საზოგადოებრივი აზრის კვლევა

რა განაპირობებს კვლევის შედეგების სანდოობას

წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი ფრანკლინ რუზველტი, რესპუბლიკელების კი – ალფ ლანდონი გახლდათ. წინასაარჩევნო პერიოდში, იმ დროისთვის ერთ-ერთმა ცნობილმა და გავლენიანმა გაზეთმა, Literary Digest, გადაწყვიტა, ამომრჩეველთა გამოკითხვა ჩაეტარებინა. რედაქციამ ქვეყნის მასშტაბით 10 მილიონამდე კითხვარი დააგზავნა. შემდეგ, მიღებული 2,4 მილიონამდე პასუხი დათვალეს, დაამუშავეს და დასკვნა გამოაცხადეს: შედეგები ლანდონს რეკორდულ მოგებას ჰპირდებოდა. პროგნოზი ახდა, ოღონდ – პირიქით. რუზველტი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პროცენტით არჩეული პრეზიდენტი გახდა.


ამ მაგალითში ჩვენთვის საინტერესო არც არჩევნების შედეგის მიზეზებია, არც პოლიტიკური სიტუაციის მომავალი განვითარება. მომდევნო წლების მანძილზე სოციოლოგებისა და სტატისტიკოსების მძაფრი ინტერესის საგნად სხვა რამ იქცა: რატომ განიცადა Literary Digest-ის კვლევამ  გრანდიოზული კრახი? 
 
სოციოლოგებმა დაასკვნეს, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, მთავარი შეცდომა გამოკითხვაში მონაწილეთა არასწორი შერჩევა იყო: რესპონდენტები გამოცემის ხელმომწერების, ტელეფონებისა და ავტომობილების მფლობელების სიებიდან შეირჩნენ. მსგავს სერვისებზე ხელი, ძირითადად, საშუალოზე მდიდრებს მიუწვდებოდათ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთი სოციალური ფენა გამოიკითხა, სხვა მრავალრიცხოვანი ჯგუფები კი მის გარეთ დარჩნენ. შესაბამისად, შედეგი რეალურ სურათს არ ასახავდა.

მარცხი მკვლევრებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ტექნიკის დახვეწაში დაეხმარა. ითვლება, რომ ასე დაიწყო საზოგადოების აზრის  მეცნიერული კვლევის თანამედროვე ერა. მასობრივი გამოკითხვა რაოდენობრივი კვლევის ერთ-ერთ უმთავრეს და აპრობირებულ მეთოდად იქცა. აშშ-ის წვლილი რაოდენობრივი კვლევების განვითარებაში შემდგომ პერიოდშიც დიდია. 

დღეს ვიცით, რომ დიდი საზოგადოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მილიონობით ადამიანის გამოკითხვა აუცილებელი სულაც არ არის. მიუხედავად ამისა, მასშტაბური სოციოლოგიური გამოკითხვები ხშირად სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს. მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცა, ეს საკითხი საქართველოშიც აქტუალურია. კრიტიკის ობიექტი იშვიათად თუა მეთოდოლოგიის დეტალები, შერჩევის ტიპი, შეკითხვების რელევანტურობა და ა.შ. მთავარ ეჭვს კვლევის მასშტაბი იწვევს. ჯერაც რთულია ბევრის დარწმუნება, რომ სწორად შერჩეული 1500 ადამიანისგან მიღებული შედეგი მთელ მოსახლეობაზე შეგვიძლია განვავრცოთ. 

მკვლევრებს შეუძლიათ, მაქსიმალურად სანდო შედეგისთვის, გენერალური ერთობლიობის (ჯგუფი, რომლის შესახებაც ინფორმაციის მიღება გვსურს) თითოეულ წევრს მიმართონ. მაგალითად, პოლიტიკოსების რეიტინგის დასადგენად,  საქართველოს თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხონ. ეს დიდ ხარჯებთან, დროსთან და ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული. სამაგიეროდ, არსებობს ე.წ. შერჩევითი გამოკვლევა: გამოვკითხავთ რაღაც ნაწილს და სრულ სურათს მივიღებთ.

ეს არც ჯადოქრობის დამსახურებაა, არც მკვლევართა ზებუნებრივი ინტუიციის – სოციოლოგიური რაოდენობრივი კვლევა სტატისტიკის კანონებს ეყრდნობა და მეცნიერულად იხსნება. ამოსავალი პრინციპი შემდეგია: შემთხვევით შერჩეულ, ადამიანთა მცირე პროცენტს, რაიმე მოვლენის მიმართ მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და აზრის გამოხატვა შეუძლია. 

კვლევის 100%-ით სანდო შედეგი არ არსებობს: ყოველთვის გვექნება გარკვეული აცდენა რეალურ სურათთან. ამას კვლევის ცდომილებას უწოდებენ და  სტატისტიკური მეთოდებით ზომავენ – ცდომილების დათვლა ზუსტი მეცნიერებების სფეროა და არა მკვლევრის პირადი ვარაუდის ან ინტერპრეტაციის საქმე. მიღებულია, რომ წარმატებული კვლევის შედეგების ცდომილება 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მისი სანდოობა კი 95% მაინც უნდა იყოს.

მთავარია, გამოკითხვისას რესპონდენტები მართლაც რეპრეზენტატულად შეირჩნენ. მაგალითად, თუ ინტერნეტ-ფორუმის გამოკითხვებით გამოვლენილ პოლიტიკოსთა რეიტინგებს ენდობით, დიდი ალბათობით, შეცდებით. სტატისტიკურად, ვთქვათ, რომელიმე ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის გამოკითხვაც არასანდოა. მას ძირითადად საზოგადოების სპეციფიკური ჯგუფი – ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები უყურებენ. შესაბამისად, შედეგები მთელი პოპულაციის მოსაზრებას ვერ ასახავს.

შერჩევა სხვადასხვანაირად კეთდება. „შემთხვევითი შერჩევისას” რესპონდენტებს მკვლევარი არ ირჩევს – თითოეულ ადამიანს კვლევაში მოხვედრის თანაბარი შანსი აქვს. მაგალითად, გვაქვს სრული სია და მათგან შემთხვევით, ან წინასწარ დადგენილი ინტერვალით ვირჩევთ (ყოველი მე-100, ყოველი მე-1000...) რესპონდენტს.  როგორც წესი, რაოდენობრივი კვლევისას, შერჩევის სწორედ მსგავს ალბათურ მეთოდს  იყენებენ. ასე, შერჩევითი ერთობლიობის აღწერით, გენერალური ერთობლიობის იგივე პარამეტრების აღწერაც ხდება შესაძლებელი.

როგორი უნდა იყოს შერჩევის მოცულობა, ანუ რამდენი ადამიანის გამოკითხვა დაგვჭირდება, ვთქვათ, საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულების გასაგებად? სოციოლოგები თანხმდებიან, რომ რაც უფრო იზრდება საკვლევი ჯგუფი, რეპრეზენტატული შედეგის მისაღებად, პროცენტულად მით უფრო ნაკლები ადამიანის გამოკითხვაა საკმარისი. მაგალითად, თუ 1000 კაცის გამოსაკვლევად, სასურველი იქნებოდა, 300 კაცი მაინც გამოგვეკითხა (30%), 10 000 ადამიანისთვის 1000-ის (10%) გამოკითხვა გვეყოფა, 150 000-ისთვის კი – 1500-ის (1%).  საბოლოო ჯამში, 1000-2000 კაცის გამოკითხვით არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ ბევრად მრავალრიცხოვან ჯგუფებზე მონაცემების მიღებაა შესაძლებელი.

მაგალითად, აშშ-ში Gallup-ი ყოველდღიურ სატელეფონო გამოკითხვებს ატარებს იმის გასარკვევად, თუ როგორ აფასებენ ამერიკის მოქალაქეები ობამას მოღვაწეობას პრეზიდენტის პოსტზე და შედეგებს დინამიკაში გვთავაზობს. ცნობილი კვლევითი ორგანიზაცია 187 მილიონი სრულწლოვანი ამერიკელის აზრის დასადგენად, 1500-მდე ადამიანს გამოკითხავს – შედეგის ცდომილება კი 3%-ს არ აღემატება. იმავეს აკეთებენ სხვა ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები. მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მოსახლეობის აზრის გასაგებად, სწორი შერჩევის შემთხვევაში, 1000 კაცის გამოკითხვაც საკმარისია. 

უახლოეს მომავალში ცხელი საარჩევნო პერიოდები გველის. შესაბამისად, ეგზიტ-პოლების საკითხიც გააქტიურდება. თბილისის მერის არჩევნებისას, საზოგადოების ნაწილი ეგზიტ-პოლის შედეგებს უნდობლად მოეკიდა. მიზეზი ის იყო, რომ საარჩევნო უბნიდან გამოსული ადამიანების მაღალმა პროცენტმა მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შედეგის 100%-ში კი მათი უარი აღნიშნული არ იყო. ზოგმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანები ოპოზიციურ კანდიდატებს უჭერდნენ მხარს და შედეგები არარელევანტური იყო. ოფიციალურმა შედეგმა მსგავსი ეჭვები არ დაადასტურა.
 
სხვათა შორის, ეს პრობლემა მეცნიერებს შორის დღემდე განსჯისა და კვლევის საგანია. ამერიკის სტატისტიკის ასოციაციამ, მექსიკაში ჩატარებული ეგზიტპოლის გაანალიზების შემდეგ, დაასკვნა: იმ ადამიანთა პოლიტიკური განწყობა, რომლებიც უარს აცხადებენ გამოკითხვაში მონაწილეობაზე, მეტ-ნაკლებად თანხვდება მათსავე რეგიონში მცხოვრებთა პოზიციის გადანაწილების სქემას. შესაბამისად, უარის მაღალი მაჩვენებელი საერთო შედეგს არ ცვლის. ასეა თუ ისე, ეგზიტ-პოლები როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებშიც აქტიურად ტარდება. გამოდის, რომ ისინი საკუთარ არსებობას ამართლებენ და წინასწარ დადგენილი ცდომილების ფარგლებში, არჩევნების საბოლოო შედეგთან მიახლოებულ სურათს დებენ.

შესაძლოა, თვისობრივისგან განსხვავებით, რაოდენობრივი კვლევით ვერ ვიღებთ სიღრმისეულ ინფორმაციას – ადამიანთა ინდივიდუალური მოტივების, მათი ცხოვრების ისტორიის შესახებ და ა.შ. სამაგიეროდ, მისი მეთოდები დიდი ერთობლიობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეუცვლელია. ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება, ეჭვი შეიტანოს კვლევის წარმმართველების კეთილსინდისიერებაში, მეთოდოლოგიის გამართულობაში და ა.შ. სხვა თუ არაფერი, სოციოლოგიური კვლევა, ისევე როგორც მრავალი სხვა რამ, გაყალბებას ექვემდებარება. მით უმეტეს, რთულია, კვლევის შედეგს ენდოთ, როდესაც ის თქვენს სუბიექტურ ხედვებს არ ეთანხმება. საქმე ისაა, რომ გარემომცველი ადამიანები, ჯგუფები და ჩვენ მიერ მათი აღქმა, ხშირად, შესაძლოა, რეალურ სურათს სულაც არ ემთხვეოდეს. ამიტომ, სჯობს, შეძლებისდაგვარად, ობიექტური კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ:  რეპრეზენტატულობის იდეა, სწორი შერჩევის საფუძველზე, გარკვეული ცდომილების ფარგლებში მუშაობს. ნდობის კრიტერიუმად კი, შეგვიძლია, თვითონ ორგანიზაციის რეპუტაცია გამოვიყენოთ. 

კომენტარები