% სწორედ ამ ზღვის გავლით მიეწოდება. ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთის გავლენის ქვეშაა, თუმცა ვიეტნამი, ფილიპინები, მალაიზია, ბრუნეი და ტაივანიც გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს. აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში კი ჩინეთსა და იაპონიას შორის სენკაკუს კუნძულებია სადავო. გასულ კვირას ჩინეთის მკვლევართა გემი სადავო წყლებში შევიდა, თუმცა იაპონიის სასაზღვრო დაცვის განგაშის შემდგომ უკან გაბრუნდა. პეკინის მოქმედებით ვიეტნამი და ფილიპინებიც უკმაყოფილონი არიან. ისინი ჩინეთს თავიანთ წყლებში, რომელიც Reed Bank-ის სახელითაა ცნობილი, ნავთობისა და გაზის მოპოვების შეფერხებაში სდებენ ბრალს. პეკინი კი ბრალდებას უარყოფს. ფილიპინებსა და ჩინეთს პრეტენზიები სპრატლის კუნძულებზეც აქვთ. მოცემულ რეგიონში ყოველთვის შეიმჩნეოდა დაძაბულობა, მაგრამ ბოლო წლებში ჩინეთის მეტად აგრესიული ქმედება, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

სამხრეთ აზიის ერების ორგანიზაციას, სადაც ფილიპინები აქტიური წევრია, 2002 წლის დეკლარაციით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ქვეყნების ქმედება და ინტერესები უნდა გაეკონტროლებინა. თუმცა ASEAN-მა ტერიტორიული დავების დარეგულირება რეგიონში ვერ შეძლო. ამიტომ აკინომ ტერიტორიული ერთიანობის მიზნით გადაწყვიტა, დამოუკიდებლად და მრავალმხრივი კუთხით ემოქმედა. მან თავდაცვის ხარჯები შესამჩნევად გაზარდა, ანტიტერორისტულიდან ტერიტორიული თავდაცვის საკითხებზე გადაინაცვლა, ამავდროულად, ფილიპინების სამართლებრივი ბაზის გამტკიცებას შეუდგა. დაგეგმა რეგიონში ერთობლივი განვითარების პროგრამა და საერთაშორისო მხარდაჭერის ძიება თავისი პოზიციების განსამტკიცებლად.  

ნოდასა და აკინოს ერთობლივი შეთანხმებაც სწორედ ამ ბოლო მიზანს ემსახურება და რეგიონული წინსვლისთვის პოზიტიური ნაბიჯია. ისინი პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ თავდაცვის სფეროში მოლაპარაკებების გახშირებას გეგმავენ. იაპონია ფილიპინების სანაპირო მეთვალყურეობის გაზრდის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც წვრთნების, აღჭურვილობისა და საზღვაო ოფიცრების გაცვლასა და ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.  

 თუ ისინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავიანთი საერთო ინტერესების დაცვას ეცდებიან, რესურსებისთვის კონკურენცია კვლავ გამძაფრდება.  
 

კომენტარები