ილია ჭავჭავაძე

რა არის თავისუფლება?

 ამ რამდენიმე წლის წინ, როცა თბილისის ქუჩებში მოძრაობის წესების დაცვას სახელმწიფომ (პოლიციის სახით) საჭირო ყურადღება დაუთმო, რამდენიმე ავყია ადამიანისაგან გავიგონე: მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ ქართველი წითელზე არასოდეს გააჩერებს მანქანას და ღვედსაც არ შეიკრავსო. საინტერესოა, ნუთუ ასე ესმით მათ თავისუფლება? ვფიქრობ, ილიას ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ყველა მიხვდება (ზემოხსენებულებიც კი) რა არის ნამდვილი თავისუფლება. აქ ილია გვესაუბრება არა მხოლოდ როგორც დიდი მოაზროვნე (როგორც ყოველთვის), არამედ როგორც მოსამართლე, რომელიც შთამბეჭდავად გვიხსნის და გვისაბუთებს თავისუფლების არსს. ადამიანის თავისუფლებას დემოკრატიული და სამართლიანი წესრიგი იცავს, მას სწორედ ასეთი წესების დაცვა აძლიერებს და არა თავგასული უწესრიგობა. ილიას სურს, რომ ყველა ქართველი აქტიური მოქალაქე იყოს და “ხელი არავის ახლებინოს” კანონსა და სამართალს, როგორც “მისი თავისუფლების ციხესიმაგრეს”. ილიას სხვა ნააზრევსაც თუ გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ სწორედ ასეთი მოქალაქეები მიაჩნია მას ნამდვილ ნაფიც მსაჯულებად, რომლებსაც “ერის უკეთეს კაცთაგან” გამორჩეულებს უწოდებს...

კონსტანტინე კუბლაშვილი 


თავისუფლება იგი ყოფა მდგომარეობაა ადამიანისაო, ამბობს ბოსსუეტი თავის მსოფლიო ისტორიაში, საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო; ასეთის თვალით უყურებდა თავისუფალებას ძველი რომაელი და ძველი ბერძენიო. ეს ჭეშმარიტი და ზედმიწევნილი მნიშვნელობა თავისუფალებისა ეხლაც ცნობილია და აღიარებული ეხლანდელ მეცნიერთა და სახელმწიფოთაგან. ჭეშმარიტი, რიგიანი აგებულება და წყობილება კაცთა საზოგადოებისა სწორედ ამ ქვაკუთხედზედ უნდა იყოს ამოყვანილი. საცა ეგ არ არის, იმ კაცთა საზოგადოებური ცხოვრება, რომელიც ერთმანეთზედ დამოუკიდებლად და გადუბმელად შეუძლებელია, მარტო ძალმომრეობაა, ერთმანეთის თელვაა, ერთმანეთის ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა. მაშინ ყოფა ადამიანისა ნადირთ ყოფაა და ადამიანი, ეგ კერძი ღვთისა, ნადირად გადაქცეულია, იმიტომ, რომ თვითვეულისსვე ბედი თვითვეულის ფარ-ხმლით საგერი და სატევია და არა საერთო მფარველობისა და შემწეობისაგან ნათავდებები და დაკუთვნებული. 
 
ხოლო კაცმა რომ იმისთანა პატივსაცემი და მართალი, ადამიანისათვის თავმოსაწონი თავისუფლება იქონიოს, როგორსაც ბოსსუეტი ამბობს, საკმაო არ არის მარტო არსებობა კანონებისა. კანონი რჯულია ცხოვრებისა და ამიტომაც იგი სამართლისაგან ამოწვდილი ხმალიც არის ურჩთათვის და ფარიც არის საგერად და სახსნელად ჩაგრულთათვის. თუ ხმლობაში კანონს უსამართლოდ ჰხმარობს ვინმე, მაშინ ფარობამ კანონისამ თავი უნდა იჩინოს საგერად. კანონი მაშინ არის კაცთათვის მადლისმიმნიჭებელი, როცა ამ ორნაირს უწმინდაეს მნიშვნელობას მისას ჰპატრონობს თვითონ საზოგადოება, თვითვეული წევრი, თვითვეული კაცი. როცა კანონის სახელით მისევა თუ მოგერიება ჰბღალავს, ჰლახავს გრძნობას მართლიერებისას, მაშინ მე ვიჩაგრები ამისაგან, თუ სხვა, მაინც მოვალე ვარ თავი გამოვიდო, კანონის სახელი ძირს არ დავცე და არ გავაქელვინო, იმიტომ, რომ კანონი ყველასი ფარ-ხმალია და, მაშასადამე, ჩემიცა. აქ სიდიდე საქმისა არაფერს შუაშია. შეიძლება საქმე ჩალისფასადაც არ ჰღირდეს, მაგრამ გალახული, გაუპატიურებული გრძნობა სიმართლისა კი მაინც ალაპარაკდეს და კანონს გამოესარჩლოს. ეს მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა სიმართლისა, ეგ ერთადერთი თავდები კაცთა საზოგადოების ბედნიერებისა, ყველას გაღვიძებული აქვს და ყარაულად უდგა თვით კანონს.
სწორედ ესეც არის ყველგან, საცა კი ერთი ამ მხრით საზოგადოებურ ცხოვრებაში წარმატებულია. აი, თუნდა ამისი მაგალითი, რომელიც ჩვენებურს კაცს იქმება სასაცილოდაც არ ეყოს და რომელსაც კი, ჩვენის აზრით, დიდძალი მნიშვნელობა აქვს, იმოდენად დიდძალი, რომ უამისოდ ყოველივე კანონი, რაც უნდა კარგი იყოს, უქმი თამასუქია. ბრესლავში (პრუსიის ქალაქია) ერთი მდიდარი სოვდაგარია თურმე. მას ეხლახან ჯვარი დაუწერია, პატარძალი შინ მიუყვანია და პოლიციისათვის კი არ შეუტყობინებია, რომ სახლში ახალი ადამიანი დაუბინავებია. პრუსიის კანონებით კი ყოველი პატრონი სახლისა მოვალეა აცნობოს პოლიციას სამის დღის განმავლობაში, თუ ვინმე უცხო კაცი თავის ბინაში დააბინავა. პოლიციამ ამ კანონისდარღვევისათვის მანათზედ ცოტა მეტი ჯარიმა დააწერა სოვდაგარსა. სოვდაგარმა ჯარიმის გადახდევინება უსამართლოდ იცნა და პოლიციას უჩივლა. სასამართლოში სოვდაგარი ამტკიცებდა, რომ პოლიციას ამ შემთხვევაში ხელი არა ჰქონდა ჯარიმა გადაეხდევინებინა ჩემთვისაო, იმიტომ, რომ კანონში მოხსენებულია, რომ თუ უცხოკაცი დავაბინავე ჩემს სახლში და პოლიციას არ შევატყობინე, მაშინ უნდა გადამხდეს ჯარიმაო; ცოლი კი, არც კანონით და არც საღვთო წერილის ძალით, უცხო კაცად არ ჩაითვლება ქმრისთვისაო. არც სასამართლომ, არც სასამართლოს პალატამ არ შეიწყნარა სოვდაგარის საბუთი და ზემოხსენებული ჯარიმა, სულ ერთი მანათი და ერთი შაური, მჯავრად განუჩინა. სოვდაგარმა მაინც თავისი არ დაიშალა და გადიტანა საჩივარი დიდს სახელმწიფო სამართალში, რომელსაც რეიჰსგერიხტი ჰქვიან. 
 
სასაცილოა განა, მკითხველო, ასეთი დავიდარაბა ერთის მანათის გულისათვის, მერე ვისგან? მდიდარის სოვდაგარისაგან. ჩვენებური კაცი მაშინვე ამოიღებდა ქისიდამ ერთს მანათს და მაშინვე დაამწყრალებდა პოლიციას. მაგრამ აქ საქმე განა მარტო ერთს მანათზეა! რა არის ერთი მანათი სოვდაგარისათვის, ხელის ჭუჭყია, მტვერია და სხვა არაფერი. მაგრამ, აბა, ახლა შიგ ჩაიხედეთ ამ საქმეში, გუნება და ბუნება გაუგეთ, მაშინ სიცილის მაგიერ გრძნობა პატივისცემისა მიგახედებთ ამ სოვდაგარზედ. ცხადია, მდიდარს სოვდაგარს ის კი არ ანაღვლებს, რომ ერთი მანათი ერთმევა, არამედ ის, რომ, მისის აზრით, კანონი და სამართალი ირღვევა და კანონი და სამართალი კიდევ მისის თავისუფლების ციხესამაგრე იმოდენად ძვირფასია, რომ განურჩევლად, განუკითხველად ხელს არავის ახლებინებს. აი, ნამდვილი, ჭეშმარიტი მოქალაქობრივი თავგამოდება, აი ჭეშმარიტი ქველობა კაცთა საზოგადოების წევრისა. ამოდენა დავიდარაბაში, სამს სამართალში საქმის გატარებაში ერთი მანათი კი არა, იქნება ასი მანათიც დაეხარჯოს, მაგრამ იგი, ერისათვისაც იღწვის, მისთვის ყოველს ქონებაზედ უფრო ძვირფასია. კაცმა, მისის აზრით, უსამართლოდ მოაწვდინა მასზედ კანონის ხმალი და იგი იმავ კანონსა თავის კაცურის კაცობის ფასად წინ უყენებს დაგანკითხვას სამართლისაგან ელის. კაცური, ადამიანური ცხოვრებაც ამას ჰქვიან: ამისთანა კაცთა შორის ყველა შეკრულია ბოროტისათვის და ყველა გზა გახსნილია სიკეთისათვის. თავისუფლებაც ადამიანისა სხვა არა არის რა, რომ ბოროტისათვის სრულად შეკრული იყოს და სიკეთისათვის უხვად გზაგახსნილი.
 

კომენტარები