შეუწყნარებლობა

რასიზმი ბიბლიის სახელით


ცოტა ხნის წინ, რასობრივი სტერეოტიპებითა და ჰომოფობიური განცხადებებით გაჯერებული ქადაგება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთმა მღვდელმა შემოგვთავაზა. მამა თეოდორე გიგნაძე საქართველოში პოპულარული მართლმადიდებელი მისიონერია. მისთვის სახელმწიფო სკოლებისა და უნივერსიტეტების კარები ხშირად იღება. ქადაგებების მრავალრიცხოვანი ვიდეო თუ აუდიოჩანაწერები მართლმადიდებელ მრევლში ხელიდან ხელში გადადის. 

ვიდეორგოლში, რომელიც youtube-ზე განთავსდა, მამა თეოდორემ განაცხადა, რომ „ზანგები” ღმერთმა ცოდვების გამო “გააშავა”. ამის შემდეგ, მღვდელს საკუთარი სიტყვების განმარტება მოუწია და ამ მიზნით ვრცელი ინტერვიუ გაზეთ საქართველოს და მსოფლიოს მისცა.
„ქამის ცოდვის გამო, დაზიანდა მთელი მისი შთამომავლობა და ამიტომ ისჯებოდნენ ათასწლეულების მანძილზე... კაცობრიობის ისტორია მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ, ვიდრე ჩვენს საუკუნემდე, ნეგროიდულ რასაზე დადგმული იყო უღელი მონობისა” –  ვკითხულობთ ინტერვიუში. ამ ინტერპრეტაციის მიხედვით, ნეგროიდული რასის კანის ფერი ნოეს შვილის, ქამის ცოდვის შედეგია, რომელმაც „მამის მკვლელობის ტოლფასი” ცოდვა ჩაიდინა. „ვისაც წაკითხული აქვს კაცობრიობის ისტორია, ამაში ადვილად დარწმუნდება. XX საუკუნეშიც კი მონობა არსებობდა და ზანგებს ექსპლუატაციას მათი რასის გამო უწევდნენ. შეიძლება აქ ითქვას, რომ ქამის ცოდვის გამო, დაზიანდა მთელი მისი შთამომავლობა და ამიტომ ისჯებოდნენ ათასწლეულების მანძილზე”, – ამბობს მღვდელი.
მამა თეოდორე პირველი არ არის, ვინც ბიბლიის კონკრეტულ მუხლს ასე განმარტავს, მაგრამ სანამ აღნიშნული ინტერპრეტაციის ისტორიაზე გადავალთ, მოძღვრის რჩევას დავუჯეროთ და „ბიბლიაში ჩავიხედოთ”: დაბადების მეცხრე თავი, რომელიც ე.წ. ქამის წყევლას ეხება, შემდეგს მოგვითხრობს: ნოემ დაწურა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში. ქამმა, მისმა უმცროსმა შვილმა, დაინახა მამის სიშიშვლე და ამის შესახებ ორ ძმას აცნობა. სემმა და იაფეთმა აიღეს სამოსელი, უკუსვლით მივიდნენ მამასთან და მამის სიშიშვლე დაფარეს. ამის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში პირველ ნაბახუსევზე, ანუ მას შემდეგ რაც გამოფხიზლდა, ნოემ წარმოთქვა წყევლა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს! თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი! განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!” (დაბადება 9:20-27).
ნოე ქანაანს, საკუთარ შვილიშვილს და არა ქამს წყევლის. ებრაული ტრადიციის მიხედვით, ნოეს არ შეეძლო ქამის დაწყევლა, რადგან ის ღმერთმა დალოცა. მეორე საუკუნეში, რაბი ხა-ნასი განმარტავდა, რომ „შეუძლებელია წყევლა იქ, სადაც მიცემულ იქნა კურთხევა”. სწორედ ქანაანი უნდა ქცეულიყო დანარჩენი ორი შვილის შთამომავლობის მონად. მაგრამ რატომ ქანაანი? ისევე, როგორც უძველესი ტექსტების დიდი ნაწილი, დაბადების კონკრეტული თავიც თავდაპირველად ზეპირი გადმოცემა იყო. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ ტექსტში არ მოხვდა სხვა, როგორც ჩანს, ისედაც ცხადი დეტალები. ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად რა ცოდვით სცოდა ქამმა – იყო ეს მამისადმი უღირსი მოპყრობა თუ მისდამი სექსუალური ხასიათის დანაშაული. ამაზე შეთანხმება არც ადრეულ ქრისტიანულ მამებს შორის არსებობს. ამდენად, არსებითად ჩვენთვის კონკრეტული თავის მორალი დაფარულია და მხოლოდ ინტერპრეტაციების საშუალებას ტოვებს.
იმ დროს, როცა აღნიშნული ტექსტი დაიწერა, ებრაელებს მტრობა ჰქონდათ ქანაანელებთან. ისინი „გარყვნილებად” მიიჩნეოდნენ. ისტორიის მანძილზე ქანაანელები არაერთხელ ქცეულან ებრაელების მონებად. სავარაუდოა, რომ ბიბლიის კონკრეტული თავის ავტორი, სწორედ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე წყევლის არა კონკრეტულ პიროვნებას – ქანაანს, არამედ მის შთამომავლებს – ქანაანელებს. ბიბლიის ძველ ინტერპრეტაციებში, I საუკუნემდე, არავითარი მინიშნება „გაშავებაზე” არ გვხვდება. 
რომის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ებრაელებს მათთვის ცნობილ სამყაროში ბიბლიური წესრიგის შეტანა მოუწიათ. სწორედ ამ პერიოდში იბადება ინტერპრეტაციები წყევლის გამო ქამის შთამომავლობის გაშავებისა. ამის მიზეზი იმპერიის ფარგლებში გაჩაღებული მონათვაჭრობა გახდა: რასაკვირველია, ყველა მონა არ ყოფილა შავკანიანი, მაგრამ ყველა შავკანიანი მონა იყო. შემდეგ, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მარტივი ლოგიკა ჩაირთო – ქამის მოდგმა დაიწყევლა – ვის უწია წყევლამ, ანუ ვინ გახდნენ მონები? – შავკანიანები. მაშასადამე, წყევლამ მათ კანს ფერი უცვალა. ამ პრიმიტიულ ინტერპრეტაციას, შესაძლოა, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, ჯერ კიდევ ჰქონოდა გასავალი. თუმცა დღეს, ამგვარი არამეცნიერული და, როგორც ვნახეთ, არაბიბლიური ინტერპრეტაციებით, ქრისტიანი სასულიერო პირი მრევლს არ უნდა მწყემსავდეს.
ამრიგად, მამა თეოდორეს კითხვაზე: „ნუთუ ადამიანებს შეუძლიათ, სხვაგვარი ახსნა მოუძებნონ იმას, თუ რატომ იჩაგრებოდნენ ათასწლეულების განმავლობაში ნეგროიდული რასის წარმომადგენლები?”, არსებობს ლოგიკური პასუხი. შავკანიანების დამონება დიდწილად იმან განაპირობა, რომ საუკუნეების მანძილზე აბრაამიანული რელიგიები მათ ჩაგვრას სწორედ ქამის წყევლის მაგალითით ამართლებდნენ. ამისთვის კი, სწორედ იმ ბნელ მითს იყენებდნენ, რომლის მოხმობაც მამა თეოდორემ ოცდამეერთე საუკუნეში გადაწყვიტა. თუ მათი ჩაგვრა ღვთაებრივი ინსტანციით არის დაშვებული, იქნებ სეგრეგაციისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლაა?
მიუხედავად იმისა, რომ მამა თეოდორე თავისი ქადაგების რასისტულ ხასიათს უარყოფს, ცხადია, რომ ეს არაფრით განსხვავდება სოციალურ ქსელებში გავრცელებული  ქსენოფობიური ფორმულისგან: „ქსენოფობი არ ვარ, უბრალოდ სომხები გარეწრებად მიმაჩნია”. მამა თეოდორეს ქადაგება შეურაცხმყოფელია შავკანიანებისთვის, თუნდაც ის მათი წარმომავლობის „ბიბლიურ ახსნას” უკავშირდებოდეს. სამწუხაროა, რომ ამდაგვარ ქადაგებებს ხშირად სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და სტუდენტები უსმენენ. 
ინტერვიუში მამა თეოდორე ჰომოსექსუალებსაც გადასწვდა და ქრისტიანობისთვის სრულიად შეუფერებელი ცოდვის გაზომვის მეთოდი შემოგვთავაზა: „ჰომოსექსუალიზმი არის სასიკვდილო ცოდვა და ბიბლიაში იგი მკვლელობაზე მძიმე ცოდვადაც კია მიჩნეული, რადგან ეს არის არაბუნებრივი ცოდვა, რომელსაც, პრაქტიკულად, არანაირი გამართლება არ აქვს”. თუ ამოსავალ წერტილად საეკლესიო კანონიკის მიხედვით მკვლელობისა და ჰომოსექსუალური აქტისთვის შეფარდებულ სასჯელს ავიღებთ, მამა თეოდორეს კონცეფცია უბრალოდ აბსურდი აღმოჩნდება. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ახალგაზრდა მართლმადიდებელი, რომელიც ამგვარი ანტიჰუმანური კონცეფციის წამოყენებისას მიდის ჰომოსექსუალთან, სცემს და ამით მადლის მოხვეჭას ცდილობს – სამყარო ხომ მოსიარულე ცოდვისგან თავისუფლდება. რასაკვირველია, ვერც ერთი პატიოსანი მკითხველი ვერ იტყვის, რომ ბიბლია ჰომოსექსუალობას ცოდვად არ მიიჩნევს – მაგრამ ამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია, მღვდელმა განმარტოს, რომ არც ერთი ადამიანი შეურაცხყოფის ან აგრესიის ღირსი არ არის, რასიზმი და ჰომოფობია კი ცოდვაა. 

კომენტარები