ნობელის პრემია

2011 წლის ნობელიანტები


ფოტო: REUTERS
ერთხელ ჯორჯ ბერნარდ შოუმ მწარედ იხუმრა: „ნობელის პრემია სამაშველო რგოლს ჰგავს, რომელსაც იმ მოცურავეს უგდებენ, უკვე მეორე ნაპირზე, სამშვიდობოს რომ არის გასულიო”. მიმდინარე წლის ნობელიანტებს თუ გადავავლებთ თვალს – ძნელია ენაკვიმატ დრამატურგს არ დავეთანხმოთ. წლევანდელი პრემიების უმრავლესობაც, გარდასული წლების მიღწევებისათვის გასცეს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ახალი ლაურეატების დასახელებით თითქოს არაფერი შეიცვალა და ეს ყველაფერი უკვე მრავალჯერ გამეორებულ რიტუალს ჰგავს, მიმდინარე დაჯილდოებაც კაზუსებითა და ინტრიგებით იყო აღსავსე.


დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა როკფელერის უნივერსიტეტის კანადელი პროფესორისათვის, რალფ შტაინმანისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ცნობას. იგი პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც ნობელის პრემია სიკვდილის შემდეგ ერგო. გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე პანკრეასის კიბოთი მძიმედ დაავადებული მეცნიერი გარდაიცვალა, თუმცა სტოკჰოლმში ამის შესახებ მეორე დღეს გაიგეს. შეიძლება ითქვას, რომ ნობელის კომიტეტმა გამონაკლისი დაუშვა და ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროს კომიტეტის წევრებმა არ იცოდნენ მეცნიერის გარდაცვალების შესახებ, მის ხსოვნას პატივი მიაგეს და გადაწყვეტილება არ შეცვალეს. 

პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში – აწ გარდაცვლილ რალფ შტაინმანს, ბრიუს ბეტლერს სან-დიეგოს ინსტიტუტიდან და ჟიულ ჰოფმანს სტრასბურგის უნივერსიტეტიდან, გადაეცათ. სამივე მეცნიერის შრომა უშუალოდ იყო დაკავშირებული იმუნოლოგიასთან – კერძოდ კი დენდრიტულ უჯრედებთან, რომლებიც ააქტიურებენ და არეგულირებენ ადაპტაციურ იმუნიტეტს. შესაბამისად, ამცირებენ ვირუსების გავლენას და გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში. ამ უჯრედების საშუალებით ცნობილი გახდა თუ რა კავშირშია თანდაყოლილი იმუნიტეტი ადაპტაციურ იმუნიტეტთან, რამაც სრულიად ახალი ჰორიზონტები დასახა მძიმე დაავადებებთან ბრძოლაში. თავად რალფ შტაინმანის მიერ აღმოჩენილი დენდრიტული უჯრედები კი საუკუნის აღმოჩენად დასახელდა მედიცინაში.

ბრაიან შმიდტი
ფოტო: REUTERS
პრემია ქიმიაში ქალაქ ჰაიფას უნივერსიტეტის პროფესორს, დანიელ შეხტმანს ერგო. იგი ისრაელის მეათე მოქალაქეა, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად. ებრაელი მეცნიერი 1982 წლის 8 აპრილით დათარიღებული აღმოჩენისთვის დააჯილდოვეს – სწორად ამ დღეს შეიტყო სამეცნიერო სამყარომ კვაზიკრისტალების არსებობის შესახებ. ელექტრომიკროსკოპში ალუმინის და მანგანუმის შენადნობის დამზერისას მან ერთობ უჩვეულო რამ შენიშნა: დამზერილი ნივთიერება კრისტალური იყო, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, თუმცა მისი სტრუქტურა განსხვავდებოდა მანამდე ცნობილი კრისტალებისგან. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი მეხუთე რიგის სიმეტრიის ღერძის არსებობა და მისი არაპერიოდული ბუნება იყო. იმდროინდელი კლასიფიკაციით ერთ-ერთი უმთავრესი განსხვავება ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს შორის სწორად ეს იყო – ორგანული, ანუ ცოცხალი სამყარო არაპერიოდული ბუნებისაა, არაორგანული კი – პერიოდული. დანიელ შეხტმანის აღმოჩენა ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი აღმოჩნდა ცოცხალ და „მკვდარ” მატერიებს შორის.

ფიზიკაში პრემია ამერიკელ ასტროფიზიკოსებს, პროექტ Supernova Cosmology-ის წევრებს სოლ პერლმუტერს, ბრაიან შმიდტს და ადამ რისს (ეს უკანასკნელი წარმოშობით ავსტრალიელია) გადაეცათ. მათ ფიზიკაში ბოლო ოცწლეულის ყველაზე გახმაურებული აღმოჩენა ეკუთვნით: ზეახალ ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად ასტროფიზიკოსებმა აჩვენეს, რომ ჩვენი სამყარო აჩქარებულად ფართოვდება. ისინი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ეძებდნენ და აკვირდებოდნენ ცაზე ზეახალი ვარსკვლავების წარმოქმნას, შემდეგ ზომავდნენ აფეთქების წყაროდან წამოსული სინათლის ინტენსივობას. ამის საფუძველზეც შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ აფეთქების კერა იმაზე უფრო შორს მდებარეობდა, ვიდრე ამას გამოთვლები წინასწარმეტყველებდნენ. საქმე ისაა, რომ კონკრეტული ტიპის, ზეახალი ვარსკვლავები აფეთქებისას მუდამ ერთსა და იმავე ენერგიას გამოყოფენ და, შესაბამისად, მათი მასის გათვალისწინებით პროპორციული სიჩქარით იწყებენ ჩვენგან დაშორებას.
დანიელ შეხტმანი
ფოტო: REUTERS
ვინაიდან ცნობილი იყო მათი დაშორება აფეთქებამდე, შესაძლებელი გახდა მათ მიერ დროის ერთეულში გავლილი მანძილის გაზომვა, რაც გამოსხივებული სინათლის ინტენსივობის პროპორციულია. წითელი წანაცვლებისა და დოპლერის ეფექტის გათვალისწინებით, შესაძლო დაშორება პრაქტიკაში არ დაემთხვა თეორიულად ნავარაუდევ მანძილს. ამასთან, დროის ერთეულში მათი ადგილმდებარეობა ჩვენგან უფრო და უფრო შორს ინაცვლებდა, თითქოს რაღაც ძალა სივრცეს მთელი სიძლიერით აფართოებდესო, დაასკვნეს პროექტ Supernova Cosmology-ის წევრებმა. ეს ძალა მათ „ბნელ ენერგიად” მონათლეს, რომელიც თანამედროვე ფიზიკისათვის ჯერჯერობით უცნობია. უფრო მეტიც, „ბნელი ენერგიის” არსებობის გასამართლებლად აინშტაინის მიერ შემოღებული და შემდეგ უარყოფილი კოსმოლოგიური მუდმივას გამოყენებაც კი სცადეს – მიუხედავად იმისა, რომ აინშტაინმა მას საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა უწოდა. ზოგიერთი სკეპტიკოსი ნობელის კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა დაეცადათ, სანამ „ბნელი ენერგიის” რაობას მოეფინებოდა ნათელი და შემდეგ გადაეცათ პრემია ამერიკელი ტრიოსთვის.

ტუმას ტრანსტრომერი
ფოტო: REUTERS
ლიტერატურაში პრემია  წელს შვედეთში დარჩა, მას ღრმად მოხუცებული შვედი პოეტი ტუმას ტრანსტრომერი დაეუფლა. ნობელის კომიტეტის წევრებმა იგი იმიტომ გამოარჩიეს, რომ ტრანსტრომერი „მსუყე და გამჭვირვალე ხატებით რეალობის ცოცხლად აღქმის შესაძლებლობას გვაძლევს”. ტრანსტრომერის ლიტერატურული მოღვაწეობა თხუთმეტიოდე კრებულს ითვლის, მისი მთელი შემოქმედება კი ერთ საშუალო სისქის წიგნში ეტევა. მიუხედავად ასეთი მწირი ლიტერატურული მემკვიდრეობისა, იგი სკანდინავიაში ცოცხალ კლასიკოსადაა შერაცხული და „პოეზიის ბერგმანს” უწოდებენ. ამ გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ერთდროულად მრავალ ქვეყანაში გამოითქვა. მთავარი პრეტენზია ის გახლავთ, რომ ტრანსტრომერს კარგად არ იცნობენ შვედეთის საზღვრებს გარეთ. ზოგ ქვეყანაში საერთოდ არ იციან ვინ არის. ასე მაგალითად, ცნობილმა გერმანელმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა მარსელ რაიხ-რანიცკიმ აღიარა, რომ არ სმენია ამ პოეტის არსებობის შესახებ. იგივე განაცხადა გაზეთ Le Figaro-ს ლიტერატურულმა მიმომხილველმაც და დასძინა, რომ ტრანსტრომერი ფრანგული ლიტერატურისთვის სრულიად უცნობია.
სკეპტიკოსებმა ისიც კი დაწერეს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნობელის კომიტეტმა ტუმას ტრანსტრომერი ბობ დილანს და ჰარუკი მურაკამის ამჯობინა, ისაა, რომ შვედები ეშურებიან მანამ დააფასონ საკუთარი ცოცხალი კლასიკოსი, სანამ იგი ცოცხალია. ნობელის პრემია კი გარდაცვლილებს არ ენიჭებათ. ასეა თუ ისე, პრემია შვედეთში დარჩა და ამას მთელი სკანდინავია ზეიმობს.
 
მშვიდობაში, ნობელის პრემია, სამ ქალს შორის გაიყო. მას ლიბერიის ახლანდელი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, მისი თანამემამულე ლეიმა გბოუი და იემენელი საზოგადო მოღვაწე თავაქულ ქარმანი დაეუფლნენ. ამ უკანასკნელმა უკვე მოასწრო და პრემია „არაბულ გაზაფხულს” მიუძღვნა. თითოეული მათგანი ქალების უფლებებისათვის იბრძვის. ნობელის კომიტეტის თავმჯდომარის, ტორბიორნ იაგლანდის განცხადებით, „დემოკრატია დედამიწაზე სრულად მანამ არ მიიღწევა, სანამ ქალები მამაკაცების ტოლ უფლებებს არ მოიპოვებენ მთელ პლანეტაზე”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მიენიჭათ პრემია „არაბული გაზაფხულის” რევოლუციის სხვა წევრებს, იაგლანდმა განმარტა, რომ ნობელის კომიტეტს არ სურს გამოხატოს საკუთარი აზრი ამ მოვლენის მიმართ მანამ, სანამ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები არ დასრულდება. თუმცა მათ ამ თემას გვერდი მაინც ვერ აუარეს და ლაურეატთა სიაში – ოღონდ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის გამორჩეულ კონტექსტში – თავაქულ ქარმანიც ჩართეს.

ნობელის პრემია ეკონომიკაში ორ ამერიკელს გადაეცა. ტომას სერჯენტი ნიუ იორკის უნივერსიტეტიდან და კრისტოფერ სიმსი პრინსტონის უნივერსიტეტიდან იმ გაწეული სამუშაოსათვის დააფასეს, რომლის საშუალებითაც გასაგები გახდა თუ როგორ ზემოქმედებს სახელისუფლებო პოლიტიკა ეკონომიკაზე. ისინი ჯილდოს – მილიონ-ნახევარ ამერიკულ დოლარს შუაზე გაიყოფენ. სერჯენტმა შექმნა მათემატიკური მოდელი, სადაც ნათლად აისახა თუ როგორ და რატომ რეაგირებს ქვეყნის ეკონომიკა, როდესაც მასში ცენტრალური ბანკი ან რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი უხეშად ერევა. კრისტოფერ სიმსმა კი სტატისტიკური მეთოდები შეიმუშავა, რომელთა გამოყენებითაც მაკროეკონომიკური პროცესების დამზერა და ძირითადი ტენდენციების გამოვლენა უფრო იოლი და ხელმისაწვდომი გახდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სერჯენტის და სიმსის შრომების წარმოჩინება დროული იყო იმ ფინანსური კრიზისის ფონზე, რომელიც მსოფლიოში 2008 წლის შემდეგ ბობოქრობს.

ეკონომიკის პრემიის დასახელებით დასრულდა ნობელიანტების გამოვლენის ფაზა და დაიწყო მეორე, მათი დაჯილდოების ეტაპი. მიმდინარე წლის პრემიის ლაურეატებმა ნობელის ლექციის წერა დაიწყეს, რიგითი მაყურებლები პრემიების გადაცემის ცერემონიალს ელიან, ორგანიზატორებს კი კიდევ ერთხელ გაუჩნდათ განცდა, რომ მათი მუშაობის შედეგად მსოფლიო ცოტა უფრო უკეთესი გახდა. 
 

კომენტარები