საზოგადოებრივი აზრის კვლევა

საზოგადოებრივი განწყობები NDI-ს კვლევის მიხედვით

სამუშაო ადგილები და ფასების ზრდა საქართველოს მოსახლეობისთვის კვლავაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია. მათ ტერიტორიული მთლიანობა მოსდევს, რომლის პრიორიტეტულობაც სულ უფრო და უფრო მცირდება. ეს და სხვა შედეგები ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელმა გამოკითხვამ გვიჩვენა, რომელიც 9-21 სექტემბრამდე ვადაში ჩატარდა. პირველად NDI-ის კვლევების ისტორიაში, რომელიც 2008 წლიდან ტარდება, საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად (45%) უფრო მეტი მიიჩნევს, ვიდრე არადემოკრატიულად (39%). სამომავლოდ მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს რეფორმირებაა პრიორიტეტული, თუმცა ამ მიმართულებებით ცვლილებების პერსპექტივას ნაკლებ ოპტიმისტურად უყურებენ.

ფასების მატება ის საკითხია, რომლის მნიშვნელობაც გამოკითხვიდან გამოკითხვამდე იზრდება. თუ გასული წლის მონაცემებით მას 20%-მდე მაჩვენებელი ჰქონდა, 2011 წლის პირველ ნახევარში 39%-მდე ავიდა. ეს, ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე, გასაკვირი არ იყო. მცირე – 3%-იანი – მატება უკანასკნელ გამოკითხვაშიც აღინიშნა. 2008 წლის შემდგომ, მოსახლეობის აზრით, ყველაზე დიდი გაუარესება სწორედ ფასების ზრდის მიმართულებით იგრძნობა. ამასთან, უმეტესობა თვლის, რომ პოლიტიკოსები ინფლაციაზე ცოტას ლაპარაკობენ.
 
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტულობას, ეკონომიკური საკითხების მზარდი დომინანტობის ფონზე, აქ უკვე თვალშისაცემი ვარდნაა – 2010 წელს მისი მნიშვნელობა 45% იყო, უკანასკნელი მონაცემებით კი 31%-მდეა ჩამოსული. თავის მხრივ, სამუშაო ადგილები სტაბილურად ინარჩუნებს პირველობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში, დასაქმებას, თბილისში დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა მოსდევს.
 
კვლევაში თვალშისაცემია საკითხებისადმი მოსახლეობის დიფერენცირებული მიდგომაც – დამოკიდებულებები სხვადასხვა მოვლენის მიმართ არ გვიჩვენებს პოლარიზებულ განწყობებს. გამოკითხულები თვლიან, რომ 2008 წელთან შედარებით ვითარება ყველაზე მეტად საპენსიო, კორუფციის დაძლევისა და განათლების სფეროებში გაუმჯობესდა. ასევე გზებთან, გაზის მიწოდებასთან და დასუფთავებასთან დაკავშირებით. ყველაზე მეტ გაუარესებას კი, 2008 წლიდან მოყოლებული,  ფასების მატების, დასუფთავების გადასახადების ელექტროენერგიასთან მიბმისა და ტრანსპორტის ღირებულების ზრდის მიმართულებით აღნიშნავენ. ამ სიაში საბავშვო ბაღების ფასიც მოხვდა. საერთო ჯამში, გაზრდილია მათი რაოდენობა (13-21%-მდე), ვინც თვლის, რომ პირადად მისი და საკუთარი ოჯახის მდგომარეობა 2008 წლის შემდგომ გაუმჯობესდა, გაუარესების აღმნიშვნელთა რაოდენობამ კი 8%-ით კი იკლო.
 
არაპოლარიზებულობის ინდიკატორი ისიცაა, რომ, საერთო ჯამში, მოსახლეობის 62% ეთანხმება აზრს, რომ მთავრობა მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ატარებს. აქედან 53% ნაწილობრივ დასტურს აცხადებს, 9% კი – სრულს. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 12% „ნაწილობრივ არ იზიარებს” ამ მოსაზრებას და, მიუხედავად ნეგატიური ფორმულირებისა, ეს მიგვითითებს, რომ მათთვის მომხდარი და მიმდინარე ცვლილებები, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია. დემოკრატიულობის აღქმაშიც მხოლოდ 5%-ს აქვს რადიკალური და ხისტი პოზიცია – მათი აზრით, ქვეყანა დემოკრატიული არ არის  და არც არასოდეს გახდება. დიდი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა ან დემოკრატიულია ანაც დემოკრატიულობისაკენ მიმავალი.
 
NDI-მ საზოგადოების დამოკიდებულება ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური მოვლენების მიმართაც იკვლია. გამოკითხულთა 47%-ს, რელიგიური გაერთიანებებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებაზე არ სმენია. ინფორმირებულთაგან, გადაწყვეტილებას 26% უჭერს მხარს; 69% კი – ეწინააღმდეგება. მათი უმეტესობა თვლის, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს და სჯობდა, გამართულიყო კონსულტაციები საზოგადოებასთან და საპატრიარქოსთან. 
 
მოსახლეობას მაისის საპროტესტო აქციების შესახებაც ჰკითხეს. 77%-ის აზრით, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გადაყენება იყო. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებს დაკავებული ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ. 41% (33%-ის საპირისპიროდ) კი თვლის, რომ მთავრობას ჰქონდა მათ დასაშლელად ძალის გამოყენების უფლება. საკითხზე – მთავრობამ ადეკვატური ძალა გამოიყენა თუ არა – შეფასებები არაერთგვაროვანია – 30%-ის აზრით, ძალა ადეკვატური იყო. 39% კი მიიჩნევს, რომ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. კითხვაზე,  ვის ეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა 26 მაისის ძალადობაზე, 34% ნინო ბურჯანაძეს ასახელებს, 31%-ის აზრით კი, ყველა ერთნაირადაა პასუხისმგებელი. 
 
რესპონდენტები პარლამენტის ქუთაისში გადატანაზეც გამოკითხეს, რასაც 51% ემხრობა. მათი დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს სიახლე  ქუთაისზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. თავის მხრივ, უმეტესობა პარლამენტარების რაოდენობის ზრდას არ იწონებს.
 
გამოკითხვა, რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლების საკითხსაც შეეხო. ამის შესახებ 51%-ს სმენია. მათგან 33% თვლის, რომ ის პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს. 21% კი მიიჩნევს, რომ ეს ქსენოფობიური განცხადებების გამო მოხდა. ამ 51%-ის მხოლოდ 14% იწონებს სტურუას ქსენოფობიური განცხადებების ნიადაგზე გათავისუფლებას. იმ კითხვაზე კი, მომავალში ეს მიდგომა (სტანდარტი) ხელისუფლების ყველა წარმომადგენელზე უნდა გავრცელდეს თუ არა – გამოკითხულთა 44%-მა უარყოფითი პასუხი გასცა. 
 
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას – საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისაკენ კვლავ მაღალი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, გამოკითხულთა უმეტესობა არ იწონებს. პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება დიალოგისაკენ და პირველი კავკასიურის მაუწყებლობა მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. დიდ ნაწილს საქართველოს სუვერენიტეტისადმი რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საფრთხედ მიაჩნია. 
 

კომენტარები