სარკოზის ვიზიტი

პირველად იყო სიტყვა

პლატონი თვლიდა, რომ როცა პოლიტიკოსი სიტყვას წარმოთქვამს – ის სულებზე ნადირობს. ცხადია, იმედგაცრუება ელის ყველას, ვინც სიტყვას მხოლოდ შინაარსით განსჯის და არა იმ საქმით, რომელიც სიტყვას მოჰყვება. მაგრამ მათაც ეშლებათ, ვინც პოლიტიკური ლიდერის გამოსვლას რიგით თეატრალურ წარმოდგენად მიიჩნევს – სინამდვილეში, ის ბევრად მეტია. 


“კონტინენტზე რკინის ფარდა დაეშვა”, – ამცნო ჩერჩილმა დამსწრე საზოგადოებას, ფულტონის ცნობილი გამოსვლისას, 1946 წელს – მანამდე სანამ კედელი აშენდებოდა.

“მე ბერლინელი ვარ”, – უთხრა ბერლინის დასავლეთ ნაწილში ჩასულმა კენედიმ იქ შეკრებილ გერმანელებს 1961 წელს, როცა კედელი აშენდა. 
“ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიე ეს კედელი”, – მიმართა რეიგანმა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს 1987 წელს და ორ წელიწადში კედელი დაინგრა.

ბევრს არ ახსოვს, თუ რა დოკუმენტები გაფორმდა ფარდის დაშვებამდე და მისი ახდის შემდეგ, მაგრამ ეს სამი წინადადება იცის ყველამ, ვისაც ცივ ომზე ზედაპირული წარმოდგენა მაინც აქვს. 

პოლიტიკური ლიდერების რიტორიკა, ისტორიას პირველ რიგში იმით ქმნის, რომ კამათის ჩარჩოებს განსაზღვრავს. ვის არ ახსოვს, ბუშმა რომ საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა. იმ მომენტში, ეს მხოლოდ ქებად და წახალისებად ჟღერდა. თუმცა, ზოგიერთის აზრით, წყევლად იქცა მას შემდეგ, რაც ქართული დემოკრატიის შეფასებისას სწორება “შუქურაზე” აიღეს და მსჯელობა ბუშის სიტყვების დადასტურება-უარყოფაზე აეგო. მიუხედავად იმისა, ვიზიარებთ თუ არა მათ პათოსს, ფაქტია – ამ ორმა სიტყვამ ქართული სახელმწიფოს შესახებ კამათი დააკვალიანა და ისტორია განსაზღვრა. 

“მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში 1999 წელს და ამით ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე, ბუნდოვანი მომავლის მქონე ქვეყნის ორიენტაციაზე მიუთითა. მაშინ ევროპელებს ვერ გადაეწყვიტათ, სად გაევლოთ ევროპის საზღვარი. 

“თბილისში ყოფნისას თავს ევროპაში ვგრძნობ და არსად სხვაგან”, – დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისუფლების მოედანზე 12 წლის შემდეგ. ევროპაში კვლავინდებურად ვერ შეთანხმებულან სად გადის ევროპის საზღვარი. 

შესანიშნავი იქნება, სარკოზის სიტყვები რომ საქმედ იქცეს: რადგან ევროპელები ვართ, გაგვიმარტივდეს ევროპაში მოგზაურობა, გათავისუფლდეს ევროპასთან ვაჭრობა; თუ თავისუფალი ვართ ალიანსების არჩევანში – შეგვიშვან NATO-ში; პუტინმა იგრძნოს, რომ თუ საქართველოს დეოკუპაციას არ მოახდენს, ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემს და საბჭოთა კავშირს არ დაივიწყებს, ისეთივე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, როგორშიც ლუკაშენკოა – გავიგეთ, რომ “ერთ დღეს” ასე მოხდება, მაგრამ როდის? სავარაუდოდ – არც დღეს და არც ხვალ. 

კარგი იქნება, ის მაინც ვიცოდეთ, რომ საფრანგეთში დაბრუნებული სარკოზი იარაღის მორიგ პარტიას არ მიყიდის კრემლს – ზუსტად არც ეს ვიცით. 

მიუხედავად ყველაფრისა, ცხადია, რომ რაც 7 ოქტომბერს მოვისმინეთ, ბევრად მეტია, ვიდრე ცარიელი რიტორიკა. საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვები იმ დებატის ჩარჩოს ადგენს, რომელმაც ევროპის საზღვრის საკითხი უნდა გადაწყვიტოს და ამით საქართველოს ისტორიასაც განსაზღვრავს. 

P.S. უკვე თვეზე მეტია, ტაბულას ახალი რუბრიკა – “არქივი” დაემატა. აქ XIX-XX საუკუნეების ქართველ მოაზროვნეთა პუბლიცისტიკას და გამოსვლებს ვაქვეყნებთ. შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეს განსხვავება მაშინდელი პოლიტიკური დისკუსიის ხარისხსა და ახლანდელს შორის – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა… ახერხებენ იმას, რომ დღესაც ყველაზე თანამედროვე ქართველები იყვნენ. 

ამ სტატიის წერისას, რატომღაც (ანატომიის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ), ეს რუბრიკა გამახსენდა და ორი კითხვა გამიჩნდა: 

1) სად ვიქნებოდით ჩვენ, ილია ჭავჭავაძის დროს, საქართველოს საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პირველი პირები რომ სწვეოდნენ, ქება შეესხათ და ევროპად გამოეცხადებინათ? 

2) რას იფიქრებს ის, ვინც 120 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ენციკლიკებს წაიკითხავს? 
 

კომენტარები