ნიკოლა სარკოზი

ყარაჩიგეიტი: მორიგი კორუფციული სკანდალი სარკოზის ირგვლივ

სექტემბერში, საფრანგეთის პოლიციამ, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით, ნიკოლა სარკოზის ორი მეგობარი დააკავა. გავლენიანი ბიზნესმენები, პრეზიდენტის მეჯვარე ნიკოლა ბაზირი და ტიერი გობერი სასამართლომ „ყარაჩის საქმესთან” დაკავშირებით დაკითხა.

2002 წელს ყარაჩიში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საფრანგეთის 11 მოქალაქე ემსხვერპლა. მთავრობა ტერაქტის მოწყობაში პაკისტანის სახელმწიფო მეთაურებს ადანაშაულებს. 1994 წელს საფრანგეთსა და პაკისტანს შორის, წყალქვეშა ნავების მიყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამ მოლაპარაკებებში შუამავლებისთვის გადასახდელი თანხა 111 აშშ დოლარით განისაზღვრა.1995 წელს პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა შეწყვიტა აღნიშნული თანხის გადახდა, რასაც საფრანგეთის მთავრობა ტერაქტის მოწყობის მიზეზად მიიჩნევს.

სასამართლო ცდილობს დაადგინოს, ფინანსდებოდა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ედუარდ ბალადურის 1995 წლის საარჩევნო კამპანია წყალქვეშა ნავების საქმიდან მიღებული ქრთამებით. ცნობილია, რომ ნიკოლა სარკოზი ბალადურის მთავრობაში ბიუჯეტის საქმეთა მინისტრი, საპრეზიდენტო არჩევნებში კი მისი კამპანიის სპიკერი იყო. ბალადურის საარჩევნო კამპანიას სარკოზის მეგობარი ნიკოლა ბაზირი ხელმძღვანელობდა. 22 სექტემბერს, მას ბრალი სახელმწიფო ქონების არამიზნობრივ ხარჯვაში თანამონაწილეობისთვის წაუყენეს.

ახლა მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი სარკოზის მეორე მეგობარს, ბალადურის საარჩევნო კამპანიის დროს ფინანსურ მრჩეველ ტიერი გობერსა და ფრანგ-ლიბანელ ბიზნესმენ ზიად ტაკედინს შორის. სასამართლომ გობერის ყოფილი მეუღლე, იუგოსლავიის პრინცესა ჰელენი დაკითხა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ 1990-იან წლებში ტიერი გობერი ზიად ტაკედინთან ერთად, ხშირად მიემგზავრებოდა შვეიცარიაში. იქიდან ფულით სავსე ჩემოდნებით ბრუნდებოდა, რომელსაც ნიკოლა ბაზირს გადასცემდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნიკოლა სარკოზის არასოდეს მიუღია მონაწილეობა ბალადურის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში და მისი სახელი გამოძიების მასალებში არსად არის ნახსენები, ხოლო არსებული ბრალდებები პოლიტიკური მანიპულაცია და ცილისწამებაა.

შესაძლებელია დადგინდეს, რომ კანონთან პრობლემები სარკოზის უახლოესი გარემოცვის კიდევ ერთ წევრს აქვს. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ბრის ორტეფუს სასამართლო კონფიდენციალურობის დარღვევაში ადანაშაულებს. არსებობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ორტეფუ ტიერი გობერს ატყობინებს, რომ პრინცესა ჰელენმა გამომძიებლებს კორუფციულ გარიგებებში მისი მონაწილეობის შესახებ მოუყვა. ბრალდების გასაბათილებლად ორტეფუმ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მან პრესის საშუალებით მიიღო და არა გამოძიების მასალების გაცნობით.

ნიკოლა სარკოზის მიმართ კორუფციული ბრალდებები ბეტანკურის გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებს. გამოძიება არკვევს, იღებდნენ თუ არა მმართველი პარტიის (UNP) წევრები ლილიან ბეტანკურისგან კონვერტებით შემოწირულობებს. 19 სექტემბერს ბეტანკურის ყოფილმა ბუღალტერმა პრესას განუცხადა, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე, სარკოზის პარტიის ხაზინადარმა,  ერიკ ვერტმა მილიარდერი ქალბატონისგან 50 ათასი ევრო მიიღო.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი თვეა დარჩენილი. დროის ამ მცირე მონაკვეთში, ნიკოლა სარკოზიმ, მის სახელთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად, უნდა შეძლოს საფრანგეთის მოსახლეობის დარწმუნება, რომ მეორე შანსს იმსახურებს. 
 

კომენტარები