სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­რო

საჯარო სამსახურის რეფორმა – პირველი ნაბიჯი

საჯარო სამსახურის ბიურომ საკანონმდებლო ცვლილებების მორიგი პაკეტი მოამზადა. ცვლილებების ინიცირება საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმამ განაპირობა, რომელსაც მოქმედ კანონმდებლობაში რელევანტური იურიდიული საყრდენი არ აქვს. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უკვე განიხილება. 


საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, სამუშაოს აღწერილობის პუნქტი ემატება. ცვლილება, ერთი შეხედვით, ფორმალურია. თუმცა, პრაქტიკაში მან შეფასების კრიტერიუმების დადგენას, ასევე – დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. მსგავსი პრაქტიკა ევროპის თითქმის ყველა საჯარო სამსახურს აქვს. მაგალითად, საფრანგეთში პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შეადგინოს სამუშაოს ისეთი აღწერილობა, რომელიც დასაქმებულის უფლება-მოვალეობებს მოიცავს. 

შეფასების სისტემისა და შეთანხმების შემოღება, ატესტაციის მოძველებულ სისტემას შეცვლის. ამ უკანასკნელს პრაქტიკაში თითქმის არ იყენებენ – შესაბამისად, საჯარო მოხელის რეალური უნარ-ჩვევების დადგენა ფანტასტიკის სფეროს უახლოვდება. ახალი სისტემით, შეფასების პროცედურა დეცენტრალიზებულია. დაწესებულების ხელმძღვანელი თავად დანერგავს შეფასების შიდა სისტემას. წელიწადში ერთხელ კი შედეგებს გადახედავს. ამგვარად, იქმნება ჯაჭვი – დამქირავებელი აცნობს დაქირავებულს მის მიერ შესასრულებელ სამუშაოს, გარკვეული პერიოდის შემდგომ კი აფასებს. შედეგების მიხედვით – მას დააწინაურებენ, ან დააქვეითებენ – შესაძლოა, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგიც შესთავაზონ. ამ ცვლილების მიზანი, დაქირავებულების ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება და გადამზადების საჭიროების გამოვლენაა. 

გაუქმდება კიდევ ერთი არაეფექტიანი ვალდებულება. საჯარო მოსამსახურეს, სამსახურში დასაქმებისას და შემდგომ ყოველწლიურად, მისი და მისი ოჯახის წევრების საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა ევალება. რეალობა გვიჩვენებს, რომ დეკლარაციის წარდგენას არ აქვს რაიმე სახის საგადასახადო მიზანი. ერთადერთი არგუმენტი გამჭვირვალობაა. თუმცა, აქაც წინააღმდეგობას ვაწყდებით – ეს დეკლარაციები საჯაროდ არ ქვეყნდება. შესაბამისად, გადაწყდა ამ ვალდებულების გაუქმება. სანაცვლოდ, კორუფციის უფრო მაღალი რისკის შემცველ პოზიციებზე მყოფი 300-მდე საჯარო მოხელე თანამდებობის პირებად განისაზღვრებიან. მათ ექნებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულება, რაც, საჯარო მოხელის დეკლარაციისაგან განსხვავებით, წარდგენისთანავე ავტომატურად ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებსაიტზე (www.declaration.gov.ge). 

კიდევ ერთი ხარვეზი საჯარო მოხელის დაწინაურებისას გვხვდება – ამისთვის მას წინა პოზიციაზე არანაკლებ 6 თვის მუშაობის ვალდებულება აქვს. ცვლილება უზრუნველყოფს, რომ დაწინაურების წინაპირობა, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება იყოს.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, პირი „დროებით მოვალეობის შემსრულებლად” უვადოდ, კონკურსში მონაწილეობის გარეშე ინიშნება. ბუნებრივია, ეს გამჭვირვალობის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. ცვლილებები ქონებრივ დეკლარირებას დაქვემდებარებული პირების დანიშვნას ითვალისწინებს – დროებით მოვალეობის შემსრულებლად ერთჯერადად და მაქსიმუმ ერთი წლით, ხოლო სხვა ნებისმიერ ვაკანტურ თანამდებობებზე – არაუმეტეს სამი თვის ვადით.

დღეს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, კონკურსის საფუძველზე მიღებული პირებისთვის, გამოსაცდელ ვადას არ ითვალისწინებს. ამის გამო, უწყებები ხშირად თავს არიდებენ კონკურსის გამოცხადებას. შემოთავაზებული ცვლილებებით იხსნება ეს შეზღუდვაც. კომპეტენტური თანამშრომლების შერჩევის პროცედურის გამარტივებასთან ერთად, გამოსაცდელმა ვადამ აყვანილის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება უნდა გააძლიეროს.

კანონპროექტის შემუშავებისას, აქცენტი მაღალკვალიფიციური კადრების საჯარო სამსახურში მიზიდვაზეც გაკეთდა. მოქმედი კანონმდებლობით, გამოცხადებულ ვაკანსიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება, რაც, უმეტეს შემთხვევაში, რეალური ანაზღაურებისგან განსხვავდება. თუ მოხელე შესაბამის უნარებსა და შრომისმოყვარეობას ავლენს, როგორც წესი, დამატებით ენიშნება წამახალისებელი პრემია. ამ  დროს კი, კვალიფიციური კადრები კონკურსის პირობების გაცნობისას ინტერესს კარგავენ – არასათანადო ანაზღაურება მათთვის დემოტივატორის ფუნქციას ასრულებს. ცვლილების მიხედვით, ანაზღაურების მითითება სავალდებულო აღარ იქნება. ამას თავად უწყებები გადაწყვეტენ.

ცვლილებების შედეგად, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციებს რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და გამოცემა დაემატება. ის აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგსაც შეითავსებს. 

ზოგადად, საჯარო სამსახურში გამჭვირვალობისა და კონკურენციის სისტემა რამდენიმე მყარ პრინციპზეა აგებული. ამ მიმართულებით, კანონმდებლობაში უკვე ბევრი ცვლილება შევიდა, რაც ამარტივებს კონკურსის გამოცხადების პროცედურას საჯარო სამსახურში. თუმცა, გარკვეულ ხარვეზებს მაინც ვხვდებით. კერძოდ, პრობლემაა საკონკურსო განაცხადების წარდგენის არასისტემატიზირებული ფორმა. უწყებათა ნაწილი CV-ის,  ნაწილი ავტობიოგრაფიის, ხოლო ნაწილი სააპლიკაციო ფორმის (რომელშიც ხშირად არასაჭირო ინფორმაციაა მისათითებელი) წარდგენას მოითხოვს. კანონპროექტი აღნიშნულ პრობლემასაც ეხება და განსაზღვრავს, რომ ელექტრონული ფორმით განცხადებას წარადგენენ მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით (www.hr.gov.ge), ხოლო არაელექტრონული ფორმით – საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 

 საჯარო სამსახურის ბიუროს (www.csb.gov.ge) მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე, საქართველოს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული ნებისმიერი ვაკანსია, სავალდებულო წესით ქვეყნდება. მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად, ამავე ვებგვერდის მეშვეობით, გააკეთონ განაცხადი ერთ ან რამდენიმე სასურველ ვაკანსიაზე. ელექტრონული ფორმით გაკეთებულ განაცხადსა და ქაღალდზე გაკეთებულ განაცხადს თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ. 

კომენტარები